ჰონგ-კონგი

ბრიტანეთი ჰონგ-კონგსა და ჩინეთს: შეწყვიტეთ ოპოზიციის ხმის ჩახშობა

დომინიკ რააბი
Birmingham Live

ბრიტანეთმა ჰონგ-კონგისა და პეკინის მაღალჩინოსნებს დაჟინებით მოუწოდა, ჰონგ-კონგში ოპოზიციის ხმის ჩახშობის კამპანია შეწყვიტონ. ბრიტანეთი ამ განცხადებით ჰონგ-კონგელი აქტივისტების დაპატიმრებას გამოეხმაურა.

"სისხლის სამართლებრივი დევნის გადაწყვეტილებები უნდა იყოს სამართლიანი და მიუკერძოებელი, ჰონგ-კონგში მყოფი ადამიანის უფლებები და თავისუფლებები დაცული უნდა იყოს". – განაცხადა ბრიტანეთის საგარეო მდივანმა, დომინიკ რააბმა.

დაპატიმრებულებს შორის არის ცნობილი აქტივისტი, ჯოშუა ვონგი - 2019 წლის ანტისამთავრობო აქციების დროს პოლიციის შენობასთან უკანონო შეკრების ორგანიზებისთვის მას 13 თვით თავისუფლება აღუკვეთეს. 2019 წლის აქციების დროს, ვონგთან ერთად, უკანონო პროტესტის წახალისებისა და მასში მონაწილეობისთვის 10 თვით დააპატიმრეს აქტივისტი, აგნეს ჩოუ და 7 თვით – ივან ლამი.

სასამართლოსთან აქტივისტების მხარდასაჭერად, დაახლოებით, 100 ადამიანი მივიდა. პარალელურად, პეკინის მომხრეთა მცირერიცხოვანი ჯგუფი მკაცრი განაჩენის გამოტანას ითხოვდა.

წარსულში აგნეს ჩოუს და ჯოშუა ვონგს ჰონგ-კონგის საკანონმდებლო საბჭოს არჩევნებში მონაწილეობის მიღება აუკრძალეს.

ჰონგ-კონგში ბოლო 2 ათწლეულის მანძილზე ყველაზე მასშტაბური პროდემოკრატიული საპროტესტო აქციები გასული წლის ივნისში დაიწყო, მაშინ ჰონგ-კონგის ქუჩებში, დაახლოებით, მილიონი მოქალაქე ჰონგ-კონგიდან კომუნისტურ კონტინენტურ ჩინეთში ექსტრადიციის კანონპროექტის გასაპროტესტებლად გამოვიდა. ექსტრადიციის კანონპროექტი 5-თვიანი პროტესტის შემდეგ, რომელსაც პოლიცია ხშირად ძალადობრივად შლიდა, გაიწვიეს, მაგრამ აქციები გაგრძელდა. მოქალაქეები თავისუფალ არჩევნებს, აქციაზე დაპატიმრებულების გათავისუფლებას, აქციებზე პოლიციის ქმედებების დამოუკიდებელ გამოძიებას, საპროტესტო აქციების აღწერის, როგორც "არეულობის", შეწყვეტას, ქალაქის ლიდერ კერი ლამის გადადგომას და ზოგადად, მეტ თავისუფლებასა და პეკინის წნეხისგან გათავისუფლებას ითხოვდნენ.

მას შემდეგ, ჰონგ-კონგისთვის ვითარება გაუარესდა. ჩინეთმა ჰონგ-კონგის უშიშროების ახალი კანონები 30 ივნისს მიიღო, რითაც ქალაქის ავტონომია ფაქტობრივად დასრულდა. ახალი კანონებით, სეცესიით მთავრობის დამხობის მცდელობა, ტერორიზმის ან საგარეო ძალებთან შეთქმულება, სულ მცირე, სამწლიანი, სერიოზულ შემთხვევებში კი – სამუდამო პატიმრობით დაისჯება. ცეცხლის წაკიდება და საზოგადოებივი ტრანსპორტის დაზიანება იმ განზრახვით, რომ ჰონგ-კონგის მთავრობა ან ჩინეთის კომუნისტური მთავრობა პოლიტიკური მიზეზებით დააშინო, კანონით ტერორიზმის აქტად ჩაითვლება.

კომენტარები