გირჩი

მეგრელიშვილი: ჯაფარიძის პირობებიდან ერთ-ერთი იყო, ხალხთან ნორმალურად გვესაუბრა

facebook

გირჩის პროპორციული სიის მეოთხე ნომერმა, ვახო მეგრელიშვილმა პალიტრანიუსის ეთერში გაასაჯაროვა ის პირობები, რაც ორი დღით ადრე პარტიის ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ მას, იაგო ხვიჩიასა და სანდრო რაქვიაშვილს წარუდგინა. 

როგორც მეგრელიშვილმა განმარტა, მან ოთხივე პირობაზე უთხრა, რომ მისთვის "მიუღებელია". როგორც ვახო მეგრელიშვილმა თქვა, ერთ-ერთი პირობა იყო, რომ წინასწარ უნდა შეეთანხმებინათ, რა თემებზე ისაუბრებდნენ და რაზე – არა. 

"მაგალითად, მოგვთხოვა, რომ დავქვემდებარებოდით ცენზურას, ვიღაცას შევუთანხმო, რა თემებზე ვისაუბრო და რა თემაზე არ ვისაუბრო. სენსიტიურ თემებზე შეწყვიტეთ საუბარიო. შესაძლოა, ამის ერთ-ერთი საბაბი იაგოს განცხადება იყო, თუმცა, ძირითადი მიზეზი არ ყოფილა". – თქვა ვახო მეგრელიშვილმა. 

მისი თქმით, ზურაბ ჯაფარიძის კიდევ ერთი პირობა ის იყო, რომ ისინი პარტიის მმართველობას ჩამოსცილებოდნენ. მეგრელიშვილის განმარტებით, ახსნა-განმარტებები არ ყოფილა, "მხოლოდ მოთხოვნები" ჰქონდა. 

"კიდევ ერთი მოთხოვნა იყო, რომ მოწევას თავი დაანებეთო, თუმცა, სანდრო რაქვიაშვილი არც სიგარეტს ეწევა და არც პლანს. მეოთხე მოთხოვნა იყო, რომ ადამიანებთან ნორმალურად გვესაუბრა.

რეალურად ეს იყო მოთხოვნები, რომლებსაც არ შეიძლებოდა სერიოზული საფუძველი ჰქონოდა და სერიოზულად ვერ აღიქვამდი, შესაბამისად, ველოდებით ზურა ჯაფარიძისგან, რომ მეტი განმარტება გააკეთოს". – თქვა ვახო მეგრელიშვილმა გადაცემა რეზიუმეში

ზურაბ ჯაფარიძემ მოგვიანებით დაადასტურა, რომ მას მართლაც ჰქონდა პირობები, რომლებზე არდათანხმების შედეგადაც მათთან ურთიერთობა გაწყვიტა. 

4 დეკემბერს ზურაბ ჯაფარიძემ შიდა, თუმცა საკმაოდ დიდ Facebook-ჯგუფში დაპოსტა, რომ ერთი მხრივ, მისი, ხოლო მეორე მხრივ, იაგო ხვიჩიას, ვახო მეგრელიშვილისა და სანდრო რაქვიაშვილის თანამშრომლობა დასრულდა.

ამ დრომდე უცნობია, რა წესით გადაწყდება, ვინ დატოვებს პარტიას და ვინ დარჩება გირჩში. ზურაბ ჯაფარიძის განმარტებით, ეს მხარდამჭერების გადასაწყვეტი იქნება. 

ზურაბ ჯაფარიძის ამ პოსტს წინ უძღოდა იაგო ხვიჩიას გუშინდელი Facebook-პოსტი, სადაც ის წერდა – "გირჩში არის ხალხი, რომელიც ფიქრობს, რომ გირჩი ერთკაციანი პარტიაა და ასეთად უნდა დარჩეს. ეს ხალხი გირჩში მხოლოდ ჯაფარას აღიარებს და დანარჩენს, სადაც შანსი აქვს, ლანძღავს".

29 ნოემბერს იაგო ხვიჩია შს სამინისტროს მიერ იმ პირის დაკავებას გამოეხმაურა, რომელსაც ბრალად ედება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიის შეძენა, შენახვა, ფლობა და სარგებლობა. მისი მწვავე კრიტიკა მისსავე განცხადებას მოჰყვა.

"ანუ?" - დაწერა ხვიჩიამ - "პორნო გადმოწერა, დაასეივა, ერთხელაც გადაწყვიტა ესარგებლა და დაიჭირეს? სულ გააფრინეს".

კომენტარები