(ميناكار)

 ტაბულას მე-17 ნომერში ვკითხულობთ: “ცივილიზებულ მსოფლიოსა და ჩვენ შორის შუამავლები იყვნენ ბერძნები, სპარსელები, არაბები, თურქები და რუსები, რომლებიც დროდადრო ახალი ცოდნითა და ახალი სიტყვებით გვამარაგებდნენ”. ციტატის ავტორს, ლექსო მაჭავარიანს ეს ფრაზა ილიას იდენტიფიკაციის შესახებ აზრის გასავითარებლად დასჭირდა, თუმცა ვფიქრობ, მაგალითებიც რომ მოეყვანა, არ იქნებოდა ურიგო. ამ დანაკლისის ამოვსებას მე ჩემს სვეტში (ან მომავალ სვეტებში) შევეცდები.
ერთხელ ჰომო დენტისტიკუსებს, ანუ სტომატოლოგებს შორის ერთ “სწავლულ” დიალოგს შევესწარი. პირველი მათგანი უმტკიცებდა მეორეს, “ემალი” რუსული სიტყვაა და ქართულად “მინანქარი” ჰქვიაო. კამათში ისე გაერთნენ, რომ კინაღამ ბურღი ჩამატოვეს პირის ღრუში, თუმცა მე ამ მდგომარეობაში კამათში ჩარევა ვერ შევძელი და გატრუნული და პირდაპირი მნიშვნელობით პირდაფჩენილი ვუსმენდი ხან ერთ, ხან მეორე მხარეს. კამათი დასრულდა და მე შინისაკენ გავეშურე. გზაში კი იმაზე ვფიქრობდი, რომ ასეთი “სწავლული” დიალოგები ყოველთვის იმ ტექნოლოგიების გარშემო იბადება, რომელთა შემქმნელები ქართველები არასოდეს ყოფილან, შესაბამისად, მათი აღმნიშვნელი საკუთარი სიტყვები როგორღა უნდა გვქონდეს?!
“მინა” (ميناء) არაბულად მინანქარს/ემალს ჰქვია, რომელიც სპარსულში ამავე ჟღერადობით შევიდა და იქვე დაემატა საქმის აღმნიშვნელი ბოლოკიდურა “ქარ” (كار) და საბოლოო სახით “მინაქარ” (ميناكار) სპარსულში მინანქრის სპეციალისტის მოსახსენიებელ სიტყვად იქცა, “მინაქარი” (ميناكاري) კი – ამ სპეციალისტის შრომის შედეგად. როგორც ჩანს, ჩვენთან “ნ” შუაში კეთილხმოვნების გამო ჩაემატა და საბოლოოდ “ჭეშმარიტად” ქართული სიტყვა “მინანქარი” მივიღეთ. რაც შეეხება სიტყვას “эмаль”, რომელიც ფრანგულად გამოიყურება როგორც émail (ელექტრონულ ფოსტაში არ აგერიოთ), ის ჯერ ფრანგულის გზით მოხვდა რუსულში და შემდეგ ჩვენი რუსეთუმე წინაპრების წყალობით გაქართულდა კიდეც. შესაბამისად, ძნელი სათქმელია რომელი სიტყვა უფრო “ქართულია” – ემალი თუ მინანქარი!
მე-19 საუკუნეში იყო მცდელობა, რომ არაბული “მურაბა” ფრანგული “კონფიტიურ”-ით ჩანაცვლებულიყო. დღემდე მიმდინარეობს სპარსული “პერანგისა” და რუსული “საროჩკის” ხელჩართული ბრძოლა. რუსულმა “სტოლ”-მა არაბულ “მაგიდა”-სთან პირწმინდად წააგო და ინგლისურ “ივენთ”-სა და ქართულ “მოვლენას” შორის მატჩში “ივენთი” მცირე ანგარიშით იმარჯვებს. ასევე შეეჭიდნენ ერთმანეთს ქართული “წვეულება” და ინგლისური “ფართი” და ვინ იცის კიდევ რამდენი ასეთი ბრძოლა მიმდინარეობს ჩვენს დროში, რამდენი ასეთი ბრძოლა გაიმართა და რამდენი “დამარცხებული” სიტყვა მიეცა დავიწყებას.
სულხან-საბას “სიტყვის კონა” სწორედ ის ადგილია, სადაც დაინტერესებულ ადამიანს ამ “დამარცხებული” და გამქრალი სიტყვების მოძებნა შეუძლია. ასე მაგალითად, სულხან-საბა ბრძანებს “არაყი” ოფლია არაბულად და ქართულად “იყი” ჰქვიაო. “ბატი” სომხური სიტყვაა და “ღერღეტი” დაუძახეთო. “გიშერ”-იც სომხურია (ღამეს ნიშნავს) და ქართულად “სათი” ეწოდებაო და ა.შ. მაგალითები იმაზე მეტია, ვიდრე შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, თუმცა ამ ძველი და თანამედროვეობისათვის არაფრისმაქნისი სიტყვების გახსენება ხანდახან სასარგებლოა თუნდაც იმიტომ, რომ “ზექართულ” სიტყვებში შეყვარებულ ადამიანებს შევახსენოთ ან გავაგებინოთ, რომ ის სიტყვები, რომლებსაც ისინი ასე თავგანწირვით იცავენ, არაფრით აღემატებიან თანამედროვე ბარბარიზმებს.
ჩვენად წოდებული ქართული ენა პალიმფსესტს მაგონებს, რომელიც ორას-ორასი (ან უფრო მეტი) წლით ჰქონდათ მფლობელობაში ლექსო მაჭავარიანის მიერ ჩამოთვლილ ერებს: ბერძნებს, სპარსელებს, არაბებს, თურქებს, რუსებს... ახლა ამერიკელთა ჯერია და ყოველი “დამპყრობი”, თუ ცივილიზაციასთან ჩვენი დამაკავშირებელი მედიუმი ერი სიტყვების ახალი კომპლექტით “ამდიდრებდა” მას და საბოლოოდ, ქართული ენის სახით პირველყოფილი ტაბულა რაზადან მრავალშრიანი პალიმფსესტი მივიღეთ.

P.S. ზემოთ აღწერილი “სწავლული” დიალოგები კი, ჩემი აზრით, ამ პალიმფსესტის უნაყოფო ფხეკაა და მეტი არაფერი.

კომენტარები