ფეხბურთი

"კურთხეული და წყეული" დიეგო მარადონას აღზევება და დაცემა – ცხოვრება ფოტოებში

25 ნოემბერს ბუენოს-აირესში 60 წლის ასაკში გარდაიცვალა დიეგო მარადონა – ბევრისთვის ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესოდ მიჩნეული და ნამდვილად ბოლო ათწლეულების ერთ-ერთი ყველაზე დიდი ვარკვლავი. 

სამშობლოში, სადაც მარადონას პირველობას კითხვის ნიშანი საერთოდ არ დაესმის, არამხოლოდ ფეხბურთში, არამედ ზოგადადაც, სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.

"დიეგო იყო არგენტინა მთელი მსოფლიოსთვის, დიეგომ გვაჩუქა სიხარული და ბედნიერება, რომლის საფასურსაც ჩვენ მას ვერ გადავუხდით". – თქვა ქვეყნის პრეზიდენტმა, ალბერტო ფერნანდესმა. 

თავისი გარდაცვლებით მარადონა კიდევ ერთხელ საყოველთაო ყურადღებისა და განხილვის ეპიცენტრში აღმოჩნდა. 

დიეგო მარადონა ოჯახთან ერთად 1978 წელი
ფოტო: Mandatory Credit: Allsport UK /Allsport

დიეგო მარადონა ბუენოს-აირესის ერთ-ერთ ყველაზე ღარიბ უბანში, ვილა ფიორიტოში მუშის ოჯახში დაიბადა. დიეგოს ფეხბურთის ბურთი 3 წლის ასაკში აჩუქეს, რის შემდეგაც ფეხბურთი ჯერ საყვარელი გასართობი, ხოლო მოგვიანებით ნამდვილი ობსესია გახდა. მოზარდი მარადონა ბუენოს-აირესის ყველაზე დიდი კლუბის, ბოკა ხუნიორსის თამაშებზე შესვენების დროს მოედანზე გამოდიოდა და თავისი უნარებით მაყურებლებს ართობდა. ჟურნალისტის კითხვაზე, ვინ იყო მისთვის მისაბაძი ფეხბურთელი, 14 წლის მარადონამ ბრაზილიელი რიველინო და მანჩერტერ იუნაიტედის თავდამსხმელი, ჯორჯ ბესტი დაასახელა. 

16 წლის მარადონა მატჩის წინა ვარჯიშზე. 1 წლით ადრე, არგენტინოს ხუნიორსის შემადგენლობაში მარადონას საკლუბო დებიუტი შედგა, აქედან რამდენიმე თვეში კი მარადონამ პირველად მოირგო ნაციონალური ნაკრების მაისური
ფოტო: AFP/Getty Images

1978 წელს 17 წლის დიეგო მარადონა უკვე ეროვნული ნაკრების წევრია, თუმცა მთავარმა მწვერთნელმა, ლუის სეზარ მენოტიმ მარადონა არგენტინაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე არ ათამაშა. მოგვიანებით მარადონა ამბობდა, რომ საშინაო ჩემპიონატის გამოტოვება მის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმედგაცრუება და გამოცდა იყო. 

19 წლის დიეგო მარადონა არგენტინის ნაკრებთან ერთად ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატში გამარჯვებას ზეიმობს

საშინაო მსოფლიო ჩემპიონატის გამოტოვება დიეგო მარადონამ ერთი წლის დაგვიანებით, იაპონიაში გამართულ ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე ბწრყინვალე თამაშით აინაზღაურა. თანაგუნდელებთან ერთად დიეგო პირველად გახდა მსოფლიო ჩემპიონი. 

