ეკონომიკა

როგორია მოსახლეობის შემოსავლების სტრუქტურა და როგორ შეიცვლება ის კრიზისის პირობებში

დღეს საქართველოს მთავრობამ პარლამენტს 2021 წლის ბიუჯეტის კანონპროექტი წარუდგინა. დოკუმენტის მიხედვით, ქვეყნის ბიუჯეტი მომდევნო წელს რეკორდულ 18.4 მილიარდ ლარს გაუტოლდება. მთავრობის გაზრდილი ხარჯების დაფინანსების წყარო კი საგარეო ვალია. 

მომდევნო წელს ქვეყანა კიდევ 5.2 მილიარდ ლარს ისესხებს. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ რეკორდული ეკონომიკური ვარდნის მიუხედავად, არათუ არ მცირდება, არამედ იზრდება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასის მოცულობა. შედარებისთვის, თუ მიმდინარე წელს ჯამურად შრომის ანაზღაურებაზე 1.55 მილიარდი ლარი დაიხარჯა, მომდევნო წელს იგივე მაჩვენებელი 1.61 მილიარდს გაუტოლდება. 

ეს იმის ფონზე, რომ მთავრობის მიერ ხელმეორედ დაწესებული მასშტაბური შეზღუდვების პირობებში ქვეყნის ეკონომიკა მანამდე ნავარაუდევი 5%-ის ნაცვლად, დაახლოებით, 6%-ით შემცირდა. ამგვარი კლება საქართველოს ეკონომიკისთვის 1994 წლის შემდეგ რეკორდულია.

შედარებისთვის, 2009 წელს, როდესაც საქართველო რუსეთის სამხედრო აგრესიის, გლობალური ეკონომიკური კრიზისისა და მწვავე პოლიტიკური კრიზისის შედეგებს ებრძოდა, ქვეყნის ეკონომიკა 3.6%-ით შემცირდა. 

რეკორდული ეკონომიკური ვარდნა, ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილის დრამატულ გაღარიბებას ნიშნავს და ცხადია, რომ ყველაზე მეტად სოციალურად გაჭირვებულები დაზარალდებიან. ეკონომიკური კრიზისი პირდაპირ და დრამატულად შეამცირებს მოსახლეობის შემოსავლებს.

განსაკუთრებით საყურადღებოა ის, რომ წელს საქართველომ თითქმის სრულად დაკარგა ეროვნული შემოსავლის უმსხვილესი წყარო - ტურიზმი. ტურიზმიდან ქვეყანამ წინა წელს 3.3 მილიარდი დოლარი მიიღო, რაც არსებული გაცვლითი კურსით 10 მილიარდ ლარს აღემატება. 

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ ჯამურად ტურიზმის სექტორი ეკონომიკის 25%-ს შეადგენს. ტურიზმს უკიდურესად დიდი მნიშვნელობა აქვს მოსახლეობის დაბალშემოსავლიანი ნაწილისთვის, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის. ჩაკეტილი საზღვრების პირობებში უშუალოდ მოგზაურობისა და მომიჯნავე სექტორში დასაქმებული ადამიანების უმრავლესობა შემოსავლის გარეშე დარჩა. 

კრიზისის დრამატულობის უკეთ წარმოსაჩენად საჭიროა, ვნახოთ, როგორია მოსახლეობის შემოსავლებისა და დასაქმების სტრუქტურა. 2016 წლიდან მოყოლებული რეალური დასაქმების მაჩვენებელი ყოველწლიურად მცირდება. საუბარია, დაახლოებით, 45 000 ადამიანზე, რომელთაც 2016-2019 წლებში სამუშაო დაკარგეს.

უნდა ითქვას, რომ დასაქმებულთა რიცხვი კიდევ უფრო მკვეთრად შემცირდა პანდემიის დაწყების შემდეგ. ამ დროის განმავლობაში უმუშევრობის 200 ლარიანი ყოველთვიური კომპენსაციით 100 000-ზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა, რაც იმას ნიშნავს, რომ სწორედ ამდენმა დაქირავებით დასაქმებულმა მოქალაქემ დაკარგა შემოსავალი. 

რაც შეეხება დაქირავებით დასაქმებულთა მაჩვენებელს, 2019 წლის სექტემბერთან შედარებით, მიმდინარე წლის სექტემბერში მაჩვენებელი 5%-ით არის შემცირებული და 1%-ით არის გაზრდილი თვითდასაქმებულთა რაოდენობა. 

