კორონავირუსი საქართველოში

აჭარაში კორონავირუსით 31 წლის ქალი გარდაიცვალა

აჭარაში კორონავირუსით 31 წლის ქალი გარდაიცვალა. მედინას კლინიკური დირექტორის, ჯუმბერ უნგიაძის ინფორმაციით, მას ფილტვის მძიმე დაზიანება ჰქონდა. ექიმის თქმით, ქალს თანმხლები დაავადებები არ ჰქონია.  

უნგიაძის თქმით, მედინაში გადაყვანამდე ორსული პაციენტი ბათუმის მრავალპროფილიან სამშობიარო სახლში მკურნალობდა, სადაც ჯანმრთელობის გაუარესების შემდეგ მას საკეისრო კვეთა ჩაუტარდა.

"მიუხედავად ადეკვატური მკურნალობისა, მისი მდგომარეობა დღითიდღე უარესდებოდა. ჰქონდა სუნთქვის უკმარისობა, რომელიც მოქმედებდა, არამარტო ორსულის მდგომარეობაზე, არამედ აისახა ნაყოფის მდგომარეობაზეც. 25 ნოემბერს საღამოს მისი მდგომარეობა დამძიმდა და 25-შივე ღამე ჩატარდა საკეისრო კვეთა, რადგან არ იყო პირობები, რომ ემშობიარა. 

საბედნიეროდ, ბავშვის მდგომარეობა ძალიან კარგია, ის უკვე სახლში გაეწერა, მაგრამ დედის მდგომარეობა პროგრესულად უარესდებოდა, ამიტომ 27 ნოემბერს ბათუმის მრავალპროფილიანი სამშობიარო სახლიდან ის გადმოიყვანეს ჩვენთან. ჩაუტარდა კვლევა და აღმოჩნდა, რომ მას ჰქონდა ფილტვის ქსოვილის დიდი დაზიანება, პნევმონია, 23-ქულიანი, საკმაოდ მაღალი. 

მკურნალობის ფონზე, 1-ში და 2-ში მდგომარეობა გაუმჯობესდა, შედარებით უკეთესად იყო. მაგრამ გუშინ ღამე მოხდა თრომბოემბოლია ფილტვის არტერიის, რომელმაც გამოიწვია გულის გაჩერება. აღდგა გულის მუშაობა, მაგრამ დღეს შუადღისთვის ისევ გაჩერდა და, სამწუხაროდ, რეანიმაციულმა ღონისძიებებმა შედეგი ვერ გამოიღო". – ამბობს უნგიაძე. 

3 დეკემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 147 636 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 124 568 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 1 387 პაციენტი კი გარდაიცვალა.

მესამე თვეა, ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად იზრდება. აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება. პირბადის ტარება როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეში სავალდებულოა. 28 ნოემბრიდან საქართველოში კომენდანტის საათი 22:00 საათის ნაცვლად 21:00 საათზე იწყება. ასევე, დიდ ქალაქებში მუშაობას აჩერებს მუნიციპალური ტრანსპორტი. არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები. რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე გადავიდნენ. 28 ნოემბრიდან დაიკეტა ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

რა შეზღუდვები მოქმედებს ქვეყანაში – სრულად წაიკითხეთ აქ.

კომენტარები