მარადონა გულშემატკვირების გარემოცვაში, ბოკა ხუნიორსის ბომბონერას სტადიონზე ბოკა ხუნიორსის ჩემპიონობას აღნიშნავენ
ფოტო: AFP/Getty Images

სანაკრებო წარმატებას მალევე საკლუბო წარმატებაც მოყვა. 21 წლის ასაკში მარადონა არგენტინაში ყველაზე სახალხო კლუბის, ბოკა ხუნიორსის შემადგენლობაში ქვეყნის ჩემპიონი გახდა. ამ დროისთვის მარადონა არამხოლოდ არგენტინის, არამედ მსოფლიო ფეხბურთის ყველაზე დიდ ამომავალ ვარსკვლავად მიიჩნევა. 

მარადონა თავის საფირმო 10-ნომრიანი მაისურით 6 ბელგიელი მცველის გარემოცვაში, 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატი, ესპანეთი

დიეგო მარადონამ ბავშვობის ოცნების ახდენა 1982 წელს შეძლო, როდესაც მან ეროვნულ ნაკრებში მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშა. დიდი მოლოდინის მიუხედავად, მსოფლიო ჩემპიონატი მარადონასა და არგენტინელებისთვის დიდი იმედგაცრუებით დასრულდა. მოქმედმა მსოფლიო ჩემპიონებმა ჯგუფური ეტაპი ვერ გადალახეს და პრინციპულ მოწინააღმდეგესთან, ბრაზილიის ნაკრებთან, მარცხის შემდეგ ტურნირს გამოეთიშნენ. 

მარადონა ბარსელონას შემადგენლობაში მანჩესტერ იუნატედის წინააღმდეგ, 1984 წელი ევროპის თასების მფლობელთა თასი
ფოტო: Colorsport/Shutterstock

მსოფლიო ჩემპიონატზე ნაკრების წარუმატებლობის მიუხედავად, მარადონას თამაში დასამახსოვრებელი იყო. ჩემპიონატის დასრულებიდან მალევე, დიეგო მარადონა ბოკა ხუნიორსიდან კატალონიის ბარსელონაში გადავიდა. ესპანურმა კლუბმა ახალგაზრდა ვარსკვლავში იმ დროისთვის რეკორდული, თითქმის $8 მილიონი გადაიხადა, რის შედეგადაც, მარადონა იმ დროისთვის სპორტის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელი გახდა. 

დიეგო მარადონას უკანასკნელი მატჩი ბარსელონას შემადგენლობაში. ესპანეთის მეფის თასის ფინალში ბარსელონა ატლეტიკ ბილბაოს დაუპირსპირდა, მატჩი მოწინააღმდეგეებს შორის ფიზიკური დაპირისპირებით დასრულდა

ბარსელონაში დიეგო მარადონამ სულ 2 სეზონი გაატარა, რომლის განმავლობაშიც კლუბმა ესპანეთის მეფისა და სუპერ თასი მოიგო. მარადონამ კლუბის მაისურით სულ 75 მატჩი ჩაატარა და 47 გოლი გაიტანა. ბარსელონაში ყოფნის პერიოდი მარადონასთვის უიღბლო აღმოჩნდა. მას ხშირად აწუხებდა ტრავმები და მათ შორის მოტეხილობაც. ამას ემატებოდა ფეხბურთელისთვის არაკომფორტული გარემო. საბოლოოდ, მარადონას მოღვაწეობა ბარსელონაში ესპანეთის მეფის თასის ფინალით დასრულდა.

მატჩში ბარსელონა ატლეტიკ ბილბაოს დაუპირისპირდა და ანგარიშით 0-1 დამარცხდა კიდეც. თუმცა მატჩის შედეგზე მეტად მაყურებელს საფინალო სასტვენის შემდეგ მომხდარი დაამახსოვრდა. მთელი მატჩის განმავლობაში უხეში თამაშით შეწუხებულმა მარადონამ, მოწინააღმდეგის შეურაცხმყოფელ რეპლიკას წიხლით უპასუხა, რაც დიდ გუნდებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. მატჩს 100 000 მაყურებელი ესწრებოდა, სანახაობას ტრიბუნიდან ადევნებდა თვალს ქვეყნის მეფეც, ხუან კარლოსი.

