პაკისტანი ბინ ლადენის შემდეგ

ათწლეულების 
განმავლობაში, პაკისტანი აშშ-სთან ორმაგ პოლიტიკას ახორციელებდა. 1970-იანი წლების დასაწყისიდან მოყოლებული, მიუხედავად ვაშინგტონის მხრიდან არაერთხელ წარმოდგენილი მტკიცებულებებისა, ისლამაბადი ატომურ იარაღზე მუშაობის ფაქტს უარყოფდა. მიუხედავად მოკავშირე ქვეყნის პრეზიდენტების და კონგრესმენების შეშფოთებისა, ბირთვული პროგრამა გრძელდებოდა. 1998 წელს იარაღი წარმატებით გამოცადეს.

მსოფლიოს ნომერი პირველი ტერორისტი და აშშ-ის დაუძინებელი მტერი, ოსამა ბინ ლადენი, დაახლოებით 6 წლის მანძილზე, ქვეყნის დასავლეთ ნაწილში კომფორტულად ცხოვრობდა. ბუნებრივია, პაკისტანის მთავრობის რიგი წევრების, განსაკუთრებით ქვეყნის სადაზვერვო სამსახურის თანხმობისა და თანამონაწილეობის გარეშე – ეს შეუძლებელი იქნებოდა. ისინი თალიბანს წლების განმავლობაში მფარველობდნენ. საინტერესოა, თუ რა მასშტაბის სამხედრო და სამოქალაქო სტრუქტურებში იცოდნენ ბინ ლადენის ისლამაბადში ყოფნის თაობაზე. ასევე მნიშვნელოვანია, ზუსტად რა სახის დახმარებას იღებდა ტერორისტი პაკისტანის მხრიდან.

საქმე ამერიკის 3 ფუნდამენტურ ინტერესს ეხება:

ყველაზე მნიშვნელოვანი, პაკისტანის ბირთვული იარაღის ისლამური ექსტრემისტების ხელში მოხვედრისაგან დაცვაა. იგულისხმება პაკისტანის მმართველი ელიტების მხრიდან მასობრივი განადგურების ტექნოლოგიების გაჟონვა ან მთელი ქვეყნის ტერორისტების მმართველობაში მოხვედრა.
აშშ ცდილობს, დაიცვას მოკავშირე, ჩინეთის თავსმოხვეული გავლენისაგან. ისლამაბადი პეკინისაკენ იხრება, რომელმაც ბირთვული იარაღის ნიმუშები, თავისი ინტერესის ხაზგასმით გამოსახატავად მიაწოდა.

მესამე და ყველაზე მთავარი ისაა, რომ ამერიკას ჯერ კიდეც სჭირდება პაკისტანთან თანამშრომლობა თალიბანისა და ალ-ყაიდას წინააღმდეგ ომში. სამწუხაროდ, პრეზიდენტი ობამა ბინ ლადენის ლიკვიდაციას ავღანური წარუმატებლობის საპირწონედ იყენებს. ის ამით ამართლებს ივლისში დაგეგმილ ამერიკული სამხედრო შენაერთების გამოყვანას. პაკისტანი კი, ავღანეთიდან აშშ-სა და NATO-ს ჯარების გაყვანას, აშშ-ის გავლენის შემცირებად ჩათვლის და შესაბამისადაც იმოქმედებს.

პაკისტანი აგრძელებს ამერიკული და ბრიტანული დახმარების მიღებას. ამ უკანასკნელებს უჭირთ სწრაფად მობილიზება. მათ სათანადო მხარდაჭერაც არ აქვთ საკუთარი მოქალაქეებისაგან, რომლებიც დაუყოვნებლივ მოითხოვენ პაკისტანის დასჯას, ორმაგი პოლიტიკის გამო.
მიმდინარე წლის 23 მაისს, აშშ-ის მთავრობამ გამაქვეყნა „ტერორიზმის წინააღმდეგ ომის” ხარჯთაღრიცხვა, რამაც საერთო ჯამში 60 მილიარდი დოლარი შეადგინა. აქედან მნიშვნელოვანი წილი – პაკისტანისათვის დაპირებული ამერიკული დახმარება, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის ღრმა კრიზისისაგან გადარჩენისთვისაა გათვალისწინებული – ადრესატამდე ჯერ არ ჩასულა.

