კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: Covax-ი 4-5 ვაქცინას იყიდის და ჩვენ ავირჩევთ, უკვე იწერება დანერგვის გეგმა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, Covid 19-ის ვაქცინის შეძენასთან დაკავშირებით, საქართველო ინტენსიურად მუშაობს. მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ Covax-პლატფორმა რამდენიმე ვაქცინას იყიდის, საიდანაც საქართველო სასურველს აირჩევს. ასევე, გამყრელიძის თქმით, საქართველოს უშუალოდ მწარმოებლებთანაც აქვს მოლაპარაკებები. 

"კოვაქს პლატფორმაზე პირველი შენატანი გადახდილი გვაქვს, დაახლოებით 4 მლნ დოლარი იმ პირობით, რომ ვაქცინის არჩევა შეგვეძლება. კოვაქსი შეისყიდის 4-5 ვაქცინას მაინც, ეს იქნება ფაიზერის, მოდერნასი, ასტრაზენეკასი თუ სხვა, მერე ჩვენ გვექნება არჩევის უფლება.

კოვაქს პლატფორმის მექანიზმი დიდი ალბათობით ამუშავდება მარტ-აპრილში, მანამდე, ვმუშაობთ პარალელურად თვითონ მწარმოებლებთან. შექმნილია საგარეო საქმეთა სამინისტროში სპეციალური მაკოორდინირებელი კომიტეტი, დღესაც ONLINE სხდომა არის დონორებთან ერთად, სადაც უნდა განვიხილოთ და იწერება უკვე დანერგვის გეგმა" - ამბობს გამყრელიძე და აღნიშნავს, რომ დოკუმენტი ორ კვირაში მზად უნდა იყოს. 

"აქ ყველა სცენარი უნდა იყოს გაწერილი, იცით, რომ განსხვავებებია ამ ვაქცინებს შორის, ფაიზერს სჭირდება მინუს 70-გრადუსიანი ცივი ჯაჭვი, მოდერნას მინუს 20-იანი, ხოლო დანარჩენებს, ასტრაზენეკას ან სანოფს, სჭირდებათ ჩვეულებრივი, ორიდან რვა გრადუსამდე ანუ ის, რაც სჭირდება სხვა ვაქცინებს, ეს სისტემა ქვეყანაში აწყობილია.

ჩვენ მზად უნდა ვიყოთ სამივე ვერსიისთვის, ამიტომ ამაზე მიმდინარეობს სერიოზული მუშაობა დონორ ორგანიზაციებთან ერთად, ესაა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, გაეროს ბავშვთა ფონდი, მსოფლიო ბანკი და სხვა საერთაშორისო პარტნიორები. ძალიან გვინდა, რომ რაც შეიძლება ადრეულ ეტაპზე იყოს ხელმისაწვდომი ვაქცინა, პირველ რიგში, აქაც რისკ ჯგუფებისთვის, რომელსაც ქვეყანა დაადგენს. აქ იქნება სამედიცინო პერსონალი, ქრონიკული დაავადებების მქონე ხანდაზმული ადამიანები, მოხუცთა სახლები" - განაცხადა გამყრელიძემ.

აღსანიშნავია, რომ "კოვიდვაქცინაციის პროცესის შეუფერხებელი უზრუნველყოფისთვის" სპეციალური სამუშაო ჯგუფიც შეიქმნა. ეს გულისხმობს "როგორც ვაქცინის დროულ შემოტანას, ისე წინამოსამზადებელი სამუშაოებს ჩატარებას ქვეყნის მასშტაბით".

კომენტარები