დათვებზე ნადირობის სეზონი ოფიციალურად გაიხსნა

ყოველ თებერვალს, ბერლინში, დათვებზე ნადირობის სეზონი იწყება.

10 დღის მანძილზე, ქალაქის 20-მდე სხვადასხვა კინოდარბაზში 500-მდე კინოჩვენებით, 500 ათასზე მეტი მაყურებლით, 16 ათასი აკრედიტირებული სტუმრით, წითელ ხალიჩაზე სიფრიფანა კაბებში სეირნობით და ავტოგრაფის მოლოდინში, მინუსიან ყინვაში საათობით ატუზული ფანებით – ეს, ბერლინალეა. კინოსამყაროს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ფესტივალი. ფესტივალი – პოლიტკორექტულობასა და გლამურს შორის.

მეორე მსოფლიო ომიდან 6 წელია გასული. საკინოფესტივალო რუკაზე, კანი სულ ახალი აღმოცენებულია. კიდევ ერთი კანი? დასავლეთ ბერლინში? რატომაც არა?! ამერიკელი ოფიცრების მონდომებით, 1951 წლის 6 ივნისს ბერლინში პირველი ბერლინალე ტარდება. ახალ ფესტივალს საზეიმოდ ხსნის ალფრედ ჰიჩკოკის ფილმი “რებეკა”. ბერლინურ დათვებს იმ დროის ცნობილი მოქანდაკე რენე სინტენისი ამზადებს. ახლად შექმნილ ფესტივალს რამდენიმე წლის მანძილზე საერთაშორისო ჟიური არ ჰყავს, გამარჯვებულ ფილმებს კი მაყურებელი ასახელებს. სწორედ ამ უკანასკნელის “დამსახურებით”, 1952 წელს პრიზების გარეშე რჩება აკირა კუროსავას “რასიომონი” და ჟან რენუარის “მდინარე”.

60-იან წლებში ბერლინალე დაშვებული შეცდომების გამოსწორებას ცდილობს და მთლიანად ცვლის საკუთარ პოლიტიკას: ახალი შენობა, მოწვეული საერთაშორისო ჟიური, მოპატიჟებული ვარსკვლავები, რომელთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება და 180 გრადუსით ევროპული კინოსკენ შემოტრიალება. ამის შედეგად, ფესტივალზე ერთიმეორეს მიყოლებით იმარჯვებენ: ინგმარ ბერგმანი, კლოდ შაბროლი, ჟან-ლუკ გოდარი, მიქელანჯელო ანტონიონი...

70-იან წლებში ფესტივალი საერთაშორისო სახელს იხვეჭს. იკვეთება ის, რაც ყოველთვის განასხვავებდა ბერლინალეს სხვა, “ა” კლასის კინოფესტივალებისგან – პოლიტიკა და სოციალური თემატიკა. ამ თემების დამსახურებაა, რომ ბერლინალე განუწყვეტლივ, ყურადღების ეპიცენტრში იყო. 1970 წელს ფესტივალი გამარჯვებულების გარეშე, სკანდალით იხურება. ჟიურის თავმჯდომარე, ამერიკელი რეჟისორი ჯორჯ სტივენსი “ანტიამერიკულობის” გამო პროგრამიდან მაიკლ ვერხოვენის ფილმის “O.K.” ამოღებას ითხოვს. ესაა ფილმი, სადაც, რბილად რომ ვთქვათ, ვიეტნამში ამერიკელი ჯარისკაცების “ქმედებებია” ასახული. ასევე სკანდალით სრულდება 76-ში ნაგისა ოშიმას “გრძნობათა იმპერიის” ჩვენება, რის შემდეგაც პროგრამა ფორუმის დამაარსებელს, ულრიხ გრეგორს პორნოგრაფიის გავრცელებაში სდებენ ბრალს.

საფესტივალო „თავგადასავლების” და “ბრალდებების” კასკადის მიუხედავად, რომელსაც, სიმართლე უნდა ითქვას, ბერლინალე მშვენივრად „ირგებდა” ხოლმე, ფესტივალი ძიებას აგრძელებდა. ცდილობდა ეპოვა და აღმოეჩინა ახალი სახელები, ახალი კინოქვეყნები. 70-იანებიდან მოყოლებული ფესტივალზე ჩნდება ფილმები საბჭოთა კავშირიდან, ყველასთვის უცნობი სამხრეთ ამერიკული თუ აფრიკული კინო. შეიძლება ითქვას, რომ სამხრეთ-აღმოსავლური ქვეყნების კინოპოეზიის, მათ შორის კორეული კინოს აღმოჩენაც, სწორედ  ბერლინალეს დამსახურებაა.

მოპარული „ხოდორკოვსკი” და ცარიელი სკამი პანაჰისთვის

არ ვიცი რისი ბრალია, მაგრამ უკვე რამდენიმე წელია, ბერლინალე დათვებს ერთმანეთზე უფრო “გაპრიალებულ”, საგანგებოდ კონკურსისთვის დამზადებულ, საოცარი სიმეტრიულობით აწყობილ ფილმებს ჩუქნის. ამისათვის ბერლინალეს შარშანდელი გამარჯვებულის ხსენებაც კმარა – თურქი რეჟისორის სემი კაპლანოღლუს “თაფლი”, რომელიც იმდენად ტკბილი იყო, მეეჭვება დიდი წვალების გარეშე შეძლებოდა ვინმეს მისი “გასინჯვა”.

