ეკონომიკა

მთავრობა: მაღაზიებს შეუძლიათ, გაყიდონ დახლებზე განლაგებული ნებისმიერი პროდუქცია

საქართველოს მთავრობა

დღეს, დილიდან სხვადასხვა პროფილის ქსელურმა მაღაზიებმა გარკვეული სახის პროდუქციის გაყიდვა შეაჩერეს. მათ შორის არის ოჯახური ქიმიის მაღაზია სუფთა სახლიც, სადაც განგვიცხადეს, რომ შრომის ინსპექციისგან მიღებული მითითების შესაბამისად, მათ აეკრძალათ ჭურჭლის, საახალწლო სათამაშოებისა და სხვა არაპროფილური პროდუქციის გაყიდვა ფიზიკურად. 

მაღაზიაში, ასევე, გვითხრეს, რომ იგივე პროდუქციის შეძენა ჩვეულებრივ არის შესაძლებელი მიტანის სერვისების გამოყენებით. მსგავს მითითებაზე საუბრობს სუპერმარკეტების ქსელი ფრესკოც. კომპანიაში ამბობენ, რომ მათ შრომის ინსპექციისგან მიიღეს გაფრთხილება, რომ მხოლოდ საკვები და სასმელი გაეყიდათ. 

მთავრობის მიერ ახალი აკრძალვების შესახებ გამოქვეყნებულ დადგენილებაში მსგავსი აკრძალვის შესახებ მკაფიოდ არაფერი წერია და ეს ინტერპრეტირების საშუალებას ტოვებს. ამგვარად, დღეს დილიდან სუპერმარკეტები და სხვა სავაჭრო ობიექტები ცდილობენ, გაარკვიონ, თუ რა სახის პროდუქციის გაყიდვა შეუძლიათ. 

ტაბულა საკითხის გასარკვევად მთავრობის პრესსამსახურს დაუკავშირდა. როგორც უწყებაში განგვიცხადეს, მთავრობის დადგენილებით, მსგავსი შეზღუდვა გათვალისწინებული არ არის. 

უწყებაში ამბობენ, რომ მაღაზიებსა და სავაჭრო ობიექტებს, რომელთაც საქმიანობა არ შეეზღუდათ, შეუძლიათ მათ დახლებზე განთავსებული სხვა პროდუქციის გაყიდვაც. 

ტაბულა საკითხის გარკვევას შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროს ბექა ფერაძესთანაც შეეცადა, თუმცა, ის ჩვენ ზარებს არ პასუხობს. 

საქართველოს მთავრობამ ახალი მასშტაბური შეზღუდვების შესახებ წინა კვირას გამოაცხადა. ახალი შეზღუდვების ფარგლებში ნებადართულია პირველადი მნიშვნელობის ეკონომიკური საქმიანობა. რესტორნებსა და კაფეებს კი მხოლოდ გატანის სერვისის გამოყენებით შეუძლიათ მუშაობა, დაიხურა სავაჭრო ცენტრები და გაჩერდა მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა. 

კომენტარები