სქიზმა სქიზმატებს შორის

 აფხაზეთში, სამღვდელოება და მრევლი იდეოლოგიური დაპირისპირების შედეგად, ორ ნაწილად გაიყო. 15 მაისს, ახალი ათონის მონასტერში, ნაციონალისტური დროშების თანხლებით შეკრებილმა საეროთა და სამღვდელოთა ყრილობამ, არქიმანდრიტ დოროთე დბარის, მღვდელმონაზონ ანდრეი ამფარისა და იეროდიაკონ დავით სარსანიას მეთაურობით, ახალი – ანაკოფიის მიტროპოლია ჩამოაყალიბა. ეპარქიის დროებით მმართველად, არქიმანდრიტი დოროთე დაინიშნა. სასულიერო პირთა მეორე ნაწილი, აფხაზეთის თვითგამოცხადებული ეკლესიის მეორე ბანაკს – სოხუმისა და ბიჭვინთის ეპარქიის მმართველ ბესარიონ აფლიაას უჭერს მხარს. შესაბამისად, მათ მიტროპოლიის შექმნაში მონაწილეობა არ მიუღიათ. 

„არაფერია საშინელი ორი თემის ჩამოყალიბებაში: ის, ვისაც ადრე ეყოლება ეპისკოპოსი, იქცევა აფხაზეთის მართლმადიდებელ ეკლესიად”, – განმარტა არქიმანდრიტმა დბარმა ახალ ათონში გამართულ ყრილობაზე. საქმე ის არის, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკის თანახმად, ეკლესია ეპისკოპოსის გარეშე ვერ იარსებებს. ეპისკოპოსის კურთხევას კი, სულ მცირე, ორი კანონიერი მღვდელმთავრის ხელდასხმა სჭირდება. 
 
კანონიკურად ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთ ეპარქიას წარმოადგენს. ცნობილია, რომ წმ. სინოდის 21 დეკემბრის განჩინებით, ეპარქიის მმართველობა უშუალოდ გადაეცა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს. მის ტიტულს „ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის” სტატუსი დაემატა. ამ გზავნილის აუცილებლობა დღის წესრიგში უკანასკნელ პერიოდში განვითარებული მოვლენების შემდეგ დადგა.
 
2009 წლის 15 სექტემბერს სოხუმში შეკრებილმა აფხაზეთის სამღვდელოებამ საზეიმოდ ამცნო ქვეყნიერებას, რომ „აღდგა” აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესია – ბიჭვინთის საკათალიკოსო. ვითარება აშკარად სხვა რელსებზე გადავიდა. 
 
აფხაზებმა თითქოს რუსეთის ეკლესიის დაქვემდებარებაზეც კი უარი განაცხადეს: „განსაკუთრებით აღვნიშნავთ, რომ ჩვენ არ გავდივართ არც ერთი მართლმადიდებლური იურისდიქციიდან და არ შევდივართ არც ერთ სხვა იურისდიქციაში. ჩვენ ვცხოვრობთ ჩვენს სამშობლოში და ვითხოვთ დახმარების აღმოჩენას აფხაზეთში ჩვენი ეკლესიის კანონიკური წყობილების აღსადგენად”, საგანგებოდ არის აღნიშნული 15 სექტემბრის სხდომის ოქმში.     რუსული ეკლესია ორმაგ თამაშს თამაშობს. საქართველოს ეკლესიის კანონიკური ერთიანობის აღიარების პარალელურად, თავის სასულიერო სასწავლებლებში მიჰყავს აფხაზი ახალგაზრდები, შემდეგ ხელს ასხამს და მსახურებისთვის ტაძარს აღარ აძლევს. ბუნებრივია, ისინი მშობლიურ აფხაზეთს მიაშურებენ, ხოლო რუსეთს საქართველოს საპატრიარქოსთან თავის გასამართლებელი საბუთი აქვს: მას ხომ არ გაუგზავნია ისინი აფხაზეთში მსახურებისთვის! 
 