დიეგო მარადონა ნეაპოლის, სან პაოლოს მოედანზე წარდგენის დღეს

ბარსელონას შემდეგ დიეგო მარადონა იტალიურ ნეაპოლიში გადავიდა. "ევროპის ყველაზე ღარიბი ქალაქი მსოფლიოში უძვირეს ფეხბურთელს ყიდულობს" – სწორედ ამ სათაურით გამოვიდნენ სპორტული და არამხოლოდ სპორტული გაზეთები ტრანსფერის გაფორმების შემდეგ. სამხრეთ იტალიურმა გუნდმა მარადონა იმ დროისთვის რეკორდულ $10.4 მილიონად შეიძინა, რაც მაშინ პრაქტიკულად წარმოუდგენელ თანხა იყო. 

როგორც მომდევნო წლებში გაირკვა, მარადონაში გადახდილი 10 მილიონი დოლარი 100%-ით გამართლებული იყო. მარადონა არგენტინასთან ერთად ამ ქალაქის სიმბოლოდაც იქცა და 1990 წლამდე ნეაპოლელები მისით არგენტილებივით ამაყობდნენ. 

მარადონა იუვენტუსის წინააღმდეგ, 1986 წლის ივნისი
ფოტო: Alessandro Sabattini/Getty Images

ნეაპოლში ყოფნის პირველი წლები მარადონასთვის რთული აღმოჩნდა. კლუბს არ ჰქონდა დიდი გამარჯვებების გამოცდილება, ხოლო იტალიის სერია A ამ დროს მსოფლიოს უძლიერეს ჩემპიონატად მიიჩნეოდა, რომელშიც მაშინდელი უდიდესი ფეხბურთელები თამაშობდნენ. მათ შორის იყო მიშელ პლატინის იუვენტუსი და სამი ჰოლანდიელი შემტევით დაკომპლექტებული მილანი

მარადონას ცნობილი გოლი ინგლისის ნაკრების კარში, რომელიც ღმერთის ხელის სახელით გახდა ცნობილი. 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალი, მეხიკო აცტეკას სტადიონი
ფოტო: Bongarts/Getty Images

1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მარადონას ნამდვილ ბენეფისად იქცა. სწორედ მექსიკის მსოფლიო ჩემპიონატი იყო საუკეთესო ტურნირი მარადონას ისტორიაში. 1986 წლის 22 ივნისს მთელი მსოფლიოს ყურადღება მეხიკოში აცტეკას სტადიონისკენ იყო მიმართული. მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში არგენტინა ინგლისს დაუპირისპირდა. ამ მატჩს ოთხი წლით ადრე განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე უკიდურესად დიდი სიმბოლური დატვირთვა და მნიშვნელობა ჰქონდა ორივე ქვეყნისთვის. 

1982 წელს არგენტინაში მორიგი სამხედრო გადატრიალების შემდეგ, ხელისუფლებაში მოსულმა სამხედრო ხუნტამ ფოლკლენდის [მალვინები არგენტინელებისთვის] კუნძულების შემოერთება გადაწყვიტა. ხუნტის ავანტიურა ქვეყანას დამამცირებელ დამარცხებად დაუჯდა, გაერთიანებული სამეფოს მაშინდელი პრემიერის, მარგარეტ ტეტჩერის ბრძანებით, ბრიტანულმა არმიამ მალევე დაამყარა კონტროლი კუნძულებზე. მომხდარი არგენტინელებისთვის ეროვნულ ტრავმად იქცა, შესაბამისად, მსოფლიო ჩემპიონატზე ინგლისის დამარცხება ქვეყნის ღირსების საქმედ მიიჩნეოდა. 

