სტინგი: კრისზე უკეთესად ვუკრავ საყვირზე

3


ფოტო: ფოტო: ირაკლი გედენიძე
ივლისს, ბათუმის პიაცაზე კრის ბოტისა და სტინგის კონცერტი გაიმართა. როკ-ბენდ The Police-ის ყოფილი ვოკალისტი და 90-იანი წლების ერთ-ერთი დიდი ვარსკვლავი საქართველოში მეგობრის, კრის ბოტის მოწვევით, სტუმრის სტატუსით ჩამოვიდა.1999 წელს სტინგმა თავის ტურნეში კრის ბოტი მიიწვია. ორწლიანმა მოგზაურობამ და კონცერტებმა მუსიკოსების დაახლოებას შეუწყო ხელი. ბოტი ყოველთვის აღნიშნავს, რომ სტინგმა მისი მუსიკალური ხედვა შეცვალა. 16 გრემის მფლობელი ვარსკვლავი, ბოლო წლებია, კონცერტებზე სიმფონიური ორკესტრის აკომპანიმენტით უკრავს. Symphonicity tour – ასე ეწოდება ტურნეს, რომლის ფარგლებშიც მუსიკოსი არაერთ ქვეყანას ეწვია.

კონცერტის დაწყებამდე ტაბულა სტინგს და კრის ბოტის ესაუბრა.

თორმეტწლიანი მეგობრობა და თანამშრომლობა გაკავშირებთ. ამ დროის განმავლობაში როგორ განვითარდა თქვენი მუსიკალური ურთიერთობა?

ბოტი – სტინგი მისაბაძი მუსიკოსია, მისი მატარებელი მუდამ წინ მიდის. ის სულგრძელი ადამიანია და ჩემს კარიერასთან ერთად, არაერთი ადამიანის კარიერა განავითარა. მე აღმოვჩნდი ამ მატარებელზე სტინგთან ერთად და ჩვენ მსოფლიოს გარშემო ვმოგზაურობთ. მან ჩემი მუსიკა შეცვალა და გაამრავალფეროვნა. აი, მე კი ვერ მოვახერხე იგივე. ის მართლაც რომ არაჩვეულებრივი მეგობარია.

სტინგი – კრისი ჩემს ბენდში იყო. როდესაც ჩემთან უკრავდა, უკვე ვარსკვლავი იყო, ამიტომაც სამსახურიდან დავითხოვე და ახლა თავისთვისაა.

როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, კრის ბოტიმ სტუმრის სტატუსით დაგპატიჟათ ამ კონცერტზე. რატომ გადაწყვიტეთ საქართველოში ჩამოსვლა?

სტინგი – მე არასოდეს ვყოფილვარ საქართველოში და აქ ჩამოსვლის მშვენიერი შესაძლებლობა მომეცა. თან მინდოდა კრისის ნახვა, რადგან არც ისე ხშირად ვხედავთ ერთმანეთს. 4-5 სიმღერის შესრულება კი იოლი საქმეა. ბედნიერი ვარ, მომწონს აქ ყოფნა და ველოდები დღევანდელ შოუს.

როგორ 
ლიზა ფიშერი და კრის ბოტი
ფოტო: ფოტო: ირაკლი გედენიძე
შეარჩიეთ სიმღერები ახალი საორკესტრო დადგმისთვის?

ბოტი – მსოფლიო ტურნეების დროს ხშირად საორკესტრო კონცერტებსაც ვმართავთ. ეს ყველაფერი 3-4 თვის წინ, ლოს-ანჯელესში დაიგეგმა. ჩვეულებრივი მოვლენაა – ასე, უბრალოდ ხდება ხოლმე სიმღერების შერჩევა.

მოგისმენიათ თუ არა რომელიმე ქართველი მუსიკოსის შესრულება და ქართული მრავალხმიანი მუსიკა?

სტინგი – ეს ჩემი პირველი ვიზიტია ამ ქვეყანაში. მინდა კიდევ ჩამოვიდე და უკეთ გავიცნო აქაურობა. ჯერჯერობით მეტს ვერაფერს გეტყვით.

