კორონავირუსი საქართველოში

მერია: მეტრო მემაქანეების ინფიცირების გამო არ შეჩერებულა, საკოორდინაციო საბჭომ გადაწყვიტა

თბილისის მერიის განცხადებით, 28 ნოემბრიდან მეტროს მუშაობის შეჩერების გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო და მას მემანქანეების ინფიცირების ფაქტთან კავშირი არ აქვს. 

მათივე ცნობით, საჭიროების შემთხვევაში, თბილისის მერია მეტროს მემანქანეებს ბელარუსიდან ჩამოიყვანს, რომელთანაც მუნიციპალიტეტს ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება აქვს გაფორმებული. 

"გვინდა, საზოგადოებას კიდევ ერთხელ განვუმარტოთ, რომ მუნიციპალური ტრანსპორტის შეჩერების გადაწყვეტილებას, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო იღებს. შესაბამისად, რიგი მედიასაშუალებების მიერ, მისი დაკავშირება მეტროს რამდენიმე მემანქანის
ინფიცირების ფაქტთან, დეზინფორმაცია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა.


ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მეტროს თანამშრომლების ინფიცირება არ გამხდარა მეტროპოლიტენის მუშაობის შეჩერების მიზეზი. საჭიროების შემთხვევაში, თბილისის მერია მეტროს მემანქანეებს ბელარუსიდან ჩამოიყვანს, რომელთანაც მუნიციპალიტეტს ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება აქვს გაფორმებული. თბილისის მეტრო არსებული შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, გამართულად იმუშავებს და დედაქალაქის მოსახლეობას მოემსახურება". - ამბობენ მერიაში. 


გუშინ, 25 ნოემბერს, დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ამტკიცებდა, რომ მეტრო მუშაობას არ გააჩერებს და შეუფერხებლად მოემსახურება მგზავრებს, დღეს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულებისას, პრემიერმა თქვა, რომ 28 ნოემბრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი აჩერებს მუშაობას, მათ შორისაა მეტროც.

მთელი ქვეყნის მასშტაბით დაწესებული შეზღუდვები 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით შემსუბუქდება, რომლის დროსაც თბილისის მეტრო და ავტობუსები 21:00 საათამდე იმუშავებენ. 3 იანვრიდან 16 იანვრამდე, ორივე სახის ტრანსპორტით მგზავრთა მომსახურება კვლავ შეჩერდება. 16 იანვრიდან 31 იანვრამდე კი, თბილისის მეტრო და მუნიციპალური ავტობუსები შაბათ-კვირის გამოკლებით მუშაობას განაახლებენ.

თუ რა დამატებითი შეზღუდვები წესდება 28 ნოემბრიდან, ვრცლად ნახეთ აქ.

კომენტარები