რატომ არ ვართ სოციალისტები?

სოციალიზმი ამპარტავნულია

ნებისმიერ სოციალისტს (მყვირალა რადიკალ კომუნისტსა თუ რბილად მოსაუბრე სოციალ-დემოკრატს) სინამდვილეში კაცობრიობა –  ზოგადად – და ყოველი კონკრეტული ადამიანი – კერძოდ – a priori სრული იდიოტი ჰგონია. ცხადია, საკუთარი თავის გარდა!

სოციალისტის აზრით, ეს იდიოტები თუ თავიანთ ნებაზე მიუშვი, ან ეკოლოგიურად ბინძური პროდუქტებით დაიწამლებიან, ან პლანეტას ისე გააცხელებენ, რომ არქტიკის ადიდებული წყალი დაახრჩობთ, ან ღორის გრიპი მოცელავს, ან კიდევ, თავისნაირვე იდიოტ და გაუნათლებელ შვილებს გაზრდიან, რომლებიც, საბოლოო ჯამში, მაინც თავს მოიკლავენ, ოღონდ ნარკომანიით.

ამიტომ, ეს იდიოტები (თქვენ და მე, სხვათა შორის!) უნდა აკონტროლო და მართო: მხოლოდ ის პამიდორი აჭამო, რომელიც სოციალისტს კარგი და სასარგებლო ჰგონია, სახლებში მხოლოდ ეკონომიური ნათურების გამოყენება აიძულო, მასიურად აცრა, პირსაფარი ატარებინო და მათ შვილებს ძალით ასწავლო, თან ყველას – ერთი და იგივე.

სხვა სიტყვებით, სოციალისტებმა ჩვენზე კარგად იციან ჩვენ და ჩვენს შვილებს რა გვჭირდება და რა არის ჩვენთვის მავნებელი! და სახელმწიფოს (პოლიციის) ძალით ცდილობენ ჩვენს “გადარჩენას”.

ალბათ შეამჩნევდით, რომ სოციალისტის საზრუნავი არასდროს არის კონკრეტული ადამიანი, არამედ ადამიანთა ჯგუფი ანდა სულაც რაიმე უსულო საგანი: ყველა 6 წლის ბავშვი (რომელსაც იდიოტი მშობელი წერა-კითხვას არ ასწავლის); ყველა დასაქმებული (წერა-კითხვა კი იციან, მაგრამ საკუთარი ხელითვე ხელმოწერილ შრომით ხელშეკრულებას ვერ კითხულობენ); მთელი მოსახლეობა (უჭირს და “ასფალტს ჭამს”); მთელი ამაზონის ტყე (შეუგნებელი მოსახლეობა ჩეხავს); მთელი პლანეტა (მხოლოდ იმ შემთხვევაში გადარჩება, თუ მოსახლეობა საერთოდ არ ეყოლება)... ამ სიის გაგრძელება უსასრულოდ შეიძლება.

ეს კოლექტიურზე ზრუნვა ბუნებრივია, რადგან სოციალისტმა კონკრეტულ ადამიანებზე რომ იზრუნოს, ლოგიკურად, შეეცდებოდა, ამ კონკრეტული ადამიანის საკუთრების შენარჩუნებას ან გამრავლებას. ეს კი ხელყოფს სოციალიზმის წმინდა ძროხას: დოვლათის „სამართლიანად” გადანაწილების პრინციპს.

სოციალიზმი ამორალურია

ნებისმიერ სოციალისტს (რიგით ბოლშევიკსა თუ ბარაკ ობამას) მიაჩნია, რომ თქვენი და ჩემი ქონება მისია (პოპულარულ ენაზე „საერთოა”) და უკეთესად იცის როგორ უნდა გამოიყენოს ის. ცხადია, „სამართლიანობისთვის”, „თანასწორობისთვის” და „სიკეთისთვის ბრძოლაში”!

რომ გამოიყენოს – ჯერ უნდა წაგართვას, რომ წაგართვას – უნდა მოიგონოს რაიმე კანონ(ებ)ი, და დაარწმუნოს ადამიანების უმეტესობა, რომ მათზე ზრუნვაში იძინებს და იღვიძებს.

რადგან გონიერი და რაციონალური არსებების ერთიანი მიზნისკენ (თუნდაც „საყოველთაო კეთილდღეობისთვის”) დარაზმვა ძალზედ რთულია, დემოკრატიის მთავარი დამრტყმელი ძალის – უმრავლესობის მობილიზების მიზნით, უნდა ითამაშოს ყველაზე ღატაკი და უპოვარი მასების უპირობო თუ პირობით ინსტინქტებზე: „თანასწორობა”, „ძმობა”, „ერთობა”, „საყოველთაო ჯანდაცვა”, „უფასო განათლება”, „ღირსეული შრომა”, „იაფი დაზღვევა” და ა.შ.. თვალწარმტაცი სლოგანების შერჩევა იოლია!

