რევოლუცია მოდის

რევოლუცია მოდის

ჯერ ტუნისი, შემდეგ ეგვიპტე, ახლა ლიბია, ვინ იქნება შემდეგი? – ეს ის კითხვაა, რომელსაც ყველაზე ხშირად მოისმენთ ისლამურ სამყაროში მიმდინარე პროცესებზე მსჯელობისას.

ვინ და, საქართველო – ამტკიცებს ზოგიერთი ოპოზიციონერი თუ ექსპერტი.

“ამაზე საუბარი ნაადრევია” – ასე უპასუხა ჩინეთის პრემიერმა ჯო ენლაიმ, როდესაც მას ორი საუკუნით ადრე მომხდარი საფრანგეთის დიდი რევოლუციის შეფასება სთხოვეს. მერე რა, რომ მუბარაქის გადადგომიდან ჯერ ორი კვირაც არ გასულა და ისიც კი არ შეგვიძლია, დარწმუნებით ვთქვათ, რამდენადაა რევოლუცია ის, რაც ეგვიპტეში მოხდა – რიგი ქართველი პოლიტიკოსებისა, უკვე შორსმიმავალ დასკვნებს აცხობს, “ნატვრის ხის” იორამივით ყური მიწაზე დაუდია და რევოლუციის სანატრელი ხმის გაგონებას საქართველოში გაზაფხულზე მოელის.

წვანან და ელიან – უსაზღვროა მათი მოლოდინი.

აფრიკაში აგორებული საპროტესტო ტალღის შედეგად ხელისუფლების დასრულების მუქარით, ეს ხალხი მისდაუნებურად თავადვე აღიარებს საკუთარ უსუსურობას – აბა რა, სხვა კონტინენტზე დაწყებული პროცესი თუ მოახერხებს იმას, რაც თვითონ ვერ შეძლეს. ის კი არა, სააკაშვილის ზოგიერთი ოპონენტი უფრო შორს მიდის და საკუთარი უუნარობის პროეცირებას საზოგადოებაზე ახდენს – მათი თქმით, რევოლუციური პროცესის საქართველოში იმპორტირება შეუძლებელი იმიტომაა, რომ “ხალხი არ ვარგა”.  არცთუ დიდი ხნის წინ, იგივე ადამიანები, უკრაინაში იუშჩენკოსა და ყირგიზეთში ბაკიევის მარცხის გამო ხარობდნენ – ფერადი რევოლუციების ოპონენტთა გამარჯვებას დემოკრატიის ტრიუმფად ასაღებდნენ.

არ ვიცი, როგორ განვითარდება მოვლენები ტუნისში, ეგვიპტესა და ისლამური სამყაროს სხვა ქვეყნებში. უფრო მეტიც – ვინც გეტყვით, რომ იცის – გატყუებთ. ნათელი მხოლოდ ისაა, რომ ჩრდილო აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის “პატრიარქებს” ისეთივე “შემოდგომა” დაუდგათ, როგორიც ედუარდ შევარდნაძეს 2003 წლის ნოემბერში.

მრავალი სპეკულაცია მოგვისმენია იმასთან დაკავშირებით, რა მოხდება – როდის და როგორ დამთავრდება ვარდების რევოლუციის შედეგად მოსული ხელისუფლება. მერე რა, მომავლის წინასწარმეტყველება და შემდეგ იმის დასაბუთება, თუ რატომ არ ახდა წინასწარმეტყველება, როგორც ჩერჩილმა ბრძანა, პოლიტიკოსების საყვარელი სპორტია. მაგრამ, თუ სოროსთან, ამერიკელებთან და უცხოპლანეტელებთან დაკავშირებულ შეთქმულების თეორიებს არ შევიმჩნევთ, უკვე მომხდარის – ვგულისხმობ 2003 წლის ნოემბრის მოვლენებს – ასახსნელად, ხელში ერთადერთი ყურადსაღები ნარატივი გვრჩება. კერძოდ ის, რომ ვარდების რევოლუცია აღმოსავლეთ ევროპული ხავერდოვანი რევოლუციების დაგვიანებული გაგრძელებაა.

არ ვეთანხმები და ავხსნი რატომ. 

ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორის, სემუელ ჰანტინგტონის განმარტებას თუ დავეყრდნობით, რევოლუცია არის დომინანტი საზოგადოებრივი ღირებულებების, პოლიტიკური ინსტიტუტების და პოლიტიკური კურსის სწრაფი, ძირეული და რადიკალური ცვლილება.

