კარასინი-აბაშიძის მოლაპარაკებების ფორმატი

ზურაბ აბაშიძე: რუსეთის მხარემ აღნიშნა, რომ საჭიროა, შეწყდეს რუსოფობიული გამოხტომები

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი, ზურაბ აბაშიძე ამბობს, რომ გრეგორი კარასინთან ონლაინ-მოლაპარაკებების გამართვის დროს, რუსულმა მხარებ აღნიშნა, რომ "საჭიროა, შეწყდეს რუსოფობიული გამოხტომები". 

ამის შესახებ ზურაბ აბაშიძემ მას შემდეგ ისაუბრა, რაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოლაპარაკებების შეხვედრის დეტალები გაასაჯაროვა, სადაც სხვა საკითხებთან ერთად ეწერა, რომ საუბარი იყო რუსეთსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენის შესახებ, რომელიც 2019 წლის 20 ივნისს ჩატარებული ანტისაოკუპაციო აქციის შემდეგ რუსეთის მხარის მიერ შეწყდა. 

ზურაბ აბაშიძე ადასტურებს, რომ ფრენების აღდგენაზე მოლაპარაკებების ფარგლებში საუბარი ნამდვილად იყო, თუმცა, როგორც თავად ამბობს, მან რუსულ მხარეს შეახსენა, რომ ფრენები მათი ინიციატივით შეწყდა და რაც შეეხება "რუსოფობიულ გამოხტომებს", უკვე წლებია, რაც არცერთ რუს ტურისტს ეს პრობლემა საქართველოში არ ჰქონია. 

აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების ფორმატის მორიგი შეხვედრა, ახალი კორონავირუსის გამო ონლაინ გაიმართა. მოლაპარაკებების შემდეგ გავრცელებულ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში წერია, რომ "დადასტურდა ორმხრივი შემართება 2019 წლის ზაფხულის ცნობილი ანტირუსული პროვოკაციის უარყოფითი შედეგების გადალახვისათვის".

თუმცა, ზურაბ აბაშიძე ამბობს, რომ შეხვედრაზე 2019 წლის მოვლენები ნახსენები არ ყოფილა და "ეს გახლავთ რუსეთის მხარის ინტერპრეტაცია".

კომენტარები