პატარა ომი, რომელმაც შეძრა მსოფლიო

 საქართველო დასავლეთის „უხერხული სიმართლეა”. რონალდ ასმუსი ამას, მართალია, ასე პირდაპირ არ ამბობს, მაგრამ სწორედ ეს არის მისი შესანიშნავი წიგნის გზავნილი. „პატარა ომი, რომელმაც შეძრა მსოფლიო” 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომის ისტორიის პირველი ვერსიაა.
ასმუსი მოგვითხრობს რუსეთის ქმედებებზე სამხრეთელი მეზობლის მიმართ, რაც დისონანსშია ობამას ადმინისტრაციის „გადატვირთვის” პოლიტიკასთან. ვაშინგტონი აცხადებს, რომ მოსკოვთან მჭიდრო თანამშრომლობა სურს, ოღონდ არა ამერიკის ისეთი მეგობრების ხარჯზე, როგორიც საქართველოა. ასმუსის წიგნში ნათლად ჩანს, რის გასაკეთებლად არის მზად მოსკოვი, რათა შეაჩეროს მის, ეგრეთ წოდებულ, „გავლენის პრივილეგირებულ სფეროში” შემავალი ქვეყნების ლტოლვა დასავლეთისაკენ. აგრესიული პოზიცია მოსკოვს ძვირი უჯდება - დასავლეთთან ახლო ურთიერთობები უფუჭდება, მაგრამ, როგორც საქართველოში განხორციელებული ქმედებებიდან ჩანს, კრემლს ეს უღირს. მან ისიც გაიგო, რომ შეუძლია დაარღვიოს საყოველთაოდ აღიარებული ნორმები და მეზობლებს, რომლებიც ნატოს წევრები არ არიან, ისე მოექცეს, როგორც მოესურვება. ამაზე პასუხს არც არავინ მოსთხოვს.
ასმუსის წიგნის მთავარი იდეა ის არის, რომ ომი 2008 წლის აგვისტოში არ დაწყებულა. ომი წინა თვეებში მზადდებოდა - თანმიმდევრულად, სკრუპულოზურად - საერთაშორისო საზოგადოებრიობის თვალწინ. წიგნში დოკუმენტურად არის აღწერილი, რომ რუსეთს - კერძოდ, ვლადიმირ პუტინის კრემლს - კარგა ხანია, მიზანში ჰყავდა ამოღებული მიხეილ („მიშა”) სააკაშვილი და რუსეთის ხელმძღვანელობა ყველაფერს გააკეთებდა, რათა შეეჩერებინა საქართველოს ინტეგრირება ევროპულ სტრუქტურებში, განსაკუთრებით, ნატოში.
ასმუსის წიგნი, რომელიც უამრავ ინტერვიუს ეფუძნება, მნიშვნელოვანი საპირწონეა მოსკოვის ვერსიისა, რომ საქართველოს ირაციონალურმა, ამბიციურმა და უპასუხისმგებლო ლიდერმა, სამხრეთ ოსეთში ქართული ჯარის შეყვანის ბრძანებით, საქართველოში რუსეთის შემოჭრის პროვოცირება მოახდინა. მართლაც, დასავლეთში ბევრმა ძალიან იჩქარა, მსხვერპლი დაედანაშაულებინა. თუმცა, დამნაშავე რუსეთი იყო - იგი წლების მანძილზე ბლოკავდა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის „გაყინული კონფლიქტების” მოგვარებას, ომის წინა თვეებში კი საქართველოს წინააღმდეგ გამომწვევი ნაბიჯები გადადგა, რითაც საერთაშორისო თანამეგობრობის რეაქციას ამოწმებდა. რუსეთის დაუფარავი თავხედობა ნორმად იქცა. გამყარდა მოლოდინი, რომ სერიოზული კრიზისი მწიფდებოდა. ამის შესახებ სააკაშვილი განუწყვეტლივ აფრთხილებდა დასავლეთს, რომელსაც ყურადღება მოედუნებინა.
როგორც მაშინდელმა მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, სტივენ ჰედლიმ თქვა, „პუტინს წყენა დაუგროვდა. მას მიაჩნდა, რომ დასავლეთმა რუსეთის სისუსტით ისარგებლა და ამ ქვეყნის ხარჯზე საკუთარი ინტერესები გააძლიერა. პუტინი ეძებდა შესაძლებლობას, ანგარიში გაესწორებინა დასავლეთთან და აღედგინა რუსეთის, როგორც ძლიერი სახელმწიფოს სტატუსი, რომლის ინტერესებსაც ანგარიშს გაუწევდნენ”.
ასმუსი კრიტიკას არ იშურებს დასავლეთის, განსაკუთრებით, შეერთებული შტატების მისამართით იმის გამო, რომ ვერ განჭვრიტეს და ვერ შეძლეს სამხედრო დაპირისპირების პრევენცია; ამ კონფლიქტისთვის ნოყიერი ნიადაგი შექმნეს კოსოვოსთან დაკავშირებით და ბუქარესტის ნატოს სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებებით. ბალკანეთის კონფლიქტის მოგვარებაში ჩადებულ რესურსთან შედარებით, დასავლეთის სტრატეგია კავკასიის მიმართ ამ კონფლიქტების ნაკლებ პრიორიტეტულობის ან რუსეთისადმი მეტი მოწიწების მაჩვენებელი იყო. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ახლომხედველმა დასავლეთმა რუსეთს შუამავლის როლი დააკისრა იმ კონფლიქტებში, რომლებშიც მას უზარმაზარი ინტერესი ჰქონდა. ამ სტატუსით რუსეთმა მოახერხა, გვერდზე გაეწია დიპლომატიური საშუალებები და კონფლიქტი დააკონსერვა. დასავლეთი ამის მოწმე იყო, მაგრამ სერიოზული არაფერი მოუმოქმედებია უიმედო ვითარების შესაცვლელად. ამრიგად, 2008 წელს რუსეთი საქართველოს მიმართ თავის სტრატეგიას ახორციელებდა.