მანამდე უგოლო მატჩში ანგარიში დიეგო მარადონამ ხელით გატანილი გოლით გახსნა. მსაჯმა ხელით თამაში ვერ შენიშნა, მარადონამ გოლის აღნიშვნა გააგრძელა და, შესაბამისად, გოლიც ჩაითვალა. მატჩის შემდეგ მარადონამ თქვა, რომ გოლი ღმერთის ხელით გავიდა. მან არ დამალა, რომ ეს გოლი ნაწილობრივ შურისძიება იყო 1982 წლის ომში მარცხის გამო. 

დიეგო მარადონა ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ, 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატი
ფოტო: Staff/AFP/Getty Images

"ღმერთის ხელით" გატანილი გოლიდან რამდენიმე წუთში მარადონამ კიდევ უფრო გასაოცარი გოლი გაიტანა, როდესაც მოედნის ცენტრში ბურთი მიიღო და გზად 5 მცველი და ბოლოს მეკარე პიტერ შილტონიც უკან ჩამოიტოვა და ინგლისელების კარი მეორედ აიღო. ეს გოლი მოგვიანებით საუკუნის გოლადაც აღიარეს, თუმცა, მასობრივ ცნობიერებაში უფრო მეტად ღმერთის ხელი დარჩა. 

მარადონა აღნიშნავს მსოფლიო ჩემპიონობას

ინგლისის გარდა მსოფლიო ჩემპიონატზე განსაკუთრებით დასამახსოვრებელი მარადონას მიერ ბელგიასთან ჩატარებული ნახევარფინალის მატჩიც. გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ მექსიკაში ჩატარებული ჩემპიონატი ერთი კაცის სანახაობად იქცა. ამასვე ადასტურებს სტატისტიკური მაჩვენებლებიც – მარადონამ ტურნირზე ჩატარებულ 7 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა, რაც მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში დღემდე საუკეთესო მაჩვენებელია. 

მარადონა იტალიის ჩემპიონობას აღნიშნავს, 1987 წელი ქალაქი ნეაპოლი
ფოტო: Alamy

კლუბში გადასვლიდან 3 წლის შემდეგ, მარადონას ფენომენალური თამაშის წყალობით, ნეაპოლი პირველად გახდა იტალიის ჩემპიონი. ეს გამარჯვება გამორჩეული იყო იმითაც, რომ ნეაპოლი პირველი სამხრეთული კლუბი გახდა, რომელმაც სკუდეტო მოიგო. ამას სხვა ყველაფერთან ერთად გარკვეული პოლიტიკური მნიშნველობაც ჰქონდა. იტალიის სამხრეთისა და ჩრდილოეთის პოლიტიკურ და კულტურულ დაპირისპირებაში ეს სამხრეთის პირველი გამარჯვება იყო, ხოლო მარადონა კი ამ გამარჯვების ერთპიროვნული შემოქმედი. 

დიეგო მარადონასა და კლაუდია ვილაფანეს საქორწინო ცერემონია 1989 წელი

სპორტულ წარმატებასთან ერთად, ნეაპოლში ცხოვრების წლები მარადონას ცხოვრებაში ყველაზე კარგი წლებია, ბევრი სირთულის მიუხედავად. სწორედ ამ პერიოდში იქორწინა მარადონამ თავის ბავშვობის სიყვარულზე, კლაუდია ვილაფანეზე და სწორედ ამ პერიოდში გაუჩნდა ქალიშვილები, დალმა და ჯანინა. 

დიეგო მარადონა ქალიშვილებთან დალმასა და ჯანინასთან ერთად 1989 წელი
ფოტო: Rino Petrosino/Mondadori/Getty Images

ნეაპოლში თამაშის წლებში მარადონა ორჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი და მოიგო უეფას თასი. იგი ქალაქის ნამდვილ გმირად იქცა, რომელსაც ყველა ნეაპოლელი აღმერთებდა. თუმცა, როგორც ბევრ სხვა ასპექტში, მარადონას ცხოვრება ამ მიმართულებითაც თავდაყირა დადგა. ნეაპოლისა და ნეაპოლებების დამოკიდებულებას მათ მიერ გაღმერთებულ მარადონასთან დიდი გამოცდა ელოდა. 