წლევანდელ ფესტივალზე ყველა კრიტიკოსი ერთხმად აღიარებს, რომ საკონკურსო პროგრამა საკმაოდ უღიმღამოდ გამოიყურება. ოფიციალურ ნაწილში ვეტერანი, უნგრელი ბელა ტარის გარდა თითქმის ყველა დებიუტანტია, რომელთა შორისაა მსახიობი რალფ ფაინსიც. თუმცა ვინ იცის, იქნებ ეს ფესტივალის დირექტორის, მუდამ მომღიმარი დიტერ კოსლიკის გათვლაა, რომელმაც დღემდე ვერ აპატია კანს რუმინელი კრისტიან მუნჯიუს აღმოჩენა და ახალი სახეების ძიებაშია “დაკარგული”.

კანზე გამახსენდა. 2010 წლის კანის გახსნის ცერემონიაზე, მაშინ როდესაც კრისტინ სკოტ ტომასი მოსულ სტუმრებს სცენიდან „ართობდა”, ჟიურის გვერდით ცარიელი სკამი იდგა, წარწერით – ჯაფარ პანაჰი. ფესტივალის დირექციამ ამ ფორმით გამოხატა თანადგომა და გვერდში ამოუდგა აჰმადინეჟადის მთავრობის რეპრესიების მსხვერპლს, ირანელ რეჟისორს, რომელიც ანტისახელმწიფოებრივი ფილმების კეთების ბრალდებით ციხეში იყო გამომწყვდეული. მიუხედავად იმისა, რომ მის ფილმებში სისტემის აშკარა კრიტიკაა, პანაჰი საკუთარ თავს სოციალური ფილმების რეჟისორს უწოდებდა, მისი ფილმები ხომ ყოველთვის უტრიალებდა სოციალურ თემებს. კანის, ვენეციის და ბერლინალეს გამარჯვებული, რომელიც ხმამაღლა აკრიტიკებდა ირანის მთავრობას და ბრალს სდებდა პრეზიდენტს მისი ხალხის უფლებების დარღვევაში, პირველად 2009 წელს დააპატიმრეს. მაშინ ის აქტივისტებთან ერთად საპროტესტო აქციის დროს მოკლული გოგონას – ნედა სოლტანის საფლავზე მივიდა. მართალია, მაშინ მწვანეთა მოძრაობის წევრი რეჟისორი გაათავისუფლეს, თუმცა საბუთები ჩამოართვეს და ქვეყნიდან გასვლა აუკრძალეს. მეორედ კი პანაჰი 2010 წლის 1 მარტს, პირდაპირ სახლიდან აიყვანეს. მიუხედავად იმისა, რომ არ დარჩა კინოსამყაროში ვარსკვლავი თუ მეგავარსკვლავი, რომელმაც ირანის მთავრობას საპროტესტო წერილით არ მიმართა, პანაჰს არათუ შეუმსუბუქეს მდგომარეობა, პირიქით, 2010 წლის დეკემბრის მიწურულს 6 წელი მიუსაჯეს. მას აეკრძალა ადგილობრივ თუ უცხოურ პრესასთან ურთიერთობა, სცენარების წერა და, რაც მთავარია, 20 წლის განმავლობაში ფილმების გადაღება.

პარადოქსია, მაგრამ თუ შარშანდელ ბერლინალეზე, საუკეთესო რეჟისურისთვის დაჯილდოებულ რომან პოლანსკიზე დარბაზში იხუმრეს კიდეც – „პოლანსკის პრიზს ახალ გეტოში საზეიმოდ გადასცემენო” (შეგახსენებთ, რომ იმ დროს რეჟისორი პატიმრობაში იმყოფებოდა), წლევანდელ ბერლინალეზე „გეტო” ისევ აქტუალური დარჩა.

61-ე ფესტივალი  ჟიურის თავმჯდომარემ, იზაბელა როსელინიმ გახსნა, რომელმაც დარბაზს პანაჰის ღია წერილი წაუკითხა. ბერლინალეს გახსნის ცერემონია ირანის მთავრობის საჯარო დასჯას ჰგავდაო, – დაწერა Hollywood reporter-მა. ამონარიდი წერილიდან:

–„კინორეჟისორის სამყარო რეალობისა და გამოგონილის ურთიერთქმედებით იქმნება. ამ რეალობაში მე ამიკრძალეს ფიქრი და წერა 20 წლის მანძილზე. მაგრამ ისინი ვერ ამიკრძალავენ იმაზე ოცნებას, რომ ინკვიზიციის და დაშინების წლებს აუცილებლად მოჰყვება თავისუფლება. მათ მე ოცწლიანი დუმილი მომისაჯეს”.

