მეუფე ნიკოლოზი

მეუფე ნიკოლოზი: ხვალ, 1 საათზე, გადმომცემენ Iphone 12-ს

კუმურდოს, ახალქალაქისა და კარის მიტროპოლიტის, ნიკოლოზ ფაჩუაშვილის თქმით, დაპირებულ Iphone 12-ს კომპანია ხვალ, 1 საათზე გადასცემს. ამის შესახებ მიტროპოლიტმა რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა.

"ბოლოს რომ ეთერში ვიყავი, ვეცადე მეთქვა, რომ კამერა ესაა იარაღი [...] ესეცაა თავდაცვის საშუალება და მე ვთქვი, რომ მაქვს ეს [მოდელი ტელეფონის] და ესეც არაა ბოლო მოდელი-მეთქი და რა მოხდა, იცით?! ზუსტად ორ კვირაში ამერიკაში Iphone 12-ის [ბოლო მოდელი] პრეზენტაცია იყო და მაღაზიებში დაიწყეს რეკვა, რომ მეუფე ნიკოლოზმა თქვა, რომ Iphone 12 გამოსულიაო და მოკლედ, ისეთი რიგი დადგა, რომ ახალი პარტიის გამოწერა მოუწიათ და ამ ერთ-ერთი მაღაზიიდან დამირეკეს, ესაა ISTYLE და მითხრეს, რომ ისეთი კარგი საქმე გაგვიკეთეთო, ისეთი რეკლამაო, რომ ჩვენ გვინდა IPHONE 12-ის პირველი მფლობელი თქვენ იყოთო. არ ჰქონდათ მიღებული და შემდეგ დამირეკეს და მითხრეს, კი არ დაგვავიწყდაო, გვინდა, ყველაზე კარგი აიფონი გაჩუქოთ 512GB მეხსიერებისო და ხვალ, 1 საათზე უნდა მოხდეს ეს გადმოცემა". – ამბობს მეუფე ნიკოლოზი.

მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა 11 ოქტომბერს TV პირველის ეთერში თქვა, რომ მას iPhone 11 Pro აქვს და არა ბოლო მოდელი iPhone 12, რომლის პრეზენტაციაც გუშინ შედგა და საქართველოში გაყიდვაში ჩაშვებული, ჯერჯერობით, არაა. შესაბამისად, შესაძლოა, საქართველოში iPhone 12 Pro-ს ერთ-ერთი პირველი მფლობელი მიტროპოლიტი ნიკოლოზი გახდეს.

"კამერა ესაა იარაღი ადამიანის ხელში, მეც მაქვს ეს კამერა. ბრალი დამდეს, ბოლო მოდელის ტელეფონი მაქვს. იმიტომ მაქვს ზუსტად ეს ტელეფონი, რომ ამას გადიდების ფუნქცია აქვს და ლინზა არ სჭირდება. ადრე ლინზით ვიღებდი. ბოლო მოდელი არ არის, ბოლო მოდელი გამოვიდა iPhone 12, ეს არის iPhone 11 Pro". – თქვა მიტროპოლიტმა.

სწორედ ამ განცხადების შემდეგ ტექნიკის მაღაზიამ (iSTYLE) მზაობა გამოთქვა კუმურდოს, ახალქალაქისა და კარის მიტროპოლიტ ნიკოლოზ ფაჩუაშვილისთვის ბოლო მოდელი iPhone 12 Pro ეჩუქებინა.

კომენტარები