მარადონა აღნიშნავს იტალიის ნაკრების დამარცხებას ნახევარფინალში
ფოტო: Colorsport/Shutterstock

საქმე ის არის, რომ 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატი იტალიაში ტარდებოდა, ეს კი ნიშნავდა, რომ იყო შანსი, მარადონა იტალიის ნაკრებს დაპირისპირებოდა. მართლაც, ყველაფერი მარადონასა და ნეაპოლელებისთვის ყველაზე არასასურველი სცენარით განვითარდა. მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში არგენტინა იტალიას დაუპირისპირდა, მეტიც – მატჩი ნეაპოლის საშინაო სან პაოლოს სტადიონზე ჩატარდა. 

მატჩის წინ მარადონამ ნეაპოლელებს მოუწოდა არგენტინისთვის ეგულშემატკივრათ, რადგანაც სხვა იტალიელები მათ მუდმივად ამცირებდნენ და იტალიელებადაც კი არ მიიჩნევდნენ. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც სან პაოლის სტადიონი და მთელი ნეაპოლი მარადონას არ გულშემატკივრობდა – ეროვნული გრძნობები უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. იტალიასთან პენალტების სერიაში გამარჯვების შემდეგ, არგენტინის ნაკრები ფინალში გავიდა, სადაც გერმანიასთან მინიმალური სხვაობით დამარცხდა. 

გრაფიტი დიეგო მარადონას გამოსახულებით ნეაპოლი

მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ მარადონასა და კლუბს შორის ურთიერთობები საგრძნობლად გაფუჭდა. ასევე, ცნობილი გახდა მარადონას უკანონო შვილის შესახებ, რომელსაც ის არ სცნობდა. სწორედ ამ დროს დადასტურდა ჭორები მარადონას კოკაინზე დამოკიდებულების შესახებ. ყურადღების ცენტრში მოექცა მარადონასა და ადგილობრივი მაფიის, კამორას ბოსების მეგობრული ურთიერთოებებიც. 

საბოლოოდ მარადონას ნეაპოლიტანური კარიერა ჩაგდებული ნარკო-ტესტის გამო 15-თვიანი დისკვალიფიკაციითა და სევილიაში ტრანსფერით დასრულდა. გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ რეალურად მარადონას საკლუბო კარიერა სწორედ ამ დროს დასრულდა. 

მარადონა აღნიშნავს მიერ გატანილ გოლს საბერძნეთის ნაკრების კარში 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატი
ფოტო: Daniel Garcia/AFP/Getty Images

იტალიაში გამსკდარი სკანდალების ფონზე, მარადონას პირადი ცხოვრება სულ უფრო დიდ ყურადღების ცენტრში მოექცა. ნეაპოლიდან გადასვლის შემდეგ, მარადონასთვის საკლუბო კარიერა მეორეხარისხოვანი აღმოჩნდა. ამ წლებში კიდევ უფრო გართულდა მისი ნარკოტიკებზე დამოკიდებულებაც, ხოლო სპორტული დისციპლინა თითქმის სრულად მოიშალა. 

საბოლოოდ, მარადონამ 1994 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობის სურვილი მაინც გამოთქვა. საკმაოდ არასახარბიელო ფიზიკური ფორმის მიუხედავად, მარადონა ჩემპიონატზე მაინც წაიყვანეს. მარადონამ აქაც გაიბრწყინა, მაგრამ მხოლოდ ერთ ეპიზოდში. იგი მაყურებლებს საბერძნეთის კარში გატანილი ლამაზი გოლით და კიდევ უფრო არანორმალური აღნიშვნით დაამახსოვრდა. 