იმისთვის, რომ ეს მოხდეს, მხოლოდ პოლიტიკური სისტემის შეცვლა არ არის საკმარისი, საჭიროა სოციალური ტრანსფორმაცია ანუ საზოგადოების მოდერნიზაცია. ამის გარეშე რევოლუცია არ შედგება – სამხედრო გადატრიალება, აჯანყება, განმათავისუფლებელი ბრძოლა – კი, მაგრამ არა რევოლუცია. სწორედ ამიტომ არის ნაადრევი ჩრდილოეთ აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების შეფასება – ჩვენ ჯერ არ ვიცით მოხდება თუ არა იქ სოციალური ტრანსფორმაცია ანუ ტრადიციულიდან, თანამედროვე საზოგადოებად გარდაქმნა.

იმის მიხედვით, რამდენად მოდერნიზებულია საზოგადოება, სადაც რევოლუცია ხდება, შეიძლება გამოვყოთ რევოლუციის ორი ტიპი – პოლიტიკური და სოციალური. პოლიტიკური რევოლუციის შედეგად ვიღებთ მეტად მოდერნიზებული საზოგადოების დემოკრატიზაციას. სოციალური  კი დემოკრატიზაციასთან ერთად ჩამორჩენილი საზოგადოების ტრანსფორმაციას გულისხმობს.

ის, რაც 80-იანი წლების ბოლოს ცენტრალურ ევროპაში მოხდა, პოლიტიკური რევოლუციის მაგალითს წარმოადგენს. ამას ცივი ომის დროინდელი ცენტრალური ევროპის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა ადასტურებს. აქ თანამედროვე ტიპის ურბანულ საზოგადოებას გარედან თავსმოხვეული ძალადობრივი სისტემა მართავდა. საზოგადოება საკმარისად მოდერნიზებული იყო იმისთვის, რომ ახალი პოლიტიკური წყობის – ლიბერალური დემოკრატიის სწრაფი კონსოლიდირება მოეხდინა.

ცენტრალური ევროპის ქვეყნების საზოგადოებათა განვითარების დონეზე ურბანიზაციის მაჩვენებელიც მეტყველებს. მაგალითისთვის, ჩეხეთში საბჭოთა კავშირის დაშლის დროს, სოფლად მცხოვრებთა ხვედრითი წილი მოსახლეობის მხოლოდ 25%-ს შეადგენდა (საქართველოში იგივე მაჩვენებელი ორჯერ მეტი იყო).

საბჭოთა ოკუპაციამდე ბალტიისპირეთის ქვეყნების ცხოვრების სტანდარტი სკანდინავიის ქვეყნების მსგავსი იყო. თაობა, რომელიც ბალტიისპირეთში რუსულ ინტერვენციამდე ცხოვრობდა, სოციალისტური ბლოკის ნგრევისას, ჯერ კიდევ ცოცხალი გახლდათ. სწორედ ამიტომ, ამ ქვეყნებმა საბჭოთა კავშირის ნგრევის შედეგად გამოწვეული პოლიტიკური რეჟიმის ცვლილება, გაცილებით უმტკივნეულოდ გადაიტანეს.

სოციალური რევოლუცია ბევრად უფრო რთული პროცესია. აქ საქმე გვაქვს ჩამორჩენილ საზოგადოებასთან, რომელიც პოლიტიკურთან ერთად სოციალურ ტრანსფორმაციასაც გადის. ამ პროცესში ერთმანეთს უპირისპირდებიან არა მხოლოდ სხვადასხვა პოლიტიკური ძალები, არამედ სხვადასხვა სოციალური ჯგუფებიც.

წინააღმდეგობა განსაკუთრებით თვალსაჩინოა ქალაქსა და სოფელს შორის. ალბათ ბევრს ახსოვს, რომ მაშინდელი ელიტის უკმაყოფილებას, ზვიად გამსახურდიას მხარდასაჭერად პარლამენტთან შეკრებილი ე.წ. კარვის ქალების კლასობორივი ზიზღი უფრო კვებავდა, ვიდრე მაგალითად ის, რომ პრეზიდენტი პრივატიზაციის პროცესს ან მიწის რეფორმას აგვიანებდა. იგივე ხდება ახლაც, ე.წ. ელიტას – ანუ თბილისის ცენტრს, “სოფლელების” ხელისუფლებაში მოსვლა აღიზიანებს. ყველაზე ხატოვნად ეს დამოკიდებულება ყოფილმა საგარეო მინისტრმა, სალომე ზურაბიშვილმა გააჟღერა უკვე ფრთაშესხმული ფრაზით – “ქაჯები მოდიან”.

