კორონავირუსი საქართველოში

"ეკონომიკა ვერ გაუძლებს" – რას ამბობდნენ მთავრობა და ეპიდემიოლოგები მკაცრ შეზღუდვებზე

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობა ახალ შეზღუდვებს ლოკდაუნს არ ეძახის და წერტილოვნად მოიხსენიებს, ფაქტია, რომ სავაჭრო დაწესებულებების საქმიანობის თითქმის 2 თვით შეჩერება დიდად არ განსხვავდება გაზაფხულზე დაწესებული "ფაქტობრივად სრული კარანტინისგან". 28 ნოემბრიდან სავაჭრო ცენტრები, რესტორნები, კვების ობიექტები დახურული და ღია ტიპის ბაზრები, ფიტნესდარბაზები, საცურაო აუზები საქმიანობას რამდენიმე კვირით წყვეტენ. ზამთრის კურორტებზე 31 იანვრამდე არ იფუნქციონირებენ სათხილამურო ტრასები და საბაგიროები, სასტუმროების მუშაობა დასაშვები იქნება მხოლოდ საკარანტინო სივრცეების მოსაწყობად.

ასევე, კომენდანტის საათი 21:00-დან დაიწყება, ხოლო დიდ ქალაქებში (თბილისი, ზუგდიდი, თელავი, ბათუმი, ქუთაისს, რუსთავი, გორი, ფოთი) მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა ჩერდება. უნივერსიტეტები და სკოლები (სამედიცინოს გარდა) სრულად დისტანციურ მუშაობაზე გადადიან, სააღმზრდელო პროცესს წყვეტენ კერძო საბავშვო ბაღებიც.

პრემიერმინისტრი გიორგი გახარია ამბობს, რომ ახალი შეზღუდვები ის კომპრომისია, რომელიც "მინიმალურ შესაძლო ზიანს მიაყენებს ეკონომიკას, მაგრამ ორი თვის განმავლობაში უნდა მოგვცეს მაქსიმალური ეპიდემიოლოგიური შედეგი". თუმცა, თვეების მანძილზე საქართველოს მთავრობის წევრებიც და ეპიდემიოლოგებიც ერთხმად იმეორებდნენ, რომ ხელმეორე მკაცრ შეზღუდვებს საქართველოს ეკონომიკა ვერ გაუძლებს.

"დღეს, როდესაც მთელი მსოფლიო თანხმდება, რომ ვირუსთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური საშუალება პირბადეა, რომელიც 90%-ზე მეტად ამცირებს დაინფიცირების ალბათობას, რა თქმა უნდა, ჩვენ მსგავს ლოკდაუნს უკვე აღარ გამოვაცხადებთ, ამის აუცილებლობა არ არსებობს და ქვეყნის ეკონომიკა უბრალოდ ამას ვერ გაუძლებს" - აცხადებდა პრემიერმინისტრი გიორგი გახარია 19 სექტემბერს

"მეორე ტალღა, რომელსაც ვარაუდობდნენ მთელი მსოფლიოს ეპიდემიოლოგები, საქართველოში უკვე დაწყებულია, ამას რამდენიმე მიზეზი გააჩნია, მაგრამ მთავარი არის ის, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რომ პირველივე დღიდან ეპიდემიოლოგიური ვითარება აგვეყვანა კონტროლზე. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ კვლავ დიდი, შემზღუდავი და მკაცრი ზომები არ გახდეს საჭირო, როგორც ეს უკვე ერთხელ გავიარეთ, ამას, ესეთ დარტყმას ჩვენი ეკონომიკა მეორედ ვერ გაუძლებს"ამბობდა ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა 10 სექტემბერს.

"დიდი ალბათობით, არავითარი მკაცრი შეზღუდვები ქვეყანაში არ იქნება, ეს არის არამარტო ჩვენი, არამედ საერთაშორისო პოლიტიკაც. მოგეხსენებათ, რომ მდგომარეობა ბევრგან არის გაუარესებული, მაგრამ ქვეყნები ვერ გაჩერდებიან, ეკონომიკა ვერ გაჩერდება, ამიტომ უნდა იყოს სწორი ბალანსი - თქვა ამირან გამყრელმიძე 2 სექტემბერს.

"ეკონომიკის გაჩერების და მკაცრი შეზღუდვების დაწესების რესურსი ამ მხრივ არ არსებობს, ამაზე თამამად ვსაუბრობთ და არაფერი გასაკვირი არ არის. ვეღარ ჩაიკეტება ეკონომიკა, ეს ყველაფერი დააზარალებს პირველ რიგში ჩვენს მოქალაქეებს, ამიტომ, იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს, თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გამოიჩინოს ძალიან მაღალი პასუხისმგებლობა - განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილმა უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა 22 სექტემბერს.

"ჩვენ არ შეგვიძლია უბრალოდ ახლა, რომ ქვეყანაში ლოკდაუნი გამოცხადდეს, ჩვენი ეკონომიკა ამას ვერ გაუძლებს, მაგრამ წერტილოვანი შეზღუდვები უნდა გაფართოვდეს, ამაზე ყველა ვთანხმდებით" - აღნიშნა პაატა იმნაძემ 17 ნოემბერს.

"იმის გამო, რომ ძალიან ბევრი ფაქტორი, როგორც ეკონომიკური განვითარების, ასევე, ჩვენი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის, არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოვაცხადოთ სისტემური ლოკდაუნი, რომელიც გულისხმობს, თუნდაც სახლიდან გამოსვლის შეზღუდვას ან საქმიანობის შეზღუდვას და ა.შ" - თქვა ვიცეპრემიერმა მაია ცქიტიშვილმა 23 ნოემბერს.

ახალი შეზღუდვები 28 ნოემბრიდან ამოქმედდება და 16 იანვრამდე გაგრძელდება. ამის შემდეგ, ორი კვირის განმავლობაში, შეზღუდვები შაბათ-კვირას იმოქმედებს.

კომენტარები