კორონავირუსი საქართველოში

კალოიანი: შეზღუდვების მოხსნას თავისი კრიტერიუმები აქვს, შობას ან ახალ წელს არ ითვალისწინებს

1TV.GE

"შემაკავებელი ღონისძიების როგორც გამკაცრებას, ისე მის მოშვებას, თავისი კრიტერიუმები აქვს და არ ითვალისწინებს შობას, ახალ წელს, 8 მარტს ან ქართული ოცნების დაბადების დღეს". - ევროპული საქართველოს წევრი, ანესთეზიოლოგი და კრიტიკული მედიცინის ასოციაციის დამფუძნებელი, ექიმი ვახტანგ კალოიანი ეხმაურება მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები საახალწლო პერიოდში დროებით მოიხსნება. 

"ჩემთვის გაუგებარია შეზღუდვების მოხსნის თარიღებზე მორგება. ყველას გვინდა, ახალი წლის შეხვედრა, ოღონდ არ გვინდა ბევრი გარდაცვლილი და ინფიცირებული პაციენტი. როგორც ღონისძიების გამკაცრებას, ისე მოშვებას ცალსახა კრიტერიუმები აქვს, რომელსაც უნდა მისდიოს ხელისუფლებამ". - თქვა კალოიანმა Palitranews-ის ეთერში. 

მისივე თქმით, ეპიდემიოლოგიური სამსახურისა და ჰოსპიტალური სექტორის ცუდი ორგანიზების გამო, მკაცრი შემზღუდავი ღონისძიებები ერთადერთ გამოსავლად დარჩა. 

„ეს შეზღუდვები საკმაოდ მძაფრი და ძლიერია. რაც შეეხება შეზღუდვების მიზანშეწონილობას, სამწუხაროდ, როგორც ეპიდემიოლოგიური სამსახურის, ისე ჰოსპიტალური სექტორის ცუდი ორგანიზების გამო, ლოკდაუნი ერთადერთი გამოსავალი დარჩა. რეალურად იძულებითი ზომაა, არაორგანიზებულობის გამო, უარეს და ცუდს შორის მოგვიწია არჩევანის გაკეთება.

ამას გარკვეული შემაკავებელი ეფექტი ექნება, თუმცა, რაც ყველაზე მეტად მაშინებს, არის ის, რომ არ ჩანს ხანგრძლივი გეგმა, როგორ ვიქცევით ეპიდემიოლოგიური და კლინიკური თვალსაზრისით ამ ლოკდაუნის დროს, როგორ ვემზადებით მისი გახსნისთვის". - ამბობს კალოიანი. 

26 ნოემბერს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ წარადგინა ახალ კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს 2-თვიანი გეგმა, რომელიც მომდევნო თვეების განმავლობაში ზღუდავს, როგორც გადაადგილების, ისე მთელ რიგ ეკონომიკურ საქმიანობებს. 

რა შეზღუდვები წესდება საქართველოში – სრულად

რა შეზღუდვები მოიხსნება 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით

კომენტარები