სინამდვილეში, რევოლუციის წარმატებას განსაზღვრავს ის, თუ რამდენად იზრდება ახალი სოციალური ჯგუფების (პირობითად “სოფლელების”) ჩართულობა ქვეყნის მართვაში და აქვს თუ არა მმართველ ძალას იმის უნარი, რომ ახალი სოციალური ჯგუფების ჩართულობის უზრუნველსაყოფად, ამ უკანასკნელთა ინტერესებზე დაფუძნებული, ინსტიტუციური გარემო შექმნას.

გამსახურდიამ ეს ვერ შეძლო. ბევრი რამ მას, უბრალოდ, არც დასცალდა. პირველმა პრეზიდენტმა ვერ მოახერხა ინკლუზიური სამოქალაქო ნაციონალური იდეით ვიწრო ეთნიკური ნაციონალიზმის ჩანაცვლება. ნაცვლად ფუნდამენტური რეფორმების განხორციელებისა, იგი საკუთარ წვენში იხარშებოდა და თავისივე სოციალური წრის წარმომადგენლებს – ნომენკლატურულ ინტელიგენციას დაუპირისპირდა.

გამსახურდიას დროს არ დაწყებულა მიწის რეფორმა, კოლმეურნეობებს დაშლის ნაცვლად, სახელი შეეცვალათ და ეროვნული მეურნეობები დაერქვათ. ამას გარდა, არ გაუქმებულა ფასებზე კონტროლი, არ გადაიდგა ნაბიჯები პრივატიზაციისკენ. პირველი პრეზიდენტი თავის გამოსვლებში საუბრობდა სახელმწიფო კაპიტალიზმზე, ეჭვქვეშ აყენებდა კერძო საკუთრების იდეას.

რეფორმებისადმი პრეზიდენტის დამოკიდებულების გამო, მოხდა ისე, რომ ქალაქის საშუალო კლასმა და სოფლის მოსახლეობამ, ანუ მათ ვინც გამსახურდიას კომუნისტური ნომენკლატურის წინააღმდეგ ბრძოლაში მხარი დაუჭირა, მისი მმართველობის წლებში ვერაფერი მიიღო და იმედგაცრუებული დარჩა.

გამსახურდიას მოწინააღმდეგეებს აძლიერებდა ისიც, რომ ქვეყნის პირველმა პირმა საჯარო სამსახური ძირეულად არ შეცვალა. სასიცოცხლო ინსტიტუტებს მნიშვნელოვანწილად საბჭოთა ნომენკლატურა აკონტროლებდა. პირველ რიგში სწორედ მათ დაეყრდნო რუსეთის სპეცსამსახურები და ყველაფერი სამოქალაქო ომით, პარამილიტარული დაჯგუფებების ტერორით და ორგანიზებული კრიმინალის თარეშით დამთავრდა.

გამსახურდიასგან განსხვავებით, სახელმწიფო გადატრიალების გზით დაბრუნებულმა შევარდნაძემ, საზოგადოებრივი ლეგიტიმაციის დეფიციტის პირობებში – იმდენად, რამდენადაც ყოფილი პრეზიდენტის მომხრეები მას არ ცნობდნენ – ათ წელიწადზე მეტი გაძლო. ცენტრალური კომიტეტის ყოფილმა პირველმა მდივანმა შეძლო სხვადასხვა სოციალური ჯგუფების მინიმალური ინტერესი დაეკმაყოფილებინა.

დაიწყო პრივატიზაცია – ზოგმა მიწა მიიღო, ზოგმა ბინა, ზოგმა ქარხანა მიითვისა, ზოგმა კოოპერატივი გახსნა. ზოგს ქურდობით და მექრთამეობით გაჰქონდა თავი.  ინტრიგების დიდოსტატმა მოახერხა მხედრიონის და სხვა შეიარაღებული დაჯგუფებების განადგურება, რამაც მას სტაბილურობის გარანტის იმიჯი შეუქმნა.

მდგომარეობის სტაბილიზაციამ თავისი შედეგი გამოიღო – მოსახლეობის პოლიტიკური ცნობიერება გაიზარდა. მოქალაქეს მხედრიონის აღარ ეშინოდა, სამაგიეროდ ქუჩაში სამათხოვროდ გამოსული საგზაო პოლიციის თანამშრომელი უშლიდა ნერვებს. ხალხს საკუთრების უფლება ჰქონდა, სამაგიეროდ ამ საკუთრების გასაფორმებლად ქრთამის გადახდა აღიზიანებდა.

