აბაშიძე-კარასინის შეხვედრა

კარასინი: ამჯერად არ გვიხსენებია ჩვენი პარლამენტარი გავრილოვი, თუმცა, გვახსოვს ეს ეპიზოდი

ტელეკომპანია იმედი რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრს, გრიგორი კარასინს დაუკავშირდა. მათ სატელეფონო ჩანაწერი გაავრცელეს. იმედის მიხედვით, კარასინმა თქვა, რომ ზურაბ აბაშიძესთან 27 ნოემბერს გამართულ შეხვედრაზე გავრილოვის საკითხი არ განუხილავთ:

"ამჯერად არ გვიხსენებია ჩვენი პარლამენტარი გავრილოვი და არც ის ეპიზოდი, რომელიც მოხდა. სხვა საკითხები იყო ძალიან ბევრი, თუმცა ჩვენ, ბუნებრივია, გვახსოვს ეს ეპიზოდი". - თქვა კარასინმა იმედის თარგმანის მიხედვით.

მან აბაშიძესთან განხილულ საკითხებს შორის ახსენა ჟენევაში დადგეგმილი მოლაპარაკებები:

"ემოციები, რომლებსაც სხვა ემოციებზე რეაქცია იწვევს ეს პოლიტიკოსებს ახასიათებთ და ჩვენ სწორედ ამ პოლიტიზებული მიდგომების წინააღმდეგები ვართ. ნაკლები ლაპარაკი, მეტი საქმე. 10-11 დეკემბერს ჟენევაში გაიმართება ფორუმი, რომელსაც ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები ჰქვია, რომლის ფარგლებშიც რეგიონში არსებულ ვითარებას, საქართველო-აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთს შორის ურთიერთობებს და მექანიზმებს განიხილავენ. ალბათ იქ იქნება საუბარი კორონავირუსთან ერთობლივად ბრძოლის ღონისძიებებზე."

აღსანიშნავია, რომ ჟენევის მოლაპარაკებების 51-ე რაუნდი 6-7 ოქტომბერს უნდა გამართულიყო, თუმცა გადაიდო იმის გამო, რომ მას რუსეთი არ ესწრებოდა.

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც, კარასინის თქმით, აბაშიძესთან ერთად განიხილა, კორონავირუსის პანდემიაა. მისივე თქმით, რუსეთი მზადაა, საქართველოს სურვილის შემთხვევაში რუსული ვაქცინა უწილადოს:

"ჩვენ დეტალურად არ განგვიხილავს კორონავირუსთან ბრძოლის საკითხი, უბრალოდ აღვნიშნეთ, რომ ამ დაავადებამ შეცვალა ცხოვრება რუსეთშიც და საქართველოშიც და ამის გამო დაზარალდა ჩვენი ორმხრივი კონტაქტებიც, ვაჭრობაც, ტურიზმიც, ჩვენ ყველანი დავზარალდით ვირუსისგან, მაგრამ, თუ საჭირო გახდება კორონავირუსის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის საკითხების განხილვა, ჩვენ მზად ვართ, ეს ყველა ფორმატში განვიხილოთ. ამას უკვე ვაკეთებთ საერთაშორისო ორგანიზაციების ფორმატში. ახლა ვასრულებთ მუშაობას ვაქცინაზე და, თუ იქნება ქართული მხარის ინტერესი, რა თქმა უნდა, მზად ვართ, ვაქცინაც გავუნაწილოთ. საამისო კონტაქტები ჩვენ გვაქვს. მედიკოსების და ვირუსთან ბრძოლის სტუქტურების ხაზით. ეს საკითხი ვახსენეთ მე და ბატონმა ზურაბმა, თუმცა ეს არ იყო ჩვენი მოლაპარაკებების მთავარი თემა. თუმცა, იყო იმ საკითხებში, რაც განვიხილეთ."

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ირწმუნება, რომ რუსეთში შექმნილი ორივე ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტიანია, თუმცა თავად მას ჯერ არ იკეთებს.

აბაშიძე-კარასინის ფორმატში გამართული ონლაინ შეხვედრის შესახებ ინფორმაცია 27 ნოემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. განცხადებაში ეწერა, რომ სხვა თემებთან ერთად განხილვის საგანი გახდა, თბილისში ე.წ. "გავრილოვის ღამის" მოვლენებიც.

"მხარეებმა გაცვალეს აზრები რიგი პრაქტიკული საკითხების შესახებ. დადასტურდა ორმხრივი განწყობა 2019 წელს მომხდარი ცნობილი ანტირუსული პროვოკაციის უარყოფითი შედეგების აღმოსაფხვრელად, რომელიც ქართველმა ნაციონალისტებმა მოაწყვეს. იმედი გვაქვს, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს რადიკალური წრეების მიერ აქტიურად გაჟღერებული რუსოფობიური რიტორიკა წარსულს ჩაბარდება. ხოლო საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური ძალები ამომრჩევლებისგან მიღებულ ნდობის მანდატს, ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესის გასაგრძელებლად გამოიყენებენ", - წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რაც შეეხება ფრენების აღდგენის საკითხს, როგორ МИД-ის განცხადებაშია ნათქვამი, ამის წინაპირობები კარგად არის ცნობილი და აუცილებელია "ანტირუსული გამოვლინებების შეწყვეტა და რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში არსებული საფრთხეების აღმოფხვრა."

განცხადებიდან, ასევე, ირკვევა, რომ რუსეთი კვლავ ღელავს თბილისში მდებარე ლუგარის ლაბორატორიის გამო. "ბატონმა კარასინმა კიდევ ერთხელ მიუთითა რუსული მხარის შფოთვაზე თბილისის მახლობლად მდებარე რიჩარდ ლუგარის სახელობის ჯანდაცვის ლაბორატორიის სამხედრო-ბიოლოგიური საქმიანობის შესახებ. კარასინმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ქართულ მხარეს, უზრუნველყოს ამ ლაბორატორიაში რუსი სპეციალისტების ვიზიტი."

მოგვიანებით განმარტება გააკეთა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერმინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ და თქვა, რომ შეხვედრაზე 2019 წლის ზაფხულის მოვლენებზე საუბარი საერთოდ არ ყოფილა. ზურაბ აბაშიძე ამას რუსული მხარის ინტერპრეტაციას უწოდებს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას გამოეხმაურა საქართველოს საგარეო უწყებაც და მოუწოდეს, თავი შეიკავონ მცდარი ინფორმაციის გავრცელებისგან.

კომენტარები