დიეგო მარადონა ხვდება მედიას მსოფლიო ჩემპიონატიდან მისი მოხსნის შემდეგ1994 წელი
ფოტო: Tim Sharp/AP

ნიგერიასთან გამარჯვების შემდეგ, ფიფას მოთხოვნით შემთხვევითად შერჩეულ ფეხბურთელებს შორის დიეგო მარადონაც მოხვდა. ნარკოტესტმა მარადონას სინჯებში აკრძალული ეფედრინი აღმოაჩინა და მარადონა მსოფლიო ჩემპიონატიდან მოიხსნა. მარადონა ფიფას ხელმძღვანელობას მის წინააღმდეგ შეთქმულებაში ადანაშაულებდა. არგენტინელი ფეხბურთელის გარეშე დარჩენილმა ნაკრებმა, რომელიც ვარსკვლავური შემადგენლობით გამოირჩეოდა, ტურნირზე წარმატებას ვერ მიაღწია. 

მარადონა პოლიციელების გარემოცვაში ტოვებს სასამართლოს, მას ბრალად ედება ჟურნალსტების წინააღმდეგ იარაღის გამოყენება 1994 წელი
ფოტო: Tim Sharp/AP

მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ მარადონას მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. ის სულ უფრო ხშირად ეხვეოდა სხვადასხვა სკანდალში. მათ შორის იყო 1994 წელს არგენტინის ქალაქ მერსედესში მომხდარი დაპირისპირებაც, რომლის დროსაც მარადონამ პაპარაცებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ პნევმატური იარაღი გამოიყენა. 

დიეგო მარადონა და კლაუდიო კანიჯა ბოკა ხუნიორსის შემადგენლობაში, პრინციპულ მოწინააღმდეგესთან რივერ პლეიტთან გამარჯვებას აღნიშნავენ
ფოტო: Telam/AP

დიეგო მარადონას სანაკრებო კარიერა 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატით დასრულდა, რაც შეეხება საკლუბო კარიერას – მარადონამ ის მისთვის ყველაზე საყვარელ კლუბში, ბოკა ხუნიორსში დაასრულა, სწორედ იქ, სადაც დაიწყო მისი საკლუბო კარიერა. მარადონამ ბოლო საკლუბო მატჩი ბოკას მაისურით 1997 წელს ჩაატარა. 

დიეგო მარადონა ჰავანას აკვატორიაში, 2000 წელი
ფოტო: Reuters File Photo/Reuters

სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ, დიეგო მარადონამ მთელი თავისი დრო გართობას დაუთმო, რის ნაკლებობას არც მანამდე განიცდიდა. საბოლოოდ, 1990-იანი წლების მეორე ნახევარში გაიზარდა მისი დამოკიდებულების ხარისხი კოკაინზე. დაავადებამ მძიმე ფორმები მიიღო და მარადონას ჯანმრთელობის მდგომარეობაც მკვეთრად გაუარესდა. სამკურნალოდ მარადონა კუბაზე, თავის მეგობარ ფიდელ კასტროსთან ჩავიდა. მათ მკვეთრად ანტი-ამერიკული განწყობები და ჩე გევარას სიყვარული აკავშირებდათ. კუბაზე მარადონამ რამდენიმე წელი გაატარა და ბიცეფსზე ამოტვიფრულ ჩე გევარასთან ერთად, ფეხზე ფიდელ კასტროს ტატუც გაიკეთა. 

დიეგო მარადონა მის მიერ გადაღებული ფილმის წარდგენაზე კანის კინოფესტივალი 2008 წლის მაისი
ფოტო: Eric Gaillard/Reuters

2000-იანი წლები დიეგო მარადონას ცხოვრებაში დიდი გაურკვევლობისა და სკანდალების წლებია. სწორედ ამ პერიოდში შორდება ის თავის ცოლს, უჩივის სასამართლოში ყოფილ მენეჯერს, ეჩხუბება ჟურნალისტებს, გადადის ერთი სარეაბილიტაციო დაწესებულებიდან მეორეში, აცხადებს, რომ "ის იყო, არის და ყოველთვის იქნება დამოკიდებული". სწორედ ამ პერიოდში იღებს ნახევრად დოკუმენტურ ფილმს მარადონას შესახებ სერბი, ემირ კუსტურიცა. 