სიტუაცია საბოლოოდ მას შემდეგ დაიძაბა, რაც მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილმა ახალი ათონის მონასტრის წინამძღვრად იღუმენი ეფრემ ვინოგრადოვი გამოგზავნა. ახალი ათონის წინამძღვრად, მანამდე, მღვდელმონაზონი ანდრია ამპარი ითვლებოდა. აფხაზ სასულიეროთა ნაწილმა ეს ქმედება მათ შინაურ საქმეებში ჩარევად მიიღეს. 
 
ბესარიონ აფლიაა რუსეთში დაფასებული მღვდელია, რეალურად, სწორედ მისი მეშვეობით აკონტროლებს კრემლი აფხაზეთის ეპარქიას. ის ოკუპირებული რეგიონის მთავრობასთანაც დაახლოებულია და კრემლს მათთან ერთად ხშირად სტუმრობს. სწორედ მოსკოვის რუპორის როლი შეასრულა, ცოტა ხნის წინ, საოკუპაციო რეჟიმის პრემიერმა სერგეი შამბამ. მან ყოველგვარი შეფარვის გარეშე, 15 მაისს შეკრების მსურველნი, კრემლთან ურთიერთობის გაუარესებით და „სხვა ნეგატიური გაგრძელებებით” დააშინა.  
 
დბარის მხარეს ნაციონალისტურად განწყობილი აფხაზები, მათ შორის პოლიტიკოსები დგანან. მაგალითად, ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა. მათი სურვილია აფხაზეთში საეკლესიო ცხოვრება რუსეთისგან დამოუკიდებლად წარიმართოს. დბარმა კავკასიაში რუსეთის საეკლესიო პოლიტიკაც გააკრიტიკა. დბარის მხარეს ნაციონალისტურად განწყობილი მამა ანდრია ამფარი და მამა დავით სარსანია დგანან.
 
 რაც შეეხება აფლიაას ჯგუფს, იქ ინტერნაციონალური შემადგენლობაა: აფხაზი ვასილისკო ადლეიბას, დალმატ გოფიასა და სერგი ჯოფუას გვერდით არიან პავლე ხარჩენკო, სავატი ლაგუტინი, ეგნატე კიუტი, პეტრე სამსონოვი, გრიგორი ხორკინი, იოანე სვინუხოვი და იგორ არტემიევი. ამდენად, რუსეთში კარგად ხვდებიან, რომ შესაძლოა, აფხაზ სასულიერო პირებზე გავლენა დაკარგონ. 
 
ამ ფონზე რუსეთის საპატრიარქოს პოზიციაც გასაგებია: „ეკლესიურ ცხოვრებაში პოლიტიკური ვნებების ჩართვა, მორწმუნეებს შორის განხეთქილების გაჩენა – ეს მხოლოდ და მხოლოდ ართულებს აფხაზეთის ეკლესიის საკითხის ლეგიტიმურ გადაწყვეტას”. ლეგიტიმურ გადაწყვეტაში, რუსეთი, სავარაუდოდ, მის მიერ არაერთხელ გამოთქმულ პოზიციას, ანუ აფხაზეთის ეპარქიის მისთვის „დროებით” გადაცემას გულისხმობს. 
 
მოსკოვში ჩასულ ჩვენი საპატრიარქოს დელეგაციას ხომ არაერთხელ შესთავაზეს, მიეცათ აფხაზეთის იურისდიქციის დროებით გადაცემის უფლება, რითაც მათ საბოლოოდ გაეხსნებოდათ ხელ-ფეხი აფხაზი მართლმადიდებლების „სულიერად გამოსაკვებად”. სხვა მხრივ კი, რუსეთი პირდაპირ ვერ იღებს აფხაზეთს საკუთარ კანონიკურ იურისდიქციაში, რადგან ამან შესაძლოა საქართველოს საპატრიარქო აიძულოს, აღიაროს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია, რაც მოსკოვში მტკივნეული თემაა.
 
