Public Art-ის დეფიციტი ქართულ სივრცეში

ქართულ სახელოვნებო წრეებში არტ-სივრცეების ირგვლივ პოლემიკა გრძელდება: კატეგორიულად მოითხოვენ თანამედროვე ხელოვნების მუზეუმს, მეტ-ნაკლებად მუშაობს კერძო გალერეები, სულ ახლახან განახლდა ოფიციალური და უკვე საკმაოდ რესპექტაბელური ეროვნული გალერეის სივრცე. თუმცა საზოგადოებრივი სივრცეები ჩვენთან არტისაგან დღემდე აუთვისებელი რჩება. არადა მსოფლიო თანამედროვე ხელოვნებას, დღეს მეტწილად სწორედ „ფაბლიკ არტი” (Public Art) კვებავს.

30 ივნისს, ლიტერატურის მუზეუმში სახელოვნებო ორგანიზაციებმა (გეოეარი; CCA-T; კულტურისა და მენეჯმენტის ლაბორატორია) მორიგი „დიალოგების სერია” გამართეს. ამჯერად დისკუსიის თემა – „ხელოვნება საზოგადოებრივ სივრცეში” – გახლდათ.

„ფაბლიკ არტის” შინაარსიდან და სპეციფიკიდან გამომდინარე, მას შეუძლია დროებითი ინტერვენცია საზოგადოებრივ სივრცეში (პერფორმანსები ქუჩებში, კაფეებში, ბაზარში; ქუჩის სტენსილები, აქციები და ა. შ.). „ფაბლიკ არტისთვის” დღესდღეობით მეტად მნიშვნელოვანია ვირტუალური სივრცე და სოციალური ქსელები – სადაც არტისტის აუდიტორია ფაქტობრივად მთელი მსოფლიო ხდება. „ფაბლიკ არტის” ტრადიციული, მაგრამ ამავდროულად საკამათო ფორმა კი სტაციონარული ობიექტებია. სწორედ ამ ფორმის ირგვლივ, ძირითადად მონუმენტების კონტექსტში, ლიტერატურის მუზეუმში დისკუსია გაიმართა.

„საზოგადოებრივი სივრცის მონუმენტებით ოკუპაცია ანაქრონიზმია. იმას, რაც იქმნება სტაციონარულად, იდეოლოგიური ფუნქცია აკისრია. ეს კი იმის ნიშანია, რომ საზოგადოება არ არის თავისუფალი და მას იდეოლოგიური დასაყრდენი სჭირდება. შემდეგ გადის დრო, იცვლება ფასეულობები და ის ვანდალიზმის მსხვერპლი ხდება”, – ძირითადად ასეთი ბრალდებები ისმოდა სტაციონარული ანუ „21-ე საუკუნეში მონუმენტების” მიმართ (ამ შემთხვევაში დარბაზს კონკრეტულად გორში სტალინის ძეგლის ნაცვლად ახალი მონუმენტის დადგმა ჰქონდა მხედველობაში).

„რატომაა დღეს პრობლემური მხატვრის და არტის შესვლა საზოგადოებრივ სივრცეებში – გაზონებზე, სკვერებში, სადაც წყვილებს კოცნასაც კი უშლიან?” – ამ კითხვით ლიტერატურის მუზეუმში ძირითადად მხატვართა ახალი – ნულოვანი წლების თაობის წარმომადგენლები გამოვიდნენ. ეს კითხვა მათ ფოტოგრაფ გურამ წიბახაშვილის ფოტოარქივის სლაიდების ჩვენების ფონზე დასვეს. იქ წარმოდგენილი იყო 80-იანი, 90-იანი წლების არტ-აქციები და არაოფიციალური გამოფენები, რომელთაც ოფიციალური საგამოფენო დარბაზების ნაცვლად, მიწისქვეშა გადასასვლელებში, სკვერებში, ქუჩებსა თუ ბინებში მართავდნენ. დისკუსიის ფონზე გამოიკვეთა, რომ დღეს 90-იანებისგან განსხვავებით საზოგადოებრივი სივრცეები პრივატიზებულია, ხშირად ბიუროკრატიული აპარატი არტის მიერ საზოგადოებრივი სივრცის ოკუპაციას ხელს უშლის. თუმცა აქვე შეგვიძლია გავიხსენოთ, რომ არტისტი კოკა რამიშვილი, 90-იან წლებში, ნამუშევრის სივრცის ნებართვისთვის ბიუროკრატებთან მიმოწერასაც კი არტის ნაწილად აქცევდა.

