გურიის პარადოქსი

ტექსტი პირველად გამოქვეყნდა ივლისში, ავტორის საიტზე

ანუ როგორც ერთი ჩემი მეგობარი იტყვის: მსოფლიო ორ ნაწილად იყოფა — გურულები და დანარჩენი.
"ხოლო გურია არა წილი ეგროსისა არს, არამედ ქართლოსისა".
ამიტომაც გურია პარადოქსების მხარეა, თუ პარადოქსული.
ამაზე ქვემოთ.

გურია ნამდვილად არის ლამაზი.
გურია არნახულად ღარიბია.
შეიძლება იმიტომ, რომ წარუმატებული ექსპერიმენტების "საუკეთესო" პოლიგონია: იზაბელა (ცნობილი ადესად), დაფნა, ტუნგო და ფრანგულა მსხალი, სოფელ მერიის სამხედრო ქალაქი, შეკვეთილის ლაბორატორიები და ათასი წამოწყებული და ვერაღსრულები საქმე.
ამის გამო გურულებს ხშირად აბრალებენ, რომ ნაჩქარევი გადაწყვეტილების და მოქმედების ხალხია, სიახლეებს გადამატებულად ამყოლი... და ისინი მართლები არიან.

გურულები ხშირად წუწუნებენ, რომ ამხელა ნიჭის პატრონი ხალხია და განგებას შურს მათი – არასოდეს უმართლებთ... და ისინიც მართლები არიან.
გურულებს უყვართ შრომა — ერთი ოთხმაცდაათს გადაცილებული გლეხი, ჩემს თვალწინ სასიკვდილო სარეცელზე, სრულიად უგონოდ იქნევდა ხელს — თითქოს თოხნიდა.
მაგრამ გურია არნახულად ღარიბია.

გურიის მთა და ბარი განსხვავდება, მე მათ სუნით ვცნობ, რადგან ორივეგან მიცხოვრია. ჩემთვის მთას ანწლის, შუაცეცხლით გაბოლილი კედლების და თხის კურკლის სუნი აქვს, ბარს — ოდნავ მომპალი მანდარინის, ერთნახადი არაყის და სკოლის მერხის. 
გურიაში არის ნისლიანი ბახმაროც და მაგნიტურ ქვიშიანი ურეკიც, ვაზიანი ბახვიც და ციტრუსიანი შრომა. (ზუსტად ასეთ ფრაზებს წააწყდებით ოთხმოციანი წლების "საიმიჯო ალბომებში", ვთქვათ მსგავსი სახელით — "მწვანე ოქროს ქვეყანა")
ანუ გურია მდიდარიცაა.

რა ამის პასუხია და მიუხედავად კრიმანჭულისა, გურიაში ტირილი უფრო უყვართ, ანუ დატირება. ხოლო დაკრძალვის რიტუალში ნადვილად არის კარნავალურობის მიმზიდველი სიჭარბე. ხშირად ვხლებივარ ჭირისუფალს ერთი სოფლიდან მეორეში და მინახავს ქალების საოცარი მეტამორფოზა — საწებლის რეცეპტიდან მომენტალურად მოთქმა-ვაებაზე გადასვლა. ყველაზე საოცარი ის არის, რომ ორივე მდგომარეობა (საწებელი და ვაი-ვიში) ჩემთვის არნახულად ბუნებრივია.
სწორედ ეს არის გურულობის პარადოქსი.

გურულები გულწრფელები არიან მაშინ, როცა თავგანწირვით გაძალებენ ღვინოს და პურ-მარილს, ლამის დანას გაბჯენენ ყელზე, რომ რაც უნდა გეჩქარებოდეს, ქეიფი განაგრძო და მაშინაც, როცა უკვე წასულ სტუმარს ზედმეტი ჭამა-სმისა და ნამეტანი გვიანამდე დარჩენის გამო ლანძღავენ. (ადგილის, დროის და მოქმედების ერთიანობა დაცულია).
გულწრფელები არიან როცა "ქვეყნის დამაქცევარ შევარდნაძეს" წყევლიან და როცა მისი "გურული წარმოშობით" ამაყობენ.
და ასე შემდეგ.

"რაფერ ხარ? როის ჩამოი? როის მიხვალ?"
ეს კითხვები ერთ მთლიანობად, სხაპასხუპით დაისმის და მათი ირიბი დატვირთვა დღემდე არ მინდა ამოვიცნო.
გურიაში კეთილი ხალხი ცხოვრობს.

გურულებს (ალბათ როგორც ყველა ქართველს) ზღვა არ უყვართ, ანუ არასდროს უყურებენ მას, როგორც სხვა საზღვაო ქვეყნის შვილები. რაღაც გაუცნობიერებელი შიში აშორებთ მასთან. ცხენოსანი გურული (გავიხსენოთ ამერიკული ოდისეა) რატომღაც უფრო ბუნებრივი სიტყვათშეთანხმებაა, ვიდრე ნაოსანი გურული. ზაფხულობით, ნაპირს სულ რაღაც სამიოდ კილომეტრით დაშორებული სოფლიდან ისეთივე მოწიწებით მიდიან საბანოდ, როგორც ვთქვათ კახეთიდან ჩამოსული სტუმრები, ფრაზა "ზღვაზე მივიდივარ" ამ ორი კუთხის მცხოვრებისთვის ზუსტად ერთნაირი მნიშვნელობის მატარებელია.

კარგად მახსოვს საბჭოთა დროს ეგზომ პოპულარული დიზელის ავზები (გნებავთ "სალიარკის ბაკი"), რომელიც თითქმის ყველა ეზოში იდგა, როგორ დანანებით დაჭრეს და გადააკეთეს ე.წ. თურქულ ღუმელად — მეგონა ვინმე ახლობლის სიცოცხლეს ემშვიდობებოდნენ.
ასევე დიდი სიმძიმილი დაჭირდა ნაყანარზე (რომელიც ოდესღაც ნაჩაიარი იყო), თხილის გაშენებას (კიდეებზე კივის არც თუ წარმატებული დარგვის შემდეგ).

გურიაში ღმერთი თავისებურად სწამთ, პირჯვარს ისე სწრაფად იწერენ, მამაზეციერი ვერაფრით შეამჩნევს.
გურულების საუბრიდან ორ სიტყვას თუ მოკრავ (წაკრავ, გამოკრავ) ყურს, კმაყოფილი უნდა დარჩე.
სოფელ ლიხაურში, ძველ კლუბში საქართველოში ერთ-ერთი პირველი დისკოთეკა გამართეს.
ბევრ გურულს საწერ მაგიდაზე ამერიკის დროშა აქვს გადაფენილი.
სოფელ ნატანებში, რკინიგზის სადგურის მოედანზე სტალინის შთამბეჭდავი ძეგლი დგას.
გურულებს ჭყინტი ყველის ჭამა უყვართ.
თვალის ჩაპაჭუნებაც.

გურია "სიცოცხლის სამოსახლოა", რაც, რა თქმა უნდა, ნიშნავს : "გურიაში რა გინდოდა, თუ სიკვდილი არ გინდოდა".

კომენტარები