კრიზისის გამანადგურებელ შედეგები უფრო მკაფიოდ ჩანს, თუ შევხედავთ როგორი იყო მოსახლეობის შემოსავლების სტრუქტურა პანდემიამდე. 2019 წლის მონაცემებით, საქართველოს 3,7 მილიონი მოქალაქიდან დეკლარირებული სახელფასო შემოსავალი 1.1 მილიონ ადამიანს ჰქონდა.

აქედან ყველაზე დიდ ჯგუფი, დაახლოებით, 16% იმ მოქალაქეების რიცხვია, რომელთა შემოსავალიც თვეში 100 ლარზე ნაკლები იყო. ჯამურად, დაახლოებით, 300 000 მოქალაქეა, რომელსაც თვეში 200 ლარზე ნაკლები შემოსავალი ჰქონდათ. სავარაუდოა, რომ მათი დიდი ნაწილი სეზონურ სამუშაოებზე იყო დასაქმებული, რასაც სწორედ ტურიზმის სექტორი აგენერირებდა.

პანდემიამდე და ეკონომიკურ კრიზისამდე მოსახლეობის შემოსავლების სტრუქტურა შემდეგნაირად გამოიყურებოდა:

  • 100 ლარამდე შემოსავალი – 191 134 მოქალაქე;
  • 100-დან 200 ლარამდე შემოსავალი – 110 204 მოქალაქე;
  • 200-დან 300 ლარამდე შემოსავალი – 92 033 მოქალაქე;
  • 300-დან 400 ლარამდე შემოსავალი – 81 762 მოქალაქე;
  • 400-დან 500 ლარამდე შემოსავალი – 72 123 მოქალაქე;
  • 500-დან 600 ლარამდე შემოსავალი – 67 601 მოქალაქე;
  • 600-დან 800 ლარამდე შემოსავალი – 115 246 მოქალაქე;
  • 800-დან 1 000 ლარამდე შემოსავალი – 93 417 მოქალაქე;
  • 1 000-დან 1 250 ლარამდე შემოსავალი – 79 746 მოქალაქე;
  • 1 250-დან 1 666 ლარამდე შემოსავალი – 86 142 მოქალაქე;
  • 1 666-დან 2 083 ლარამდე შემოსავალი – 46 476 მოქალაქე;
  • 2 083-დან 2 500 ლარამდე შემოსავალი – 26 044 მოქალაქე;
  • 2 500-დან 3 333 ლარამდე შემოსავალი – 28 428 მოქალაქე;
  • 3 333-დან 4 166 ლარამდე შემოსავალი – 14 846 მოქალაქე;
  • 4 166-დან 5 000 ლარამდე შემოსავალი – 8 222 მოქალაქე;
  • 5 000-დან 5 833 ლარამდე შემოსავალი – 5 376 მოქალაქე;
  • 5 833-დან 6 666 ლარამდე შემოსავალი – 3 743 მოქალაქე;
  • 6 666-დან 7 500 ლარამდე შემოსავალი – 2 568 მოქალაქე;
  • 7 500-დან 8 333 ლარამდე შემოსავალი – 1 878 მოქალაქე;
  • 8 333 ლარიდან და მეტი შემოსავალი – 7 821 მოქალაქე;

ამგვარად, მოქალაქეების რაოდენობა, რომელთაც 5 000 ლარზე მაღალი ხელფასი ქონდათ 21 386-ია. 2 000-დან 5 000 ლარამდე შემოსავალი სულ 77 540 მოქალაქეს ქონდა, 1 000-დან 2 000 ლარამდე შემოსავალი 212 364 მოქალაქეს. 

თვეში 1 000 ლარზე ნაკლები შემსოვალი ჯამურად 823 520 მოქალაქეს ჰქონდა. ამგვარად გამოვიდა, რომ 1.1 მილიონი დეკლარირებული სახელფასო შემოსავლის მქონე ადამიანების კრიტიკული უმრავლესობა თვეში 1 000 ლარზე ნაკლებს შოულობდა. 

ამ რიცხვების ფონზე მკაფიოდ ხდება ეკონომიკური კოლაფსის მასშტაბი, რომელშიც ქვეყანა აღმოჩნდა. 

კომენტარები