როგორც ჩანს, კრემლიდან „ეგზეკუციის” დირექტივამ არ დააყოვნა და აფლიაამ სასწრაფოდ მოიწვია „აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის” საგანგებო კრება, რომელმაც „ახალგაზრდა და უპასუხისმგებლო ზოგიერთი აფხაზის” გამოსვლა დაგმო. იქ მისული მრევლი პასუხისმგებლობისაგან გაათავისუფლა, „როგორც გაუგებრობის მსხვერპლნი”, ხოლო დბარის ჯგუფთან ევქარისტიული კავშირი გაწყვიტა. თავის მხრივ, აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა სამსახურებიდან ის თანამშრომლები დაითხოვა, რომლებმაც „სამარცხვინო კრებაში” მიიღეს მონაწილეობა.
 
აფხაზი ნაციონალისტი სასულიერო პირების ნაწილმა, მამა ბესარიონი პრორუსულ პოლიტიკაში ღიად დაადანაშაულა და ახალი ეპარქიის შექმნით, მისი პოლიტიკის საბოლოოდ განეიტრალება გადაწყვიტა. 
 
რეალური ავტოკეფალიის ძიება მართლმადიდებელი ეკლესიის გულში – კონსტანტინოპოლში დაიწყო. თუმცა მსოფლიო საპატრიარქოს პოზიცია
დღემდე საქართველოს ეკლესიის კანონიკური ერთიანობის მხარდამჭერია. სწორედ მან აღიარა ორი ათეული წლის წინ საქართველოს საპატრიარქოს თვითმწყემსობა და ავტოკეფალიის ტომოსიც უბოძა.
 
 2 წლის წინ მსოფლიო პატრიარქმა ბართოლომეოსმა მცხეთაში სტუმრობისას, სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე გამოთქვა იმედი, რომ საქართველოს პატრიარქი თავის კანონიკურ უფლებებს ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიაში მალე აღიდგენდა.
 
ავტოკეფალიის მინიჭების თაობაზე, მსოფლიო მართლმადიდებელ ეკლესიაში ერთიანი წესი არ არსებობს. ბერძნული საპატრიარქოები მიიჩნევენ, რომ ამის  უფლება მსოფლიო საპატრიარქოს აქვს. რუსეთის ეკლესია სხვაგვარად ფიქრობს: ავტოკეფალიას ანიჭებს დედა-ეკლესია. 
 
აფხაზ სასულიეროთა მცირე ჯგუფმა დაინახა, რომ მოსკოვში სიარული არაფრის მომტანია: კრემლის ოფიციალური პოზიციით ხომ ავტოკეფალიის გასაღები აფხაზებმა მცხეთაში უნდა ეძიონ. თან, როგორც აღვნიშნეთ, რუსეთის საპატრიარქოში იციან, რომ აფხაზური ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობა ჯაჭვურ რეაქცის გამოიწვევს და შესაძლოა, საქართველოს საპატრიარქომ უკრაინის ავტოკეფალია ცნოს.    ამ ფონზე აფხაზებს საიმედოდ ესახებათ კონსტანტინოპოლის საპატრიარქო. სწორედ მათ მიმართეს შექმნის თხოვნით, რომელმაც აფხაზეთში მართლმადიდებლობის კანონიკური სტატუსი უნდა განიხილოს. შემთხვევითი არც ისაა, რომ მამა დოროთემ არქიმანდრიტის ხარისხი სწორედ ბერძენთა ეკლესიისგან მიიღო და თანაც პირდაპირ თავყრილობის წინ. 
 
ამ ფონზე კი საქართველოს საპატრიარქოს პოზიცია კვლავ ერთმნიშვნელოვანია: „მივმართავთ კრების მონაწილეთ და აფხაზეთში მცხოვრებ ყველა მართლმადიდებელს, რომ დავდგეთ გარეშე ძალების მიერ ინსპირირებულ პროცესებზე მაღლა (რაც არის მიზეზი არსებული დაპირისპირებებისა) და ქრისტესმიერი სიყვარულით და მშვიდობისმყოფელობით აღვადგინოთ კანონიკური ერთობა ჩვენს შორის...”
 

კომენტარები