ირანი

ირანელი პარლამენტარები მეცნიერის მკვლელობის გამო IAEA-სთან თანამშრომლობის შეწყვეტას ითხოვენ

ირანის ბირთვული პროგრამის წამყვანი მეცნიერის, "ირანის ბირთვული იარაღის მამად" წოდებული, მოჰსენ ფახრიზადეს მკვლელობის შემდეგ ირანის პარლამენტი ითხოვს, შეწყდეს საერთაშორისო დამკვირვებლების შეშვება ბირთვულ პროგრამაში ჩართულ დაწესებულებებში. განცხადებას ხელი პარლამენტის ყველა წევრმა მოაწერა. მასში ნათქვამია, რომ ირანელი მეცნიერი "სიონისტურმა რეჟიმმა" მოკლა და მათი გათამამება გამოიწვია ირანის მთავრობის წევრების დამაზიანებელმა აზროვნებამ, რომელთაც მიაჩნიათ, რომ დასავლეთთან უნდა ითანამშრომლონ და წინააღმდეგობა არ გაუწიონ მას.

მკვლელობაზე საპასუხო ზომებს შორის პარლამენტარები მოიაზრებენ "ირანის ბრწყინვალე ბირთვული იდუსტრიის აღორძინებასაც", ამისათვის კი, მათი აზრით, უნდა შეწყდეს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) პროტოკოლის შესრულება და მათი ინსპექტორების ქვეყანაში შეშვება.

ამჟამად განცხადება მოწოდებითი ხასიათისაა, თუმცა ირანელი კანონმდებლები გეგმავენ, შეიმუშაონ კანონპროექტი, რომელიც მთავრობას ამ ზომების გატარებას დაავალდებულებს.

ფახრიზადე თეირანის მახლობლად მოკლეს. შეიარაღებული თავდასხმის დროს მასთან ერთად მოკლეს მისი მცველიც. ფახრიზადეს ხვალ დაკრძალავენ, მანამდე კი ის ჯერ ქალაქ მაშჰადში, შემდეგ ქალაქ კომში, ბოლოს კი დედაქალაქ თეირანში იმამ ხომეინის მეჩეთში დაასვენეს.

ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ თქვა, რომ დამნაშავეები უნდა დაისაჯონ, ხოლო ფახრიზადეს მიერ დაწყებული სამეცნიერო მუშაობა უნდა გაგრძელდეს. მკვლელობაში ისრაელი დაადანაშაულეს ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ და ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯავად ზარიფმა.

The New York Times-ი ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ თავდასხმის უკან ისრაელი იდგა. ისრაელში ფახრიზადეს მკვლელობაზე კომენტარს არ აკეთებენ.

ფიზიკის პროფესორი, ირანის რევოლუციური გვარდიის ოფიცერი 2018 წელს ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ირანის ბირთვული იარაღის პროგრამის დირექტორად დაასახელა. ნეთანიაჰუმ გაამჟღავნა, რომ ისრაელმა თეირანის საწყობიდან ამოიღო ირანის მასალების არქივი, რომელშიც დეტალურადაა ასახული ბირთვული იარაღის პროგრამაც. მაშინ ნეთანიაჰუმ თქვა - "დაიმახსოვრეთ ეს სახელი, ფახრიზადე". მას 2008 წელს აშშ-მ ირანის ბირთვულ პროგრამაში ჩართულობის გამო სანქციები დაუწესა.

საერთაშორისო ატომური სააგენტოს ინსპექტორების დაშვება ირანის 2015 წლის ბირთვული შეთანხმების ნაწილი იყო. მას შემდეგ, რაც აშშ-მ შეთანხმება დატოვა და ირანს მოხსნილი სანქციები ხელახლა დაუწესა, ირანმა თანდათანობით შეთანხმების პუნქტების დარღვევა დაიწყო.

გასულ წელს ირანმა ბირთვული ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ინსპექტორს აკრედიტაცია გაუუქმა. მას ნატანზის ლაბორატორიაში, სადაც ურანის გამდიდრება ხდება, შესვლის უფლება არ მისცეს.

მანამდე ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ გამოაცხადა, რომ თეირანი ბირთვული შეთანხმების პირობებიდან გამოსვლას გააგრძელებდა და 6 ნოემბერს ფორდოს ბირთვულ ლაბორატორიაში 1,044 ცენტრიფუგაში ურანის გაზის შეყვანას დაიწყებდა, ირანის ბირთვული პროგრამის დირექტორმა კი თქვა, რომ IR-6 ცენტრიფუგების რაოდენობა გააორმაგეს. ამ ტიპის ცენტრიფუგებს ურანის ათჯერ უფრო სწრაფად გამდიდრება შეუძლია, ვიდრე IR-1 ტიპის ცენტრიფუგებს. ირანელი მეცნიერები, ასევე, მუშაობენ IR-9 ტიპის ცენტრიფუგებზე, რომლებიც, მათი თქმით, 50-ჯერ სწრაფად იმუშავებს.

ამჟამად ირანი ურანს 4.5%-მდე ამდიდრებს. შეთანხმებით კი ლიმიტი 3.67% იყო. ბირთვული იარაღის შესაქმნელად 90%-მდე გამდიდრებაა საჭირო, თუმცა 4.5%-მდე გამდიდრება ირანს საშუალებას აძლევს ბუშეჰირის ბირთვული რეაქტორი ამუშავოს.

ბირთვული ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ეჭვს გამოთქვამდა, რომ ორ ლოკაციაზე ბირთვულ პროგრამაზე მუშაობა მიმდინარეობდა და ირანს აკრიტიკებდა იმის გამო, რომ იქ მათ დამკვირვებლებს არ უშვებდნენ.

მიმდინარე წლის აგვისტოში ირანი ქვეყნაში ბირთვული ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორების შეშვებას დასთანხმდა, თუმცა ფახრიზადეს სიკვდილი და პარლამენტარების განცხადება შეთანხმების შესრულებას ეჭვქვეშ აყენებს.

კომენტარები