ნეჩასი გამოწვევის წინაშე

პრემიერ-მინისტრი პეტრ ნეჩასი
ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი პეტრ ნეჩასი პოლიტიკური გამოწვევის წინაშე დგას. ქვეყანაში საკვანძო ეკონომიკური, ჯანდაცვის და საპენსიო რეფორმებია აქტუალური. ამ დროს მის კოალიციაში ბზარია გაჩენილი, ხოლო მთავრობისადმი მოსახლეობის მხარდაჭერამ იკლო. სადავო რეფორმების გატარების შესაძლებლობებს ეს კიდევ უფრო ამცირებს.

ნეჩასმა გასულ წელს, არჩევნების შემდეგ, სამთავრობო კოალიცია ჩამოაყალიბა – მის ლიბერალ-კონსერვატიულ სამოქალაქო დემოკრატებს (ODS), მემარჯვენე პარტია TOP 09 და ცენტრისტული პოლიტიკური გაერთიანება, საჯარო საქმეების პარტია (VV) შეუერთდნენ. კოალიციის წევრებმა 200-ადგილიან პარლამენტში 118 მანდატი და დამაჯერებელი უმრავლესობა მოიპოვეს. მართალია, სოციალ-დემოკრატიული პარტია კენჭისყრის შედეგებით ლიდერობდა (22%), მაგრამ კოალიციის შექმნა ვერ მოახერხა. მისი მთავარი პარტნიორი, კომუნისტური პარტია გახლდათ. სხვა პოლიტიკურმა გაერთიანებებმა მასთან თანამშრომლობისგან თავი შეიკავეს – საარჩევნო კამპანიის დროს პოპულისტური დაპირებების (პენსიების გაზრდა) გამო აკრიტიკებდნენ.

ამომრჩეველმა მემარჯვენეებს მხარდაჭერა ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად და მკაცრი ფისკალური პოლიტიკის მხარდაჭერის მიზეზით გამოუცხადა. ნეჩასმა მთავარ ამოცანად საბიუჯეტო დეფიციტის შემცირება დაისახა – 2013 წლისთვის იგი მშპ-ს 5,9%-დან 3%-მდე უნდა ჩამოსულიყო. მის პრიორიტეტებს კოალიციის დანარჩენი წევრებიც იზიარებდნენ: TOP 09 ქვეყნის მზარდ ვალზე აკეთებდა აქცენტს და მკაცრი ფისკალური დისციპლინის შემოღებას ითხოვდა. VV კი პრიორიტეტად კორუფციასთან ბრძოლას ასახელებდა.

ოპტიმიზმის საფუძველს თავად პრემიერის პიროვნებაც იძლეოდა. იგი ზომიერ, ფრთხილ, კონსტრუქციულად მოდებატე და არაკორუმპირებულ ლიდერად მიიჩნეოდა. პოლიტიკოსი მცირე მეწარმის, არაკომუნისტურ ოჯახშია დაბადებული. პროფესიით ფიზიკოსი გახლავთ, ამ სფეროში დოქტორანტურის დაცვის შემდეგ, ელექტრონულ კომპანიაში მკვლევრად მუშაობდა. კომუნიზმის დამხობის შემდეგ პროფესია შეიცვალა და პოლიტიკაში წავიდა, სადაც წარმატებას საკმაოდ სწრაფად მიაღწია – 1991 წელს გახდა სამოქალაქო დემოკრატების წევრი, მომდევნო წელს კი პარტიას უკვე პარლამენტში წარმოადგენდა. აღნიშნულ მანდატს დღემდე ინარჩუნებს. ამას მოჰყვა სამინისტრო პოსტიც: 2006 წელს იგი შრომისა და სოციალური საქმეების მინისტრი და პრემიერ-მინისტრის მოადგილე გახდა. ქვეყნის პრეზიდენტ ვაცლავ კლაუსისგან განსხვავებით, ევროკავშირში ჩეხეთის გაწევრიანებას ემხრობოდა. მათი პოზიციები განსხვავებული იყო აშშ-სა და NATO-ს საკითხების მიმართაც. პრემიერი მათთან მჭიდრო თანამშრომლობას უჭერდა მხარს. აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, კლაუსს მისი იმედი ყოველთვის შეიძლება ჰქონოდა.

მიუხედავად ამისა, ნეჩასს წარმატებების მიღწევა მაინც გაუჭირდა. მის თავდაპირველ შეცდომად კოალიციაში შემავალი პარტიებისთვის მნიშვნელოვანი სამინისტრო პოსტების დარიგებას მიიჩნევენ. მაგალითად, TOP 09-ის ლიდერებმა საგარეო საქმეთა და ფინანსთა სამინისტროები ჩაიბარეს, VV-მ კი საერთო ჯამში ოთხი (მათ შორის შინაგან საქმეთა) სამინისტრო პორტფელი მოიპოვა. ამან პრემიერის პარტიაში უკმაყოფილება წარმოქმნა, კოალიციის წევრებს შორის კი ერთგვარი კონკურენცია გააღვივა.

განხეთქილება მოხდა კოალიციის შიგნითაც, რაც VV-სთან დაკავშირებულმა სკანდალმა განაპირობა. იგი კორუფციაში დაადანაშაულეს. კერძოდ, ეჭვი გაჩნდა, რომ კერძო უსაფრთხოების სააგენტო (ABL) VV-სთან ახლო კავშირებს პოლიტიკოსებზე არალეგალურად ინფორმაციის შესაგროვებლად იყენებდა. აგორებული სკანდალის შერბილების მიზნით, VV-ს რამდენიმე სამინისტრო პოსტის დათმობა მოუწია. VV-მ აღნიშნული კომპრომისის წინაპირობად ეკონომიკური რეფორმების საბოლოო დამტკიცება წამოაყენა – წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, სამთავრობო კოალიციის მხარდაჭერაზე უარი თქვან.

კოალიციის შიდა დაპირისპირება მთავრობის ლეგიტიმურობაზე აისახება. STEM agency-ის გამოკითხვების მიხედვით, მთავრობის მიერ დაგეგმილ ეკონომიკურ რეფორმებს, მოსახლეობის მხოლოდ 2% სრულად უჭერს მხარს. თავად კაბინეტი კი 16%-იანი მხარდაჭერით სარგებლობს. ამ პირობებში ნეჩასის მთავრობას რეფორმები ბოლომდე აქვს მისაყვანი.

ექსპერტების აზრით, კოალიცია დაშლის ზღვარზეა.

კომენტარები