დავითგარეჯის საქმე

სამოქალაქო აქტივისტები 27 ნოემბერს მელაშვილისა და ილიჩოვას მხარდამჭერ აქციას გამართავენ

სამოქალაქო აქტივისტები, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან ერთად, 27 ნოემბერს, 17:00 საათზე საგარეო საქმეთა სამინისტროსთან აქციას გამართავენ. აქცია საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაცია-დელიმიტაციის კომისიის ყოფილი წევრების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მხარდასაჭერად იმართება, რომლებიც ამჟამად დაპატიმრებულები არიან. 

"საპარლამენტო არჩევნების წინ საკუთარი პროპაგანდისტული კამპანიის წარმოებისთვის ქართულმა ოცნებამ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავა. საგარეო საქმეთა სამინისტრო, სადაც კარტოგრაფები მუშაობდნენ, ადვოკატებს მნიშვნელოვანი დოკუმენტაციის გაცნობის საშუალებას არ აძლევს, რაც ამორალობის ახალი საფეხურია ქართული ოცნების პირობებშიც კი. 

დოკუმენტაციის გაცნობაზე უარი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ გამოძიება ფორმალობაა და რეალურად ხელისუფლებამ ორი ადამიანი გაწირა საკუთარი პოლიტიკური ძალაუფლების შენარჩუნებისთვის". – წერია აქტივისტების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

პარალელურად ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის უფლებადამცველები მოქალაქეებს მოუწოდებენ, სურვილის შემთხვევაში, თავდებად დაუდგნენ კომისიის დაპატიმრებულ წევრებს. 

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის კომისიის ყოფილი უფროსი, ივერი მელაშვილი და წევრი ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, მათ ბრალად უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება ედებათ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ილიჩოვასა და მელაშვილს 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებიდან სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა საქართველოს სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.

პროკურატურა დაკავებულებს ედავება "რელევანტური დოკუმენტაციის იგნორირებას". ლაპარაკია 1937-38 წლების ტოპოგრაფიულ რუკაზე, რომელსაც, პროკურატურის მიხედვით, ბრალდებულები კომისიის წევრებს უმალავდნენ, რათა ის არ გამოეყენებინათ საზღვრების დელიმიტაციის პროცესში.

დაკავებამდე ორი დღით ადრე ივერი მელაშვილი TV ფორმულას ეთერში განმარტავდა, რომ ამ რუკის აზერბაიჯანული მხარისთვის წარდგენა საქართველოს სახელმწიფოს უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენებს. ის ამბობდა, რომ რუკა, რომელზე დაყრდნობითაც საქართველოს პროკურატურამ საქმე ააგო, კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს.

წაიკითხეთ ამავე თემაზე:

კომენტარები