კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: მხოლოდ COVID-19-ისთვის სულ 8 500 საწოლის მობილიზება შეგვიძლია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში არსებული 12 000 კლინიკური საწოლიდან მხოლოდ კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებისთვის სახელმწიფოს 8 500 საწოლის გამოყოფა და მობილიზება შეუძლია. 

"ჩვენ გვაქვს 12 000 საწოლის რესურსი, 12 000 საწოლიდან ყველას COVID-ს ვერ დავუთმობთ, ვერ გავაქრობთ გადაუდებელ, ურგენტულ მდგომარეობებს. ვიცით, რომ ქვეყანაში შეჩერებულია გეგმური ოპერაციები, გეგმური დახმარება, რომელიც ითმენს და რამდენიმე თვით ეს შეჩერებულია. 

მხოლოდ COVID-ზე ორიენტირებული, როგორც მე ინფორმაცია მაქვს, დღეს არის  85-დან 90-მდე კლინიკა და მათი საწოლფონდი დღეს სულ 7000-ია, მაგრამ, როგორც ვიცი და სამინისტროსგან მაქვს ინფორმაცია, დაახლოებით რესურსი არის კიდევ 1500, ანუ მხოლოდ COVID-ისთვის 8500 საწოლის მობილიზება შეგვიძლია". – თქვა ამირან გამყრელიძემ რ2-ის ეთერში. 

27 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 37 ადამიანი გარდაიცვალა. დადასტურდა 4 780 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 3 489 პაციენტი.

ქვეყანაში ინფიცირების 123 470 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 102 270 გამოჯანმრთელდა, 1 161 კი გარდაიცვალა. საქართველოში COVID-19-ის 20 013 აქტიური შემთხვევაა.

რა შეზღუდვები წესდება 28 ნოემბრიდან საქართველოში – სრულად შეგიძლიათ იხილოთ აქ.

კომენტარები