ჰიდროენერგო სექტორის პერსპექტივა

საქართველო იწყებს იმ რესურსის აქტიურ ათვისებას, რომელიც მას ყველაზე მეტი აქვს - წყალი. შარშან ორი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა უკვე დაიწყო. წელს კიდევ ოთხი სადგურის მშენებლობა იგეგმება.
საქართველოს ტერიტორიაზე დათვლილია 26 ათასი მდინარე, მათგან 300-ს სერიოზული ენერგეტიკული მნიშვნელობა აქვს: მათი წლიური ჯამური პოტენციური სიმძლავრე 15 ათას მეგავატს, ხოლო წლიური ენერგია 50 მილიარდ კილოვატ საათს შეადგენს.
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო მცირეწყალსაცავიანი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობაზე აკეთებს აქცენტს. საქმე ისაა, რომ საქართველოს მდინარეებში სეზონურად წყლის დონე ხან მკვეთრად იკლებს, ხან იმატებს. ასე რომ, სრული ენერგოპოტენციალის ასათვისებლად საჭირო ხდება ისეთი წყალსაცავებიანი ელექტროსადგურების მშენებლობა, რომლებიც წყლის დონეს ხელოვნურად დაარეგულირებს. ეს კი ეკოლოგიურ რისკებთან არის დაკავშირებული: წყლის ბუნებრივი დინებისა და დონის დარღვევამ შეიძლება მისი დაშრობაც კი გამოიწვიოს.
თებერვალში საქართველოს მთავრობამ ხელი მოაწერა შეთანხმებას ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რომელიც მზად არის საქართველოს ენერგოინფრასტრუქტურაში 124 მილიონი აშშ დოლარი დააბანდოს.
დახმარება, რომელსაც კოორდინაციას გაუწევს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ვაშინგტონის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი მილიარდ დოლარიანი დახმარების ნაწილია: საქართველომ დამოუკიდებლად 115 მილიონი დოლარი უნდა მოიზიდოს.
90-ზე მეტი ჰიდროენერგეტიკული პროექტიდან ორი - მტკვრისა და აჭარისწყლის პროექტი ყველაზე მასშტაბურია.
სახელმწიფო მზად არის, ერთ ან მეტ ინვესტორს ორივე სადგური 100%-ით მიჰყიდოს: პირველი პროექტი ინვესტორს 604 მილიონ დოლარამდე დაუჯდება, მეორე - 250 მილიონი დოლარი.
თურქი ინვესტორები ყველაზე მეტად აქტიურობენ: ჰიდროელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ენერგია თურქეთის ბაზარზე გაიყიდება.
თურქ ინვესტორთა სტრატეგიულ დაინტერესებას კიდევ ერთი ფაქტორი ამყარებს - შავი ზღვის მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა. პროექტს სამი საერთაშორისო დონორი ორგანიზაცია - რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპული ბანკი (EBRD) – 80 მილიონი ევროს, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი (KfW) – 100 მილიონი ევროს და ევროკავშირის სამეზობლო ინვესტიციის ფონდი 8 მილიონი ევროს გრანტით აფინანსებს.
პროექტის საერთო ღირებულება 268 მილიონ ევრომდეა და, სავარაუდოდ, 2012 წლისთვის დასრულდება.
Financial Times-ის ცნობით, საქართველო ჰიდროენერგეტიკის სექტორში უახლოეს წლებში 10-15 მილიარდი დოლარის მოზიდვას გეგმავს, რაც, გამოცემის შეფასებით, ბოლო ათწლეულში მიღწეული და დროებით შეფერხებული ეკონომიკური ზრდისთვის დიდი სტიმული იქნება.
კორეულმა კომპანიამ - Korea Electric Power Corporation (KEPCO) საქართველოს მთავრობასთან ნამახვანში ჰესების კასკადის მშენებლობისთვის 1 მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტზე ხელი უკვე მოაწერა და მომავალში ენერგიის გენერაციის, მიწოდებისა და გადაცემის კუთხითაც გეგმავს თანამშრომლობას.
მაგრამ ინვესტორების დარწმუნება იმაში, რომ საქართველო ინვესტიციებისთვის არა მხოლოდ ხელსაყრელი, არამედ სტაბილური ქვეყანაც არის, კარს მომდგარი რუსული ტანკებისა და წინასაარჩევნოდ მზარდი ამბიციების ფონზე, არც ისე მარტივი ამოცანა იქნება.


 

კომენტარები