ის, ვინც არ ეთანხმება ერთიან მიზანს – მარგინალია. ის, ვინც ეწინააღმდეგება გეგმას – პროლეტარულ ცნობიერებას მოკლებული მტერია. ის, ვინც ურჩად არ თმობს საკუთარ ქონებას – გასანადგურებელია. არსი არ იცვლება. ადრე ხვრეტდნენ (სტალინი), დღეს თავისუფალ ადამიანებს ან იზოლაციაში აქცევენ (ჩინეთი), ან აიძულებენ სხვაგან ეძიონ საცხოვრებელი (სკანდინავია).

როგორც ერთმა ჭკვიანმა კაცმა დაწერა, ადამიანები განსხვავდებიან per se, შესაბამისად, თუ გვინდა, რომ ისინი გავათანაბროთ, მათ სხვადასხვაგვარად – ანუ უსამართლოდ! – უნდა მოვექცეთ. და თქვენ თუ გგონიათ, რომ სკანდინავიური სოციალ-დემოკრატია სახელმწიფოს მოწყობის სამართლიანი ან წარმატებული სისტემაა, ძალიან ცდებით!

სოციალიზმი არაეფექტურია

ნებისმიერი სოციალისტური იდეა, იქნება ის კარლ მარქსისა თუ ჯოზეფ სტიგლიცის, საბოლოო ჯამში, გულისხმობს სახელმწიფოს მიერ ეკონომიკისა და ზოგადად ადამიანების მართვას, რამაც, უხილავი ლოგიკით, უნდა მიგვიყვანოს, მარქსის შემთხვევაში, ანარქიულ სამოთხემდე, ხოლო, სტიგლიცის შემთხვევაში – ადამიანური სახის მქონე სოციალიზმამდე.

ეს ლოგიკა არ მუშაობს. არ მუშაობს არა იმიტომ, რომ აქამდე კაცობრიობის ისტორიაში ამ იდეის ხორცშესხმა ვერ ითავა რაციონალურად მოაზროვნე ადამიანმა, არამედ იმიტომ, რომ მსგავსი სისტემა შეუძლებელია მუშაობდეს ადამიანთა საზოგადოებაში.

როგორც ფრენკ ზაპა ამბობდა, კომუნიზმი ვერ იმუშავებს, რადგან ადამიანებს უყვართ ნივთების (საკუთრების) ქონა. და ჩვენ არ გვიყვარს, როცა ამ ნივთებს გვართმევენ და სხვებს ურიგებენ ჩვენგან დაუკითხავად. ჩვენ თვითონ გადავწყვიტოთ, რა დავიტოვოთ, რით შევქმნათ მეტი დოვლათი და რამდენით დავეხმაროთ გაჭირვებულებს. სისტემა, რომელიც უგულებელჰყოფს ცალკეულ ადამიანთა სურვილებს, ვნებებს, მისწრაფებებსა და ერთი ან რამდენიმე ადამიანის ნება-სურვილზე დაყრდნობით ახდენს დოვლათის „სამართლიანად” გადანაწილებას, აუკუღმართებს ამავე ადამიანთა მოტივაციას.

საუკუნეების წინ ადამიანმა აღმოაჩინა შრომის დანაწილება და კაცობრიობამ (გონიერმა ნაწილმა მაინც) გააცნობიერა, რომ კონკრეტულ სფეროებზე სპეციალიზაციით საერთო კეთილდღეობა ყოველთვის მატულობს. ყოველთვის!

დღევანდელ სამყაროში არსებობს ცოდნის ისეთი მოცულობა, რომელიც აქამდე წარმოუდგენელი იყო. ამ ცოდნის ერთიან, ცენტრალურ ადგილას კონცენტრირება შეუძლებელია. სამყაროს არსებობა იმ სახით, რა სახითაც ის დღეს არსებობს (თუნდაც 6 მილიარდი ადამიანის გამოკვება), შესაძლებელი გახდა სწორედ ცოდნის დანაწილებით. სხვადასხვა ტიპის სოციალისტების მიერ ადამიანთა ცხოვრების „საუკეთესოდ” მოწყობაზე პრეტენზია სინამდვილეში სწორედ ამ ცოდნის სრულყოფილად ფლობაზე პრეტენზიაა. ცხადია, „მოწყობის” ყველა ასეთი მცდელობა არაეფექტური იყო, არის და იქნება.

სხვა სიტყვებით, თუნდაც ადამიანური სახის მქონე სოციალიზმის აშენება შეუძლებელია. ნებისმიერი სოციალისტური სისტემის სახე არს სახე მხეცისა!

კომენტარები