კორონავირუსი საქართველოში

დოჭვირი: შეზღუდვები შედგენილია ფართო კონსულტაციებით და ყველას ინტერესის გათვალისწინებით

"ცვლილებები მიღებულია ფართო კონსულტაციების შედეგად, ანუ ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ, გაგვეთვალისწინებინა ყველა დაინტერესებული მხარის მოსაზრება და ინტერესი". - თქვა მთავრობის ადმინისტრაციის საპარლამენტო მდივანმა, ბექა დოჭვირმა. 

მისივე თქმით, ორთვიანი გეგმის შემუშავებისას გათვალისწინებულია, როგორც ეპიდემიოლოგებისა და ბიზნესსუბიექტების მოსაზრებები, ისე სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილების ანალიზი. 

"როგორც თქვენთვის ცნობილია, დღეს, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო და დაამტკიცა ორთვიანი სამოქმედო გეგმა. დღესვე, გვიან ღამით, უკვე ხელმისაწვდომი იქნება მთავრობის დადგენილებაც, რომელშიც ასახული იქნება ეს შეზღუდვები და ცვლილებები, შესაბამისად, ყველა დაინტერესებულ მხარეს საშუალება ექნება, გაეცნოს აღნიშნულ შეზღუდვებს.

გეგმის შედგენისას გათვალისწინებული იყო ეპიდემიოლოგების მოსაზრებები, სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილების ანალიზი და ბიზნესსუბიექტების მოსაზრებები, თუ რა სახის შეზღუდვები შეიძლებოდა ყოფილიყო მიღებული და როგორ უნდა გვემოქმედა ამ ორი თვის განმავლობაში". - თქვა დოჭვირმა. 

26 ნოემბერს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ წარადგინა ახალ კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს 2-თვიანი გეგმა, რომელიც მომდევნო თვეების განმავლობაში ზღუდავს, როგორც გადაადგილების, ისე მთელ რიგ ეკონომიკურ საქმიანობებს. 

ვრცლად, თუ რა დამატებითი შეზღუდვები წესდება 28 ნოემბრიდან, ნახეთ აქ

კომენტარები