ირანი

როუჰანი ირანის ბირთვული პროგრამის მთავარი სპეციალისტის მკვლელობაში ისრაელს ადანაშაულებს

ჰასან როუჰანი
Times of Israel

ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როუჰანიმ ისრაელი ირანელი მეცნიერის, ირანის ბირთვული პროგრამის მთავარი სპეციალისტის, მოჰსენ ფახრიზადეს მკვლელობაში დაადანაშაულა. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს ირანის სახელმწიფო ტელევიზია. 

"კიდევ ერთხელ, გლობალური ქედმაღლობის ბოროტი ხელები შეიღება დაქირავებული უზურპატორი სიონისტური რეჟიმის სისხლით. მოწამე ფახრიზადეს მკვლელობა აჩვენებს ჩვენი მტრების სასოწარკვეთას და მათი სიძულვილის სიღრმეს... მისი მოწამეობა არ შეანელებს ჩვენს მიღწევებს". - განაცხადა ჰასან როუჰანიმ.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯავად ზარიფი, ამბობს, რომ ფახრიზადეს მკვლელობაში ისრაელის კვალი იკვეთება.

სამხედრო საკითხებში ირანის სულიერი ლიდერის, აიათოლა ხამეინის, მრჩეველი, ჰუსეინ დეგანი, ფახრიზადეს მკვლელობაში ჩართულ პირებს საპასუხო ნაბიჯებით დაემუქრა - "ვანანებთ თავიანთ ქმედებებს".

მოჰსენ ფახრიზადე, რომელიც ირანის ბირთვული პროგრამის მთავარი სპეციალისტი იყო, მოკლეს 27 ნოემბერს ჩრდილოეთ ირანში, თეირანის მახლობლად.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფახრიზადეს თავს მაშინ დაესხნენ, როდესაც იგი პირად დაცვასთან ერთად გადაადგილდებოდა. ერთ-ერთი ვერსიით, ავტომობილი, რომლითაც იგი სარგებლობდა, დანაღმული იყო, ხოლო მანქანის აფეთქების შემდეგ ფახრიზადეს რამდენჯერმე ესროლეს.

მოჰსენ ფახრიზადე ირანის ბირთვული პროგრამის მთავარ სპეციალისტად მიიჩნეოდა, სწორედ ფახრიზადე პასუხობდა ატომური ენერგიის სააგენტოს შეკითხვებს, ირანთან ბირთვული შეთანხმების მომზადების პროცესში.

ფახრიზადე თავის საჯარო გამოსვლაში რამდენჯერმე ახსენა ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ, მათ შორის 2018 წელს, როდესაც ნეთანიაჰუმ ებრაული სპეცსამსახურების მიერ მოპოვებული ირანული ბირთვული პროგრამის საიდუმლო მასალების საერთაშორისო საზოგადოებას წარუდგინა. "ფახრიზადე - დაიმახსოვრეთ ეს სახელი!",- თქვა მაშინ ნეთანიაჰუმ.

საკითხთან დაკავშირებით კომენტარზე უარი თქვეს ისრაელის პრემიერის ოფისში, კომენტარებისგან თავს იკავებენ ჯერჯერობით პენტაგონშიც.

კომენტარები