ევრაზიული საბაჟო კავშირი: კიდევ ერთი აგური რუსეთის ეკონომიკური იმპერიის საძირკველში

წელს ძალაში შევიდა ხელშეკრულება რუსეთის, ბელორუსისა და ყაზახეთის ერთიანი საბაჟო კავშირის შესახებ. ხელშეკრულება გულისხმობს საერთო საბაჟო კოდექსისა და ტარიფების დაწესებას. ის მჭიდროდ აკავშირებს მონაწილე ქვეყნების ეკონომიკებს.
რუსეთის, ყაზახეთისა და ბელორუსის ეკონომიკურ კავშირს დიდი ისტორია აქვს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ქვეყნები ისედაც იყვნენ ერთმანეთთან ეკონომიკურად დაკავშირებულნი, ხოლო საერთო საბაჟო სისტემა, მათი განცხადებით, უფრო გაამყარებს ამ ურთიერთობას. ხელშეკრულების საშუალებით 2015 წლისთვის ისინი მთლიანი შიდა პროდუქტის 15-17%-ით გაზრდას ვარაუდობენ. ამასთან, 2012 წლისთვის იგეგმება საერთო ეკონომიკური ბაზრის შექმნა. ვლადიმირ პუტინმა გამოთქვა სურვილი, რომ რუსეთი სწორედ ამ კავშირით შევიდეს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში.
2009 წლის მონაცემებით, ბელორუსს ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის საშუალო მაჩვენებლამდე (73,2) 6 ქულა აკლდება (67,2), რუსეთს - 12,4 (60,8), ხოლო ყაზახეთი ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის საშუალო მაჩვენებელს 13 ქულით უსწრებს (86,2). თუმცა, წელს ამ უკანასკნელმა 19 ქულა დაკარგა, რუსეთმა და ბელორუსმა კი, შესაბამისად, 20 და 15. ქვეყნების ლიდერები გამოთქვამენ იმედს, რომ საერთო ბაზრის შექმნა ხელს შეუწყობს ეკონომიკური თავისუფლების გაზრდას, გაუმჯობესდება საინვესტიციო კლიმატი, გაიზრდება ბაზარი ადგილობრივი წარმოებისთვის და ეკონომიკა დაიცლება პოლიტიკური ფაქტორებისგან (მაგალითად, აღმოიფხვრება რუსეთ-ბელორუსის „რძის ომის” მსგავს მოვლენათა საფრთხე). ექსპერტები მსოფლიო ბანკიდან და ახალი ეკონომიკური სკოლიდან კონსტანტინ მიჩალოპოლოსი და დევიდ ტარი რუსეთ-ბელორუს-ყაზახეთის ახალ საბაჟო კავშირს ადარებენ ცენტრალური ამერიკის საერთო ბაზრის შექმნის მცდელობას. მათი აზრით, საერთო საბაჟო სისტემა არ ნიშნავს თავისუფალ ბაზარს და ეს კავშირიც ცენტრალურ ამერიკაში შექმნილი წინამორბედის ბედს გაიზიარებს. ცენტრალური ამერიკის საერთო ბაზრის ფარგლებში შეიქმნა მრავალი ახალი არაეფექტური ინდუსტრია, რომელიც აწარმოებდა მდარე ხარისხის პროდუქციას და ყიდდა მას მაღალ ფასად. პროდუქტები მხოლოდ საერთო საბაჟო სისტემის შიგნით რეალიზდებოდა, რადგან კავშირს გარეთ მათზე მოთხოვნა არ იყო. ასეთი კავშირებისთვის გარე ბაზრებზე გასვლა უფრო მაღალ კონკურენციასა და გადასახადებს უკავშირდება. ამიტომ ვაჭრობა მხოლოდ კავშირის შიგნით მიმდინარეობს, ფასები არაბუნებრივად მაღალია და, შესაბამისად, ეკონომიკაც ვერ ვითარდება.
