კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით ინფიცირებული 976 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, აქედან 375 მართვით სუნთქვაზეა

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს განახლებული შენობა, სადაც Covid-პაციენტები ჰყავთ
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 976 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ამ პაციენტებიდან 375 მართვითი სუნთქვის აპარატებზეა შეერთებული. 

თბილისში 447 მძიმე პაციენტია, აჭარაში - 154, იმერეთში - 226. თბილისში ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 201 ადამიანია, აჭარაში - 49, იმერეთში კი - 45. 

დღეს, 27 ნოემბერს, საქართველოში დადასტურებული კორონავირუსის 4 780 ახალი შემთხვევიდან თბილისში 1 863 გამოვლინდა, აჭარაში – 664, იმერეთში – 648.  

27 ნოემბრის მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირების 123 470 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 102 270 გამოჯანმრთელდა, 1 161 კი გარდაიცვალა. საქართველოში COVID-19-ის 20 013 აქტიური შემთხვევაა.

მესამე თვეა, ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად იზრდება. ამ დროისთვის, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. მთელი ქვეყნის მასშტაბით რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ. პირბადის გაკეთება კი ღია სივრცეშიც სავალდებულო გახდა. ასევე, ქვეყნის დიდ ქალაქებში – თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება შეზღუდულია როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებებით.

ხვალიდან, 28 ნოემბრიდან, საქართველოში კომენდანტის საათი 22:00 საათის ნაცვლად 21:00 საათზე დაიწყება. ასევე, დიდ ქალაქებში მუშაობას აჩერებს მუნიციპალური ტრანსპორტი. არ იმუშავებს ღია და დახურული ბაზრობები. რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე გადავლენ. 28 ნოემბრიდან დაიკეტება ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. დამატებით რა შეზღუდვები წესდება ხვალიდან - სრულად წაიკითხეთ აქ.

კომენტარები