დაიმლერის აღიარება

გერმანული კომპანია დაიმლერის ხელმძღვანელობამ აღიარა, რომ 22 სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის რუსეთის მაღალჩინოსნებს ქრთამს უხდიდა. სისხლის სამართლის დევნისგან განთავისუფლებისთვის კომპანია მზადაა 185 მილიონი დოლარის ჯარიმა გადაიხადოს.
ამერიკული კანონმდებლობა კრძალავს არა მხოლოდ აშშ-ს ტერიტორიაზე, არამედ საზღვარგარეთ ჩადენილ კორუფციულ დანაშაულსაც, ბუნებრივია, თუ დანაშაულს ამერიკის მოქალაქე ან ამერიკაში რეგისტრირებული კომპანია სჩადის. დაიმლერი, რომელიც მერსედეს-ბენცის მარკის მსუბუქ და სატვირთო მანქანებს ყიდის, 10 წლის მანძილზე, 1998-დან 2008 წლამდე, არღვევდა აქტს უცხოეთში კორუფციული პრაქტიკის შესახებ. აღსანიშნავია, რომ მსგავსი კანონმდებლობა, ამერიკის გარდა, მსოფლიოს არც ერთ ქვეყანას არ აქვს.
უკანონო გარიგებათა ორგანიზებაში კომპანია დაიმლერს გერმანული ექსპორტიორი კომპანია Export and Trade Finance და რუსული Mercedes-Benz Russia ეხმარებოდა. შედეგად, გერმანული კომპანია, ასეულობით მილიონი დოლარის ღირებულების მანქანების მიყიდვის მიზნით, სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებთან კონტრაქტების გაფორმებას დაჩქარებული წესით ახერხებდა. მხოლოდ რუსმა ჩინოვნიკებმა ამ ფორმით ბოლო 4 წლის განმავლობაში გერმანული კომპანიისგან 4-დან 6 მილიონ დოლარამდე მიიღეს.
საქმის მასალების მიხედვით, რუსეთის გარდა, დაიმლერმა 10 წელიწადში მოისყიდა ჩინეთის, ეგვიპტის, თურქმენეთის, ერაყის და კიდევ 17 სხვა ქვეყნის სახელმწიფო მოხელეები.
მაგალითად, თურქმენეთის შემთხვევაში, დაიმლერის წარმომადგენლებმა სახელმწიფო შეკვეთის სანაცვლოდ, ადგილობრივ ხელისუფლებას 300 ათასი დოლარის ღირებულების Mercedes-Benz S-კლასის ჯავშნიანი ავტომობილი გადასცეს.
მსგავსი სქემები მუშაობდა სხვა ქვეყნებშიც. ზოგიერთ მათგანში ქრთამის გადახდას დაიმლერის მხრიდან საერთაშორისო ნორმის დარღვევაც მოჰყვა: ერაყის მთავრობის წარმომადგენლების მოსყიდვით, კომპანიამ გაეროს პროგრამა Oil for Food არაფრად ჩააგდო.
ზოგ შემთხვევაში დაიმლერი ყალბ საბანკო ანგარიშებს ყალბი კორპორაციებისთვის ხსნიდა, რომ ტრანზაქციები უფრო გამარტივებულიყო.
დაიმლერის საქმის გამოძიება 5 წლის განმავლობაში გრძელდებოდა. ამ ხნის მანძილზე კომპანიამ ქრთამის გადახდაში ეჭვმიტანილი 45 თანამშრომელი გაათავისუფლა.
შარშან კომპანიამ 2.6 მილიარდი ევრო (3.5 მილიარდი დოლარი) იზარალა.
ვაშინგტონში გამართულმა სასამართლო სხდომამ წელს მას, ჯარიმის სახით, 185 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა.


 

კომენტარები