კორონავირუსი საქართველოში

ტანსაცმლის მაღაზია: ნოემბრის ხელფასის დარიცხვის გამო თანამშრომლების კომპენსაცია არ მისცეს

flickr.com

თბილისში არსებული ტანსაცმლის ერთ-ერთი მაღაზიაში, რომელსაც მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების გამო დროებით საქმიანობის შეჩერება მოუწია, ამბობენ, რომ მათ თანამშრომლებს მთავრობამ უმუშევრობის კომპენსაციაზე უარი იმის გამო უთხრა, რომ ნოემბრის ხელფასი დეკემბერში დაერიცხათ. 

ამის შესახებ ტაბულას კომპანიიდან ანონიმურობის დაცვის პირობით აცნობეს. როგორც კომპანიაში ამბობენ, მათ თანამშრომლებს უმუშევრობის 300-ლარიან კომპენსაციაზე უარი მხოლოდ იმიტომ უთხრეს, რომ ნოემბრის ხელფასი დეკემბერში დაერიცხათ.

კომპანიაში ამბობენ, რომ საცალო გაყიდვების სექტორში მომუშავე კომპანიების უმრავლესობა ხელფასს მსგავსი წესით გასცემს, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპენსაციას სექტორში დასაქმებული ადამიანების დიდი ნაწილი ვერ მიიღებს, რომლებმაც შემოსავალი დაკარგეს. 

კომპანიამ ტაბულას შემოსავლების სამსახურთან მიმოწერის ფოტოც მოაწოდა, რომელშიც ჩანს, რომ შემოსავლების სამსახური მთავრობის დადგენილებას ეყრდნობა. ამ გადაწყვეტილების მიხედვით თუ დეკემბერში ხელფასი ჩაგერიცხათ, უმუშევრობის კომპენსაციას ვერ მიიღებთ, იმ შემთხვევაშიც თუკი ეს გასული თვის ანაზღაურებას წარმოადგენს.

გასულ კვირაში საქართველოს მთავრობამ ეკონომიკის სტიმულირების ახალი პაკეტი წარმოადგინა. პაკეტი არსებითად პანდემიის პირველი ტალღის დროს შემოღებული პროგრამების გაგრძელებას წარმოადგენს, თუმცა ამჯერად პირდაპირი კომპენსაციის მიმღებთა წრე საგრძნობლად შემცირებულია. 

მოსახლეობისთვის კომუნალური გადასახადებისა და ეკონომიკის ცალკეული სექტორებისთვის საბანკო სესხების პროცენტის სუბსიდირებასთან ერთად გაგრძელდა, ასევე, იმ პირებისთვის კომპენსაციის გაცემის პროგრამა, რომელთაც შემოსავალი პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის გამო დაკარგეს. 

პროგრამა 6 თვის განმავლობაში ყოველთვიურად 200-ლარიან კომპენსაციას ითვალისწინებს დაქირავებით დასაქმებული მოქალაქეებისთვის, რომელთაც შემოსავალი დაკარგეს. ერთჯერადი 300-ლარიანი კომპენსაციაა გათვალისწინებული იმ თვითდასაქმებულთათვის, რომელთაც შემოსავალი პანდემიის გამო დაკარგეს. თუმცა გაზაფხულისგან განსხვავებით, ამჯერად კომპენსაციის მიღება მხოლოდ იმ თვითდასაქმებულებს შეეძლებათ, რომელთაც საქმიანობის შეჩერება ახალი მასშტაბური შეზღუდვების გამო მოუწიათ. 

აქედან გამომდინარე, მოსალოდნელია, რომ იმ თვითდასაქმებულთა რიცხვი, რომლებიც 300- ლარიან ერთჯერად კომპენსაციას მიიღებენ კიდევ უფრო შემცირდება. ამ თვალსაზრისით საყურადღებოა, თუ რამდენმა თვითდასაქმებულმა მიიღო კომპენსაცია პროგრამის პირველ ეტაპზე.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გაზაფხულზე ერთჯერადი 300-ლარიანი კომპენსაცია ქვეყანაში არსებული 820 000 თვითდასაქმებულიდან 248 817 მოქალაქემ მიიღო. სულ პროგრამაში განაცხადი 251 167 მოქალაქემ შეიტანა, თუმცა მათ ვერ შეძლეს სათანადო დოკუმენტაციის წარმოდგენა. მოსალოდნელია, რომ პროგრამის მეორე ეტაპზე არეალის კიდევ უფრო დავიწროების გამო კომპენსაციას მაქსიმუმ 120-125 000 მოქალაქე მიიღებს. 

რაც შეეხება დაქირავებით დასაქმებულებს, ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, პროგრამის პირველ ეტაპზე 162 220 უნიკალური მომხმარებელი დარეგისტრირდა, რაც ნიშნავს, რომ სწორედ ამდენმა ადამიანმა დაკარგა შემოსავალი ეკონომიკური კრიზისის გამო. 

კომენტარები