შევარდნაძემ მოსახლეობის გაზრდილი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება ვერ შეძლო. მან ვერ ჩამოაყალიბა იმგვარი პოლიტიკური ინსტიტუტები, რომლებიც საზოგადოების სოციალურ და ეკონომიკურ ტრანსფორმაციას გაუძღვებოდნენ და პოლიტიკურ პროცესში სხვადასხვა ჯგუფების მონაწილეობას უზრუნველყოფდნენ. საქართველოს მეორე პრეზიდენტს არც იმის ძალა გააჩნდა, რომ პროცესი ხელოვნურად ჩაეხშო და “სტაბილურობიდან კეთილდღეობისკენ”  მიმავალი –  ჩიხში მოექცა.

სწორედ ამან შექმნა რევოლუციის ნიადაგი. 

ეშლება, ვინც ფიქრობს, რომ ვარდების რევოლუცია 2003 წლის 23 ნოემბერს მოხდა. რეალურად, რევოლუცია ამ დღეს მხოლოდ დაიწყო. სააკაშვილი მისაბაძ მაგალითებად ჯორჯ ვაშინგტონს, მუსტაფა ქემალ ათათურქს და დევიდ ბენ-გურიონს ასახელებს. ამ რადიკალურად განსხვავებულ სახელმწიფო მოღვაწეებს აერთიანებთ ის, რაც დღევანდელი საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევაცაა – ნახევრად აგრარული ქვეყნის მოდერნიზება და ორასწლიანი წყვეტის შემდეგ ლიბერალურ დემოკრატიაზე დაფუძნებული ეროვნული სახელმწიფოს შექმნა. ცენტრალური ევროპის ხავერდოვან რევოლუციათა ლიდერების – ვაცლავ ჰაველის და ლეხ ვალენსას წინაშე მსგავსი ამოცანა არ მდგარა.

პასუხი კითხვაზე, რამდენად რევოლუციურია ვარდების რევოლუცია, ჯერჯერობით არ გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მტკივნეული და საჭირო რეფორმა განხორციელდა, საზოგადოების სოციალური ტრანსფორმაცია ჯერ არ დასრულებულა. რამდენად მოახერხებს სააკაშვილი მისთვის სამაგალითო სახელმწიფო მოღვაწეებს არა რიტორიკულად, არამედ შედეგების მიხედვით შეედაროს, მომავალი გვიჩვენებს.

მართალია, ვარდების რევოლუციის მიზნები ჯერ კიდევ მიუღწეველია, მაგრამ ის შეგვიძლია თავისუფლად ვთქვათ, ამ მიზნებისკენ სვლა შეუქცევადი გახდა – ჯინი ბოთლიდან გამოშვებულია და უკან ვერავინ შეაბრუნებს. ახალი სოციალური ჯგუფების პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა გაფართოებულია.

დღეს ყველა სოციალური ჯგუფი, მიუხედავად იმისა, მოსწონს თუ არა ეს ხელისუფლება, რევოლუციის შედეგად ჩამოყალიბებული სისტემის შიგნით ცდილობს საკუთარი ინტერესების განხორციელებას. სწორედ ამით აიხსნება ის, რომ ოპოზიციის ანტისისტემურ ნაწილს სოციალური დასაყრდენი არ აქვს.

იმისთვის, რომ ახალი რევოლუცია მოხდეს, მხოლოდ ხელისუფლების დამხობის მოსურნე პოლიტიკოსთა ძალისხმევა საკმარისი არ არის. უნდა არსებობდეს თამაშგარე მდგომარეობაში მყოფი სოციალური ფენა. დღეს, ამ მდგომარეობაში თავს მხოლოდ ყოფილი ელიტა გრძნობს – ისინი წუხან, რომ “ღირსება” წაართვეს. ღირსებაში კი იმ პრივილეგიებს გულისხმობენ, რაც შევარდნაძის “სახლში წასვლასთან” ერთად დაკარგეს.

ეს ადამიანები საკუთარი მონაწილეობისთვის კი არ იბრძვიან, ექსკლუზიურ სტატუსს მისტირიან – როგორც თავად უწოდებენ “სოფლელების” და “ქაჯების” პროცესებში ჩართულობა აღიზიანებთ და მათთვის “საკუთარი ადგილის” მიჩენა სურთ.

სოციალური ფენების მონაწილეობის შემცირების მცდელობა, თავისი არსით არა რევოლუცია, არამედ კონტრრევოლუციაა. ამის რესურსი ქვეყნის შიგნით არ არსებობს. ერთადერთი იმედი – მოსკოვია. ერთადერთი შესაძლო სცენარი კი – არა კაირო 2011, არამედ პრაღა 1968.
 

კომენტარები