თავისუფლება და განვითარება

ფოტო: ავტორი ავტორიშვილი
რობერტ ლოუსონი
ბოლო ათწლეულის განმავლობაში, საქართველოში გატარებული რეფორმების ტემპი მართლაც განსაკუთრებული იყო. 1990 წელს, საქართველო, საბჭოური ცენტრალური დაგეგმვის პრაქტიკით შეიარაღებული, გადასახადებით დამძიმებული, სუბსიდიებზე დამოკიდებული, რეგულირებადი და კონტროლირებადი ეკონომიკა იყო. ახლა კი –  მსოფლიოში 23-ე ყველაზე თავისუფალი ეკონომიკის მქონე ქვეყანაა – კანადური ფრეიზერის ინსტიტუტის ეკონომიკური თავისუფლების მსოფლიო ინდექსის მიხედვით. ქართველები რომ გაცილებით უფრო თავისუფლები არიან, როგორც ეკონომიკურად, ისე პოლიტიკურად – უტყუარი ფაქტია. ეს მიღწევა თავისთავად აღნიშვნის ღირსია. 

 
პოსტსაბჭოთა დამოუკიდებლობის პირველი დამანგრეველი დეკადის შემდეგ, წლიური ეკონომიკური ზრდა უარყოფითი – 8.1% – იყო. მსოფლიო ბანკის მონაცემების მიხედვით, საქართველომ 2000-2009 წლებში, საშუალოდ, დადებით 6.5%-იან ეკონომიკურ ზრდას მიაღწია. ეს ფაქტი, მას 2000-იან წლებში ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყნების რიგში ათავსებს. უეჭველია, რომ ასეთი სწრაფი ეკონომიკური პროგრესის მთავარი მიზეზი, საქართველოს მიერ არჩეული ეკონომიკური ლიბერალიზაციის კურსი გახდა.  
 
გარღვევის მიუხედავად, დღეს საქართველოს წინაშე კიდევ მრავალი პრობლემაა. ბევრი სხვა ქვეყნის მსგავსად, საქართველოსთვისაც 2009 წელი რეცესიის წელი იყო. ქვეყანა ჯერ კიდევ საკმაოდ ღარიბია – ერთ სულზე მშპ დაახლოებით 5 ათასი აშშ დოლარია. შედარებისთვის, აშშ-მა პირველად ამ ნიშნულს 1909 წელს – 100 წლის წინ მიაღწია. 
 
რობერტ ლოუსონი
მსოფლიოს ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის ყოველწლიური ანგარიშის თანაავტორი. Auburn უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. Mont Pelerin საზოგადოების წევრი. 1996-2008 წლებში ასწავლიდა Capital უნივერსიტეტში. იყო Private Enterprise Education ასოციაციის პრეზიდენტი.
თუმცა დღეს, ქვეყნის წინაშე არსებული უდიდესი გამოწვევები, ეკონომიკური კი არა, პოლიტიკურია. სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთთან დაკავშირებით, რუსეთთან არსებულ გეოპოლიტიკურ პრობლემებს რომ თავი დავანებოთ, საქართველოსთვის მთავარი საფრთხე დასავლელი პოლიტიკოსებისა და მარეგულირებლებისგან მოდის. ევროკავშირი საქართველოსგან დღეს მოითხოვს, რომ ქვეყანამ, გაცილებით უფრო მდიდარ ევროპულ ქვეყნებთან, თავისი მარეგულირებელი და საგადასახადო სტრუქტურის „ჰარმონიზება” მოახდინოს. ეს საქართველო-ევროკავშირის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების მთავარი პირობაა. შეერთებული შტატებიც, თავისუფალ სავაჭრო რეჟიმთან დაკავშირებული მოლაპარაკებების პროცესში, მსგავს ანტილიბერალურ რეფორმებს მოითხოვს. 
 
ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი
ადამ სმიტის, მილტონ ფრიდმანისა და ფრედერიკ ჰაიეკის აზრით, თავისუფალი ბაზარი ეკონომიკური პროგრესის ძრავია: გაცვლისა და სამეწარმეო საქმიანობის თავისუფლების გარეშე, თანამედროვე ცხოვრება შეუძლებელი იქნებოდა. ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი ზომავს სხვადასხვა ქვეყნების ინსტიტუტებისა და პოლიტიკის ეკონომიკურ თავისუფლებასთან თავსებადობას. ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის გამომცემლები არიან Cato-ს, კანადის Fraser-ისა და მსოფლიოს 70-ზე მეტი გამორჩეული კვლევითი ინსტიტუტი.
აღსანიშნავია, რომ საგადასახადო, შრომითი და ჯანდაცვის რეგულირებები, რასაც დღეს ევროკავშირი და შეერთებული შტატები საქართველოსგან მოითხოვს, ამ ქვეყნებში მანამ არ გატარებულა, სანამ განვითარების მაღალ დონეს არ მიაღწიეს. 1909 წელს, როცა აშშ განვითარებით საქართველოს დონეზე იყო, ამერიკას არ ჰქონდა მინიმალური ხელფასის შეზღუდვა, მაქსიმალური სამუშაო საათების მარეგულირებელი კანონები, აუცილებელი პროფკავშირები, საკვების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კანონები, ფედერალური საშემოსავლო გადასახადი, აკრძალვები ფარმაცევტულ ნაწარმზე, საპენსიო სისტემა, მცირე დოზით ან საერთოდ არ არსებობდა სოციალური უსაფრთხოების ქსელი, და ა.შ. და ა.შ. და ა.შ.
დასავლურევროპული და ამერიკული სტილის გადასახადები და რეგულაციები ფუფუნებაა, რის უფლებაც თავს შეიძლება მხოლოდ იმ ქვეყნებმა მისცენ, რომლებმაც გამდიდრება უკვე მოასწრეს. საქართველოს ტიპის ღარიბი ქვეყნისთვის, მსგავსი კანონების ამოქმედება, უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება, რაც საფრთხეს შეუქმნის შთამბეჭდავ პროგრესს, რომელსაც მან ამ წლების მანძილზე მიაღწია. ამ მახეში საქართველო არაფრის ფასად არ უნდა გაებას. 

კომენტარები