ეს პერიოდი მარადონასთვის ეგზოტიკური ნაცნობობის, უცნაური გადაკვეთებისა და დაუსრულებელი სკანდალების წლებია, რის ფონზეც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა განუხრელად უარესდება. ამ წლებში მარადონამ გულის რამდენიშე შეტევა გადაიტანა, რამდენჯერმა გავრცელდა ხმები მისი გარდაცვალების შესახებაც. 

დიეგო მარადონა აღნიშნავს არგენტინის ნაკრების გამარჯვებას 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატი
ფოტო: Eddie Keogh/Reuters

სპორტულ სამყაროს მარადონა 2000-იანი წლების მიწურულს, უკვე არგენტინის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში დაუბრუნდა. უკიდურესად რთული საკვალიფიკაციო ეტაპის მიუხედავად, არგენტინის ნაკრები ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტად მიიჩნეოდა. მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ არგენტინის 10-ნომრიანი მაისური ამჯერად იმ ერთადერთ ფეხბურთელს ეცვა, რომელსაც ყველაზე ხშირად ადარებენ დიეგო მარადონას. ლიონელ მესისა და რამდენიმე კარგი მატჩის მიუხედავად, არგენტინის ნაკრები ტურნირს წარუმატებლად გამოეთიშა. 

გერმანიასთან მეოთხედფინალურ შეხვედრამდე გამართულ პრესკონფერენციაზე მარადონამ თქვა, რომ ამჯერად არგენტინელებს ღმერთის ხელი არ დასჭირდებათ, რადგანაც მათი გამარჯვება ღვთის ნებაა. გერმანელების ნება უფრო ძლიერი აღმოჩნდა და არგენტინის ნაკრები 4-0 გაანადგურეს. 

დიეგო მარადონა არგენტინის ნაკრების მატჩზე, 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი
ფოტო: Olga Maltseva/AFP/Getty Images

მსოფლიო ჩემპიონატებზე მარადონა უკვე მაყურებლის რანგში 2018 წელს დაბრუნდა. უნდა ითქვას, რომ მარადონა მაყურებლის რანგშიც იქცევდა ყურადღებას და სწორედ ასე შევიდა იგი ფეხბურთის ახალგაზრდა გულშემატკივრების მეხსიერებაში. მარადონას, რბილად რომ ვთქვათ, არაადეკვატური მდგომარეობა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ბევრჯერ გახდა საყოველთაო განხივისა და განსჯის ობიექტი. 

დიეგო მარადონა კლუბ გიმნასიას მაისურში, სადაც იგი სამწვრთნელო შტაბში მუშაობდა 2020 წლის იანვარი
ფოტო: Marcelo Endelli/Getty Images

ცხოვრების ბოლო წლებში მარადონა სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა პოსტზე, ძირითადად, სამწვრთნელო საქმიანობით იყო დაკავებული. მისი ბოლო სამუშაო ადგილი ადგილობრივი კლუბი, გიმნასია იყო. 

დიეგო მარადონას გრაფიტი, არგენტინა ქალაქი სან-ხუსტო 2020 წლის ოქტომბერი

დიეგო მარადონა 60 წლის ასაკში გარდაიცვალა და კაშკაშა ვარკვლავის გარდა უკიდურესად წინააღმდეგობრივი მემკვიდრეობა და რეპუტაცია დატოვა, რომელიც განსჯის საგანი კიდევ მრავალი წელი იქნება.

კომენტარები