ექსპერტები საერთო საბაჟო სისტემაში ხედავენ რუსეთის არა ეკონომიკურ, არამედ პოლიტიკურ მიზნებს. ერთიანი საბაჟო კავშირი წევრ ქვეყნებს კიდევ უფრო დაუქვემდებარებს რუსეთის ეკონომიკას. ხელშეკრულება ბელორუსსა და ყაზახეთს საგარეო ტარიფების გაზრდას ავალდებულებს, რათა შეუსაბამონ იგი რუსეთისას. ბელორუსსა და ყაზახეთში იმპორტი ბევრად გაძვირდება. შესაბამისად, ეს ქვეყნები მეტად დამოკიდებულნი გახდებიან რუსულ ბაზარზე. ამ ქვეყნების ეკონომიკა კონცენტრირდება მხოლოდ იმ პროდუქტების წარმოებაზე, რისი მოთხოვნაც იარსებებს რუსულ ბაზარზე. საინტერესოა, რომ საბაჟო კავშირი თითქმის მთლიანად რუსული ტარიფების მიხედვით არის შექმნილი.
განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს კავშირის გაფართოების პოლიტიკა. რუსეთ-ბელორუს-ყაზახეთის კავშირი სწრაფი გაფართოებისკენ არის მიმართული და აპირებს მთლიანად მოიცვას ყოფილი საბჭოეთი. შეთავაზება უკვე მიიღო უკრაინის ახალმა პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა, რომელმაც დროებით თავი შეიკავა პასუხისგან. კავშირში გაერთიანების სურვილი გამოთქვეს ყირგიზეთმა, ტაჯიკეთმა და სომხეთმა.
ეკონომიკურ კავშირში ზოგიერთი მკვლევარი პირდაპირ ახალ საბჭოთა კავშირს ხედავს. ვლადიმირ პუტინი, რომელმაც საბჭოთა კავშირის დაშლას საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური შეცდომა უწოდა, დღეს ახალი ეკონომიკური კავშირის სულისჩამდგმელია. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს იგორ შუვალოვის განცხადება. მისი თქმით, შემდეგი ლოგიკური საფეხური არის ევროს მოდელზე დაფუძნებული საერთო ვალუტის შექმნა. ამასთან, ფინანსთა მინისტრ ალექსეი კუდრინის განაცხადებით, რუსეთმა, როგორც ყველაზე დიდმა ენერგომიმწოდებელმა, შეიძლება ენერგია რუბლში გაყიდოს. ეს კი რუსულ რუბლს საშუალებას მისცემს ევროსა და დოლარს გაუწიოს კონკურენცია. კავშირში უკრაინის ინტეგრაციის შემთხვევაში, მისი მოსახლეობა 213 მილიონამდე გაიზრდება და იგი ევროკავშირიდან ჩინეთამდე იქნება გადაჭიმული.
შუვალოვის ინიციატივას არც მინსკში და არც აშხაბადში ენთუზიაზმით არ შეხვედრიან. ექსპერტების განცხადებით, ბელორუსის პრეზიდენტს ალექსანდრ ლუკაშენკოს არ სურს ბელორუსის ცენტრალურ ბანკს მოსკოვი აკონტროლებდეს. ასევე, მხარეები ვერ თანხმდებიან ნავთობის ექსპორტის ვალდებულებებზე კავშირის პირობებში. რაც შეეხება ყაზახეთს, მისი ვალუტა ბოლო დროს საკმაოდ კონკურენტულია, მას გაუძნელდება ამ უპირატესობის დათმობა.
საერთო საბაჟო სისტემა ვერ უზრუნველყოფს ეკონომიკურ თავისუფლებას, თუ მასში შემავალ ქვეყნებს საგარეო ვაჭრობა შეზღუდული აქვთ მაღალი ტარიფების გამო. შესაბამისად, რუსეთ-ბელორუს-ყაზახეთის ეკონომიკური კავშირი ემსახურება არა ეკონომიკურ წინსვლას, არამედ პოლიტიკური ზეწოლის გაზრდას.


 

კომენტარები