მიგვაჩნია, რომ ასმუსი აზვიადებს კოსოვოს დამოუკიდებლობის გავლენას რუსეთის გათვლებზე საქართველოს მიმართ. მართალია, რუსეთმა სცადა კოსოვოს გათანაბრება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან, მაგრამ რეალურად, მათ შორის მსგავსება არ არსებობს. კოსოვომ დამოუკიდებლობა მიიღო ათწლიანი დიპლომატიური მოლაპარაკების შემდეგ. ეს პროცესი ემყარებოდა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას კოსოვოს საბოლოო სტატუსის დადგენის შესახებ. საქართველოსთან დაკავშირებით საქმე სულ სხვაგვარად იყო - წლების მანძილზე უშიშროების საბჭო იღებდა რეზოლუციებს, რომლებშიც რუსეთი მხარს უჭერდა ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას. ამიტომ, საქართველოსთან ომის შემდეგ, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისათვის დამოუკიდებლობის მინიჭება იყო ნაჩქარევი, ცალმხრივი და ძალადობრივი ნაბიჯი. მოლაპარაკების მცდელობაც კი არ ყოფილა. ეს მისია რომ შეასრულა, რუსეთმა ამ ორი კონფლიქტური რეგიონიდან (რომლებსაც საერთაშორისო თანამეგობრობა საქართველოს ნაწილებად მიიჩნევს) გაერო და ეუთო გამოაძევა, ევროკავშირი კი არ დაუშვა.
ასმუსის კრიტიკა დასავლეთის მიმართ გამართლებულია, ვინაიდან ეს კონფლიქტი ეხებოდა არა სამხრეთ კავკასიის ტერიტორიის ნაწილებს, არამედ ევროატლანტიკური ინტეგრაციის უფრო ფართო სტრატეგიას. ცივი ომის დასრულების შემდეგ აშშ-ს ყველა ადმინისტრაცია ამ მიმართულების მომხრე იყო, თუმცა ზოგიერთი ევროპელი მოკავშირის მხრიდან ყოველთვის არ გრძნობდა ამის დიდ მხარდაჭერას.
უდავოა, რომ ომმა დიდი დანაკარგები მოუტანა საქართველოს. თუმცა, ევროპამაც დიდი წარუმატებლობა იგემა, ვინაიდან მას ევროატლანტიკური ინტეგრაციის გაფართოების ამბიცია ჰქონდა. ძნელია, გამიჯნო რუსეთის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული სარგებელი იმ დამაჯერებელი ქმედებებისგან, რომლებსაც მოსკოვი მისი მეზობლების, მათ შორის, უკრაინისა და ყირგიზეთის მიმართ ახორციელებს.
საქართველოში შეჭრით რუსეთმა დაარღვია ევროპული უსაფრთხოების სისტემის ფუძემდებლური პრინციპები - საზღვრების შეცვლის დაუშვებლობა; ყველა ქვეყნის თანაბარი უსაფრთხოება; ნებისმიერი ქვეყნის უფლება, აირჩიოს, რომელ გაერთიანებას შეუერთდეს; სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე სამხედრო ძალის განთავსების დაუშვებლობა მასპინძელი ქვეყნის თანხმობის გარეშე. ყველაზე დიდი გამოწვევა ახლა იმის უზრუნველყოფაა, რომ ამ პრინციპებს მსგავსი საფრთხე აღარ დაემუქროს.
ამ ომის მთავარი გაკვეთილი დასავლეთისთვის არის ის, რომ არ დაივიწყოს საქართველო. საერთაშორისო წარმომადგენლობის გარეშე დარჩენილ კონფლიქტის ზონაში სიტუაცია ცვალებადი და დაძაბული რჩება; დასავლეთი ვერ ჩათვლის, რომ კონფლიქტი არ განახლდება. საქართველო - ისევე, როგორც რუსეთის სხვა მეზობლები - განიცდის ზეწოლას, რომელიც უფრო დახვეწილი და დაფარულია, ვიდრე სამხედრო ქმედება.
ასმუსის წიგნი სასარგებლოა იმით, რომ გვახსენებს - კონფლიქტები სპონტანურად არ იწყება. არც წარმატების მაგალითები ჩნდება შემთხვევით მსოფლიოს ამ ნაწილში. საქართველომ დაუღალავად უნდა იშრომოს, რომ მდგრადი დემოკრატიისა და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის ქვეყნად იქცეს. თავის მხრივ, ვაშინგტონმა და ბრიუსელმა უნდა გააგრძელონ ამ პროცესის მხარდაჭერა და რუსეთის დარწმუნება, მოიშოროს თავისი ყველაზე ცუდი ინსტინქტები.
ფრედერიკ კემპი არის ატლანტიკური საბჭოს ხელმძღვანელი, ხოლო დეიმონ უილსონი ამ საბჭოს საერთაშორისო უსაფრთხოების პროგრამის დირექტორი.

ტაბულა მადლობას უხდის ევროპულ ინსტიტუტს (The European Institute)

კომენტარები