არჩევნები 2020

კახიანი მოლაპარაკებების მესამე რაუნდზე: უახლოეს დღეებში გაიმართება

პარლამენტი

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების მესამე რაუნდი მომავალ დღეებში გაიმართება. ამის შესახებ რუსთავი 2-ის ეთერში ქართული ოცნების დეპუტატმა გიორგი კახიანმა ისაუბრა.

"რამდენადაც მე ვხვდები, უახლოეს დღეებში გაიმართება, კონკრეტულ დღეს ვერ ვიტყვი, მაგრამ შესაძლებელია ამ კვირის ბოლომდეც". – თქვა კახიანმა.

ამ დროისთვის ხელისუფლებასა და ოპოზიციურ ლიდერებს შორის ორი შეხვედრა გაიმართა.

21 ნოემბერს, საქართველოში ფორმალურად 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდა იმ 17 ოლქში, სადაც ვერცერთმა კანდიდატმა ბარიერის გადალახვა ვერ შეძლო. თუმცა ყველა ოპოზიციურმა პარტიამ, რომლის კანდიდატსაც მეორე ტურებში უნდა მიეღო მონაწილეობა, არჩევნებს, ისევე, როგორც პარლამენტში შესვლას, ბოიკოტი გამოუცხადა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, დათვლილია ხმების 100%. ფაქტობრივად ერთპარტიულ არჩევნებში 17-ვე ოლქში ქართული ოცნების კანდიდატმა გაიმარჯვა.

2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს შედეგების გამოქვეყნებას ოპოზიცური პარტიებისა და ამომრჩევლების პროტესტი მოჰყვა. არჩევნების შედეგებს ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ბოიკოტი გამოუცხადა და არცერთი მათგანი საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში არ შედის. მანდატებზე უარი თქვეს ევროპულმა საქართველომ, ლელომ, ლეიბორისტულმა პარტიამ, გირჩმა, ენმ-ძალა ერთობაშიამ, სტრატეგია აღმაშენებელმა, მოქალაქეებმა და პუტინისტურმა პატრიოტთა ალიანსმა. ოპოზიციის საერთო მოთხოვნები უცვლელია: თამარ ჟვანიას გადადგომა და საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლა, რიგგარეშე, თავისუფალი არჩევნების ჩატარება და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება.

ოპოზიციურმა პარტიებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა არჩევნების შედეგების გასაჩვრება სცადეს როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ასევე სასამართლოში. არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმები ოპოზიციამ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა გაასაჩივრეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ არცერთი სარჩელი არ დაუკმაყოფილა ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, ევროპულ საქართველოს, ლეიბორისტულ პარტიას, პარტიას დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო.

კომენტარები