ბოტი – მე ცოტაოდენი მსმენია ქართული მუსიკის შესახებ. პირველად, როდესაც საქართველოში ვიყავი, “ყვითელი ფოთლები” მოვისმინე, ფანტასტიკური იყო.

როკ-ბენდთან შედარებით რა უპირატესობა ან სირთულე ახლავს სიმფონიურ ორკესტრთან ერთად კომპოზიციის შესრულებას?

სტინგი – როკ-ბენდი 2-3 ფერს შეიცავს, სიმფონიური ორკესტრი კი მთლიან ფერთა პალიტრაა – ის ძალიან მდიდარი და კომპლექსურია. ეს ჩემთვის გამოწვევაც იყო და ახალი გამოცდილებაც. ზოგიერთი სიმღერა არ გამოდის საორკესტრო შესრულებით, ზოგიერთი კი ძალიან კარგად თავსდება. მე სწორედ ამის ძიებაში ვარ – რა გამოდის ორკესტრთან ერთად და რა – არა.

რატომ აირჩიეთ საყვირი? შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს თქვენი საყვარელი ინსტრუმენტია?

ბოტი – ჩვეულებრივად მოხდა, არაფერი განსაკუთრებული. ახლა კი ძალიან მიხარია, რომ საყვირი ავირჩიე და არა რომელიმე ინსტრუმენტი, რომელზეც მაშინ უამრავი სხვა ბავშვი უკრავდა. როცა დაკვრა დავიწყე, მაილს დევისს მოვუსმინე, რომელმაც თითქოს ტვინში ჩამინერგა, რომ საყვირი ერთადერთი ინსტრუმენტი იყო, რომელზე დაკვრაც მინდოდა.

სტინგი – სხვათა შორის, მინდა იცოდეთ, რომ კრისზე უკეთესად ვუკრავ საყვირზე.

რომელია თქვენი ფავორიტი ბენდი ან შემსრულებელი? ახლა რომ იწყებდეთ მუსიკალურ კარიერას, რომელ მუსიკოსს ექნებოდა თქვენზე უდიდესი გავლენა?

სტინგი – ახლა რომ ვიწყებდე, იმავე ხალხს მოვუსმენდი, რომელსაც 14 წლის ასაკში ვუსმენდი – მაილს დევისს, კლასიკური მუსიკიდან კი – ბახს. არ გეგონოთ, რომ თანამედროვე შემსრულებლებს არ ვუსმენ. მაგრამ გავლენას მაინც ის მუსიკოსები მოახდენდნენ.

ბოტი – ჩემი პასუხიც ზუსტად იგივეა. თანამედროვე შემსრულებლების ნაწილს არ აქვთ მუსიკალური საფუძველი. ისეთი, რომელზეც შემდეგ თავიანთი კარიერის აგებას შეძლებენ. ვისურვებდი, რომ ბავშვებმა მეტი ისწავლონ მუსიკაში და ნაკლები იფიქრონ ერთ ღამეში ვარსკვლავად გახდომაზე.

სამომავლო გეგმებზე რას მეტყვით, მუშაობთ თუ არა ახალ კომპოზიციებზე?

სტინგი – მაქვს რაღაც იდეები, მაგრამ ტურში ყოფნისას არასოდეს ვწერ ახალ სიმღერებს. აგვისტოში მოვრჩები და მერე, სავარაუდოდ, მუშაობას დავიწყებ.

ბოტი – მე ახალ ალბომს ვწერ, რომელზე მუშაობაც წინა კვირას დავიწყე. შოუს შემდეგ ლონდონში მივდივარ და ჩაწერას ვაგრძელებ.