ცხადია, სტაციონარულ ობიექტებად მხოლოდ მონუმენტები არ მოიაზრება. მსოფლიო ხელოვნება იცნობს ასეთ შედევრებს. თუნდაც ერთი შეხედვით მარტივი და ყველაზე ცნობადი გილბერტ სკოტის წითელი სატელეფონო ჯიხურები რად ღირს ლონდონში, კოვენტ გარდენზე (K6 telephone box by Giles Gilbert Scott), რომელიც თავის დროზე, დიზაინერმა როგორც ფუნქციონალური ობიექტი ისე შექმნა, დღეს კი მას არტის დატვირთვა მიეცა და The Guardian-მა სულ ცოტა ხნის წინ „ფაბლიკ არტის” საუკეთესო ათეულში შეიყვანა. ქართულ საზოგადოებრივ სივრცეებს სწორედ ამგვარი ხელწერა და ობიექტები აკლია.

გამარჯვებული პროექტი. ავტორი მამუკა სამხარაძე
ამ ცოტა ხნის წინ გოეთეს ინსტიტუტმა პროექტისთვის – „ხელოვნება საქართველოს საზოგადოებრივ სივრცეში” – კონკურსი გამოაცხადა (კურატორი ნინო ჭოღოშვილი). კონკურსში გამარჯვებული არტისტის – მამუკა სამხარაძის ნამუშევარი ლითონის ფერად პირამიდებს წარმოადგენს. ობიექტის დისლოკაციის ადგილად იპოდრომის ან კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაა მოაზრებული. ნამუშევარს „და ასე შემდეგ... კავშირები” ეწოდება და მისი კონცეფცია აღმოსავლურ ფილოსოფიას უკავშირდება. იდეა მხოლოდ პროექტის დონეზეა განხორციელებული. სექტემბერში არტისტი ბერლინშია მიწვეული, როგორც „ფაბლიკ არტის” საინტერესო კონცეფციის ავტორი.

სპეციალურად ახალი თაობის მხატვრებისთვის, ბრიტანეთის საბჭოს მხარდაჭერით, გასული წლის შემოდგომაზე თბილისს ბრიტანელი არტისტი კლერ მიტენი ესტუმრა. მან თბილისის სამხატვრო აკადემიის სტუდენტებთან ერთად ყოველდღიური უსარგებლო ნივთებისაგან, ობიექტები და ინსტალაციები შექმნა და შემდეგ გამოფენით „RE – animate the inanimate” (უსულოთა გასულიერება”) გუდიაშვილის ბაღი დროებით საგამოფენო სივრცედ აქცია. ეს ფაქტობრივად ეკოლოგიური არტ-პროექტი და საზოგადოებრივი სივრცის საინტერესო ინტერვენცია იყო. გამოფენა არტისტერიუმი 2010-ის ფარგლებში გაიმართა.

თანამედროვე ქართველი არტისტებისგან დღეს რეგიონალური სივრცეებიც აუთვისებელია. არადა დასავლეთში სწორედ პერიფერიები წარმოადგენს აქტუალურ სივრცეს „ფაბლიკ არტისთვის”. მაგალითისთვის ბრიტ არტის ახალი თაობის ცნობილი არტისტის – ტრეისი ემინის ცნობილი ნამუშევრის – „Baby Things” მოყვანა შეიძლება. ბრიტანეთის ჩრდილოეთის პატარა საპორტო ქალაქში მხატვრის მიერ მიმოფანტული ვერცხლისფრად შეღებილი ბავშვის ნივთები, ფაქტობრივად, სოციალური რეპლიკა იყო და ბრიტანელთა პრობლემას – თინეიჯერ დედებს ეძღვნებოდა.

ბრიტანეთთან შედარებით საქართველოში პრობლემებიცა და სივრცეებიც საკმაოდ ბევრია. ასე რომ, ახალი გენერაციის არტისტებს, „ფაბლიკ არტში” დეფიციტის შესავსებად, საკმაოდ მდიდარი ინსპირაციის წყარო გააჩნიათ.

კომენტარები