კორონავირუსი დიდ ბრიტანეთში

ლონდონში კარანტინის საწინააღმდეგო აქციაზე 155 ადამიანი დააპატიმრეს

Reuters

ლონდონში პოლიციამ COVID-19-თან დაკავშირებული შეზღუდვების საწინააღმდეგო საპროტესტო აქციაზე 155 ადამიანი დააკავა. დემონსტრანტების უმეტესობა პოლიციაზე თავდასხმისა და საკარანტინო შეზღუდვების დარღვევისთვის დააპატიმრეს.

კარანტინის მოწინააღმდეგეების აქციას ასევე შეუერთდნენ ვაქცინის მოწინააღმდეგეებიც. პოლიციის თანახმად, დემონსტრაციაში 300-400 ადმიანი მონაწილეობდა.

დიდ ბრიტანეთში ოთხკვირიანი კარანტინი ძალაში 5 ნოემბერს შევიდა და 2 დეკემბრამდე გაგრძელდება. მოსახლეობას სახლის დატოვება მხოლოდ რამდენიმე მიზნით შეუძლია, მათ შორის არის საგანმანათლებლო დაწესებულებაში ან სამსახურში წასვლა, ვარჯიში, პირველადი მოხმარების პროდუქტებისა და მედიკამენტების შეძენა. ისევე, როგორც გაზაფხულზე გამოცხადებული კარანტინის დროს, დაიხურა ბარები და რესტორნები, ასევე ის მაღაზიები, სადაც პირველადი მოხმარების პროდუქტები არ იყიდება. მუშაობდა მხოლოდ ადგილზე მიტანის სერვისი. განსხვავებით წინა კარანტინისაგან, არ დახურულა სკოლები და უნივერსიტეტები.

ბოლო მონაცემებით, დიდ ბრიტანეთში ვირუსი პანდემიის დაწყების შემდეგ 1 605 172 ადამიანს დაუდასტურდა. გარდაიცვალა 58 030 ადამიანი.

კომენტარები