ჩინეთი დროს არ კარგავს. პეკინმა განაცხადა, რომ პაკისტანის გაკოტრებას არ დაუშვებს და 500 მილიონი დოლარი ქვეყნის სარეზერვო ანგარიშზე სასწრაფოდ გადარიცხა. ეს ფული პაკისტანს გადავადებული ვალების გადახდის საშუალებას მისცემს, რომელიც, პირობის თანახმად, 2008 წლის დასრულებამდე უნდა დაეფარა. პაკისტანის პრემიერი, იუსუფ რეზა გილანი პეკინში ვიზიტიდან, დაუყოვნებლივ 50 თვითმფრინავის მიწოდების შეთავაზებით, დაბრუნდა. ჩინეთი უკვე რეკორდსმენია პაკისტანის დახმარების პროგრამაში. პეკინის პაკისტანურ პოლიტიკას სამი მიზანი ამოძრავებს: პირველი, ხედავს ისლამაბადს, როგორც ინდოეთის შეკავების საშუალებას. მეორე, ჩინეთს საზღვაო თამაშში ჩართვა, მთელი ინდოეთის ოკეანის პორტების მართვით სურს. მის საზღვაო ძალას ინდოეთის ოკეანეში, ინდოეთისა და ამერიკის საზღვაო ბატონობისთვის საფრთხის შექმნა შეუძლია. მესამე, პეკინს პაკისტანის დახმარება დასავლეთი პროვინციის – ხინჯიანგის ისლამური რადიკალებისაგან დაცვაში სჭირდება. შესაბამისად, ჩინეთი საკუთარი ვიწრო ეროვნული ინტერესების განხორციელებას ცდილობს.


ფოტო: REUTERS
პაკისტანის ინტერესებიც ცხადია. ქვეყანას სურს უკეთესი მოკავშირის პოვნა, რომელიც არც ფინანსურ და არც სამხედრო დახმარებას არ დაიშურებს ქვეყნის შიდა და საგარეო პოლიტიკის პრობლემების მოსაგვარებლად – უპირველესად, ინდოეთთან ქაშმირის სტატუსთან დაკავშირებით. ეს პრობლემა ბრიტანეთის მიერ 1947 წელს სუბკონტინენტის დანაწევრების შემდეგ წარმოიშვა. ინდოეთი ამტკიცებს, რომ ქაშმირი მისი ნაწილია. დელი იშველიებს 1972 წლის სიმლას შეთანხმებას და მოითხოვს, რომ დავა, შეთანხმების თანახმად, ორმხრივად, მხოლოდ ინდოეთსა და პაკისტანს შორის მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით გადაწყდეს. არადა, სუსტ პაკისტანს საგარეო ჩარევა აძლევს ხელს. მისთვის იდეალური იქნება, თუ მუსლიმებით დასახლებული ქაშმირის სტატუსის განსასაზღვრავად რეფერენდუმის ორგანიზება მოხდება – რასაც ინდოეთი არასოდეს დაუშვებს. არსებულ სიტუაციაში, პაკისტანის მთავრობის რიგი წევრები, კერძოდ, სადაზვერვო სამსახურის წარმომადგენლები, ინდოეთის წინააღმდეგ მიმართულ ლაშქარ-ე-ტაიბას მსგავს ტერორისტულ დაჯგუფებებს მფარველობენ.

პაკისტანის, როგორც სტრატეგიული მხარდამჭერის დაკარგვა, ქვეყანაში ზომიერი მთავრობის ექსტრემისტული, ანტიამერიკული ძალებით შეცვლა ან, უფრო უარესი, არშემდგარი სახელმწიფოს კატეგორიაში გადასვლა – აშშ-სათვის მეტი დანახარჯი იქნება, ვიდრე ნებისმიერი სახის დახმარების პროგრამა. პაკისტანის ატომური არსენალის რისკის ქვეშ ჩაყენება, ექსტრემისტული განწყობების მატება, მსოფლიოში ტერორიზმის რისკსა და რეგიონალური დესტაბილიზაციის ალბათობას გაზრდის.

კომენტარები