პიაცაზე 
სტინგი რეპეტიციის დროს
ფოტო: ფოტო: ირაკლი გედენიძე
გამართულ კონცერტს, ბოლო წლების ერთ-ერთი საუკეთესო ლაივ-შოუ შეგვიძლია ვუწოდოთ. კრის ბოტის ბენდმა ბრწყინვალე შთაბეჭდილება დატოვა. ბილი ჩაილდსი (პიანინო), მარკ უიტფილდი (გიტარა), კარლოს პუერტო (ბასი) და ბილი კილსონი (დრამი) – პიაცას „ცეცხლი” სწორედ ამ ადამიანებმა დაანთეს. 60 წლის სტინგი ბრწყინვალე ფორმაში აღმოჩნდა და თავისი ცნობილი ჰიტები ცოცხლად და უნაკლოდ შეასრულა. კონცერტს ნიკა მემანიშვილი დირიჟორობდა.

კონცერტის შემდეგ ჩვენ კრის ბოტის, შთაბეჭდილებებზე და თანამედროვე მუსიკაზე, გავესაუბრეთ:

როგორი შთაბეჭდილება დაგრჩათ კონცერტის შემდეგ, რა შეფასებებს გააკეთებდით?


მშვენიერი იყო. მშვიდი გარემო, ბრწყინვალე ორკესტრი და დირიჟორი. შესანიშნავი დადგმა და ორგანიზება. სწორედ ისეთი საღამო იყო, როგორიც მსურდა.

რას იტყვით ქართველ მაყურებელზე?

  როდესაც ასეთ მაღალ სცენაზე დგახარ, რთულია მაყურებლის შეფასება, მაგრამ როდესაც ქვემოთ ჩამოვედი და ხალხში შევასრულე სიმღერა, ვიგრძენი ის ემოცია, რაც მათგან მოდიოდა. ეს ფანტასტიკური იყო.

თქვენი აზრით, როგორ გავლენას ახდენს ინტერნეტი დღევანდელ მუსიკალურ ინდუსტრიაზე?


მიმაჩნია, რომ ინტერნეტს არ აქვს დადებითი გავლენა. როდესაც შესაძლებლობა გაქვს, რომ შენს საყვარელ შემსრულებელზე ყველა სახის ინფორმაციას ფლობდე – ეს მას მისტიკურობას აკარგვინებს. როდესაც წლების წინ მაიკლ ჯექსონი გამოვიდა კონცერტზე საკულტო ხელთათმანით და moonwalk-ით, ხალხი გაგიჟდა. მაგრამ მერე არ გაქცეულა და Twitter-ზე არ დაუწერია ამის შესახებ. არც ექვს სატელევიზიო შოუში მიუღია მონაწილეობა. უბრალოდ გააკეთა ეს და მორჩა. ჩვენ დავკარგეთ ეს ყველაფერი. ინტერნეტმა ახალგაზრდებს იმის იმედი მისცა, რომ მათ შეუძლიათ როკ-ვარსკვლავები სწრაფად გახდნენ.

ინტერნეტი ხალხს ერთმანეთთან აკავშირებს და ეს შესანიშნავია. მაგრამ დღეს ცნება როკ-ვარსკვლავი გაუფასურებულია. ვინ არის დღეს როკ-ვარსკვლავი – Lady Gaga?! არ ვიცი, ყველაფერს წლები გვიჩვენებს.

ოგორ გგონიათ, მუსიკის გარდა, კიდევ რამე უნდა მოიმოქმედოს მომღერალმა მაყურებლის მისაზიდად, როგორც, დავუშვათ, Lady Gaga აკეთებს ?

სტინგის თაობა ავიღოთ. შეხედეთ დღევანდელ კერპებს, რომლებიც მუშაობენ და კვლავაც ტურნეებში დადიან – სტივი უონდერი, მადონა, ერიკ კლეპტონი, U2, პრინცი. ისინი გვიანი 70-იანი წლების ან 80-იანების შემსრულებლები არიან. ბოლო წლებში შექმნილი ბენდები კი საკულტო მუსიკოსებად ვერ ყალიბდებიან, იშვიათ გამონაკლისად Coldplay შეგვიძლია მივიჩნიოთ. ინტერნეტის წყალობით კი პოპულარულები ხდებიან: Twitter-ზე დაწერენ, Facebook-ზე სტატუსს განაახლებენ და მიაჩნიათ, რომ უკვე დიდი ვარსკვლავები არიან.

კომენტარები