აიფედი - საუკეთესო ელ-წიგნი თუ მარკეტინგი?

წინა კვირაში კომპანია ეფლმა თავისი მრავალრიცხოვანი ფანების გულის გასახარად, როგორც იქნა, გასაყიდად გამოიტანა იანვრის ბოლოს ანონსირებული „მაგიური და რევოლუციური” ელექტრონული წიგნი - აიფედი. მართალია, სიახლე ჯერ მხოლოდ ამერიკულ მაღაზიებს შეეხო, მაგრამ პირველივე დღეს 300 ათასი ეგზემპლარი გაიყიდა და გაყიდვების რიცხვი შეუჩერებლად მატულობს. აიფედის ფასი ეფლის საიტზე 499$-დან იწყება.
საქართველოში ეფლის ოფიციალური დილერი ჰა-მაკი უკვე იღებს შეკვეთებს აიფედებზე, რომლებიც ჩვენთან გაყიდვაში აპრილის ბოლოს გამოჩნდება. ჯერჯერობით, შეკვეთების რაოდენობა ორ ასეულს არ აჭარბებს, მაგრამ ქართული ბაზრისთვის ასეთი ციფრიც მაღალი ინტერესის მაჩვენებელია. ჩნდება შეკითხვა, რატომ გამოიწვია აიფედმა ამხელა აჟიოტაჟი, თუკი ელექტრონული წიგნები მის გამოჩენამდე დიდი ხნით ადრე არსებობდა?
ბაზარზე დღეს გავრცელებულია ორი ტიპის ელექტრონული წიგნი: ელექტრონულ მელანზე (e-ink) მომუშავე და კომპიუტერის მსგავსი ეკრანით. პირველი ტიპისაა ინტერნეტმაღაზია ამაზონის გაყიდვების ლიდერი - ამაზონ ქინდლი, რომლის ფასიც 259$-დან იწყება. მისი ეკრანი ნაბეჭდი წიგნის შეგრძნებას ქმნის. ჩვეულებრივი ფურცლების მსგავსად, მას არ აქვს საკუთარი გამოსხივება - ქინდლი სინათლის ქვეშ იკითხება და თვალებზეც ისე არ მოქმედებს, როგორც კომპიუტერი, მაგრამ მისი ეკრანი მონოქრომულია ანუ ფერადი გამოსახულების აღბეჭდვა არ შეუძლია. ამაზონ ქინდლი იყიდება 2007 წლიდან.
მეორე ტიპის ელ-წიგნებში აიფედის კონკურენტი სამი თვის წინ გამოშვებული ტაბლეტური კომპიუტერი ეიჩ-პი სლეიტია. მაიკროსოფტისა და ეიჩ-პის (Hewlett Packard) ეს ქმნილება ვინდოუსის სრულფასოვანი ვერსიით არის აღჭურვილი. სლეიტს აქვს ყველა ის ღირსება და ნაკლი, რაც ვინდოუსს ახასიათებს. აიფედისგან განსხვავებით, მასზე შესაძლებელია ნებისმიერი პროგრამული უზრუნველყოფის დაყენება და ფაილებთან თავისუფლად მუშაობა. უპირატესობას ნაწილობრივ ჩრდილავს ვინდოუსის მოუხერხებლობა ეკრანზე შეხებით მუშაობისთვის; სისტემა სიგნალს ერთდროულად რამდენიმე თითისგან ვერ აღიქვამს. სლეიტის ფასი ამაზონზე 599$-ია.
ეფლმა კონკურენტებისგან განსხვავებული გზა აირჩია - ტაბლეტურ კომპიუტერზე არ დააყენა ჩვეულებრივი კომპიუტერებისთვის განკუთვნილი სისტემა. ამის ნაცვლად, აიფედს მოარგეს აიფონის სისტემა, რომელიც ოპტიმიზებულია ეკრანზე შეხებით მუშაობისთვის. აიფონის სისტემისთვის უკვე შექმნილია 170 ათასამდე პროგრამა. ამავდროულად, გამალებული ტემპებით იქმნება ახალი პროგრამული უზრუნველყოფა უშუალოდ აიფედისთვის.
ეფლი არ ღალატობს ბაზარზე დამკვიდრების ტრადიციულ პოლიტიკას. ისევე, როგორც აიფონის პირველ მოდელებს, აიფედსაც აკლია ბევრი გავრცელებული ფუნქცია. კომპანია მყიდველებს „აიძულებს” შეიძინონ შემდეგი ვერსიები ან დამატებები, რომლებიც საბაზისო ვერსიის სხვადასხვა ნაკლს გამოასწორებენ. მაგალითისთვის, აიფედს არ აქვს კამერა. მასთან ფლეშმეხსიერების შეერთება შეუძლებელია, რაც ინფორმაციის დამატების ერთადერთ მარტივ და ლეგალურ საშუალებად ხდის ეფლსთორს (ეფლის ინტერნეტმაღაზია). ამგვარი მიდგომის მოგებიანობის ერთ-ერთი გარანტი ეფლის ფანების მრავალმილიონიანი არმიაა, რომელიც მზად არის ნებისმიერი პროდუქტი შეისყიდოს, თუკი მასზე ჩაკბეჩილი ვაშლი იქნება გამოსახული.



 

კომენტარები