 „მიუხედავად იმისა, რომ ეს საჯარო წერილი დიდ პრობლემებს შეუქმნის, – განაცხადა კოსლიკმა, – პანაჰის წერილი მისივე თხოვნით წავიკითხეთ”.  შეიძლება ითქვას, რომ წლევანდელი ბერლინალე, რომელზეც პანაჰის ფილმების რეტროსპექტივა გაიმართება, ირანელ რეჟისორს და მის კოლეგას, ასევე დაპატიმრებულ მუჰამედ რასულოფს ეძღვნება.

და, რა თქმა უნდა, კანის მსგავსად, ბერლინალე პალასის სცენაზე ისევ იდგა ცარიელი სკამი წარწერით – პანაჰი.

„ეს ყველაფერი ისე გამოიყურებოდა, როგორც... ცუდ ფილმში”, განაცხადა 4 თებერვალს, Deutsche Welle-სთვის მიცემულ ინტერვიუში გერმანელმა რეჟისორმა სირილ ტუშიმ, მას შემდეგ, რაც ოფისში დილით მიბრუნებულს ჩატეხილი კარი და 4 გამქრალი კომპიუტერი დახვდა. ამ კომპიუტერებში ინახებოდა იმ ფილმის მასალა, რომელზეც ტუში 5 წლის მანძილზე მუშაობდა. ის ხომ ერთადერთი იყო, ვინც მოახერხა და ЮКОС-ის მფლობელს მიხაილ ხოდორკოვსკის პირდაპირ სასამართლო დარბაზში ჩამოართვა ვიდეოინტერვიუ. 200-საათიანი მასალიდან, სადაც პუტინის „პირადი პატიმრის” მთელი ცხოვრება იყო თავმოყრილი, ტუშიმ 100-წუთიანი დოკუმენტური ფილმი “ხოდორკოვსკი” გააკეთა, რომლის ჩვენება პროგრამა პანორამას ფარგლებში უნდა გამართულიყო. როგორც ბერლინის პოლიციამ განაცხადა, “ეს იყო მაღალ დონეზე, პროფესიონალების მიერ ორგანიზებული ძარცვა. იგი არ იყო შემთხვევითი და ემსახურებოდა კონკრეტულ მიზანს”, რადგან, სხვა თუ არაფერი, მძარცველებს არაერთი ძვირადღირებული ტექნიკა “დარჩათ” ოფისში. თუ ამ ყველაფერს ერთი თვის წინანდელ ამბავს დავუმატებთ, როდესაც ტუშის სასტუმრო ოთახიდან მისი ნოუთბუქის მყარი დისკი აორთქლდა, მაშინ კრემლის მისამართით ბევრი კითხვა ჩნდება. პრესისთვის მიცემულ ინტერვიუში კი რეჟისორმა ხოდორკოვსკის სასამართლო პროცესებს აბსურდის კომედია უწოდა და მისი დევნა ძალიან მარტივად ახსნა: ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ ხოდორკოვსკი პუტინზე ჭკვიანი და მასზე გაცილებით სიმპათიურიაო.

სულ რამდენიმე დღის წინ კი Berliner Post-ში გაჩნდა სტატია, რომლის თანახმადაც ფილმის პრემიერა მაინც იგეგმება – თუ საჭიროა, საერთოდ აღარ დავიძინებ და მთელ დროს სამონტაჟოში გავატარებო, განუცხადებია რეჟისორს.

დაბოლოს

მიუხედავად მთელი ამ პერიპეტიებისა, პოლიტიკისა თუ პოლიტკორექტულობისა, 61-ე ბერლინალეზე არაერთი საინტერესო  ჩვენება გაიმართება.

პირველ რიგში, ეს არის ძმები კოენების 10 ოსკარზე ნომინირებული ვესტერნი  “True Grit”,  რომელმაც  „დათვებზე ნადირობის”  61-ე სეზონი ოფიციალურად გახსნა.

წლევანდელი ბერლინალე ნამდვილად სწყალობს 3D ფორმატს და შავი სათვალეების მორგებას ვერნერ ჰერცოგის და ვიმ ვენდერსის კინოს მოყვარულებს სთავაზობს. განსაკუთრებით საინტერესო ვენდერსის „პინა” უნდა იყოს, რომელიც ლეგენდარული მოცეკვავის, პინა ბაუშის შესახებ რეჟისორმა 3D-ში გააკეთა.

ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში მონაწილეობას იღებს ჩერნობილის ავარიაზე გადაღებული ალექსანდრე მინდაძის ფილმი  „შაბათს”, რომელსაც უკვე უწინაწარმეტყველეს წარმატება.

აი, ეს კი ბოლოსთვის, გემრიელ დესერტად მოვიტოვე. სხვა რომც არაფერი, 61-ე ბერლინალეზე დასწრება მარტო მისი ფილმების სანახავად ღირდა – ფესტივალზე, შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმების რეტროსპექტივა გაიმართება. რეტროსპექტივა, რომლის დროში გაყინული  გმირები, ისევ ისე, სიცარიელეში ხელის ცეცებით განაგრძობენ სიყვარულის ძებნას.

კომენტარები