10 კითხვა ლია სტურუას

ფოტო: ლია სტურუას პირადი არქივიდან
თქვენი ყველაზე თამამი ნაბიჯი 60-იანებში?

17 წლის ასაკში, უნივერსიტეტის სცენიდან წავიკითხე სტრიქონები „რომ ფიროსმანს უყვარდა ცა და არაყი და სხვა ყველაფერი ფეხებზე ეკიდა”. ტაშის ნაცვლად მივიღე სამარისებური სიჩუმე… ცეკას მდივანმა იდეოლოგიის დარგში ასე შემამკო: „ლია სტურუამ შელახა ქართველი ქალის კდემამოსილება”. მაშინ ვერლიბრს არაქართულ მოვლენად მიიჩნევდნენ და მომიწოდებდნენ ნორმალური რითმიანი ლექსი მეწერა. ერთმა ცნობილმა მწერალმა გამკიცხა: შენი სტურუიზმებით რყვნი ახალგაზრდობასო. მაგრამ მე ვაგრძელებდი წერას ისე, როგორც მინდოდა.

რას დაარქმევდით ავტობიოგრაფიულ წიგნს?

ყველა ლექსი, ესე, მოთხრობა ავტობიოგრაფიაა, ჩემი ნაწყვეტებია. რა თქმა უნდა, ტრანსფორმირებული, სტილიზებული, ზოგჯერ სახეწაშლილიც… ლექსებში მე წერტილს არ ვსვამ, მხოლოდ, მრავალწერტილს, სათაურებსაც იშვიათად ვუკეთებ. სამი ვარსკვლავი თავზე – გზა ვარსკვლავებისკენ ad astra!

ორი რამ, რაც თანამედროვე ქართულ პოეზიაში გაღიზიანებთ?

არ მომწონს რეცეპტით დაწერილი ლექსები, ევროპული და ამერიკული ინგრედიენტებით. როცა ადრე ქრესტომათიულ წიგნებში ვკითხულობდი, რომ „ნ. ბარათაშვილი ქართველი ბაირონია”, ცუდად მაჟრიალებდა. მომწონს რუსი იოსიფ ბროდსკი და ქართველი ოთარ ჭილაძე, ქართველი ბროდსკები, ნიჭიერებიც კი – ნაკლებად.

ლექსი, რომლის გარეშე გიჭირთ საკუთარი თავის წარმოდგენა?

საერთოდ ლექსის გარეშე მიჭირს ცხოვრება და, კიდევ, იმ ჭორივით მოსული ამბების გარეშე, რასაც მითს, ლეგენდას ეძახიან, ჩემთვის კი ლექსია. მაგ. ვან გოგი რომ ფართოფარფლიან ქედზე სანთლებს იწებებდა ღამე სახატავად, თითქოს მთელი დღე მზეზე თავის ხეთქვა არ ჰყოფნიდა, მოცარტმა რომ რეკვიემი თავისთვის დაწერა, გალაკტიონი რომ ფანჯრიდან გავიდა არა თავის მოსაკლავად, იმიტომ, ფანჯარა რომ უფრო ახლო იყო ცასთან, ვიდრე კარები...

როგორია ლია სტურუას ჩვეულებრივი დღე?

დამოკიდებული ვარ ამინდზე, როგორც მცენარე, ლექსზე, რომელიც გამომივა, წიგნის ტემპერატურაზე, საღამოსთვის რომ მაქვს გადადებული, მთელი დღის ურთიერთობებზე მეგობრებთან, მტრებთან, შვილთან და შვილიშვილთან...

რა გენატრებათ წარსულიდან?

ჩემი ნაკლებად მარტოობა ყველაზე მეტად მიყვარს წარსულში.

რომ არა პოეზია...

გიპასუხებთ ნაწყვეტით ჩემი ლექსიდან:
არ ვიცი დილას ვუმადლოდე,
თუ ბედის მწერალს,
ღამის მელანში ჩამაყუდეს, მასწავლეს წერა,
სხვა არაფერი, სამწუხაროდ, არ შემიძლია.

ყველაზე ძვირფასი ქათინაური, რაც მიგიღიათ?

ზემოთ რომ მოვყევი, რა რეაქცია მოჰყვა ჩემს, იმდროისთვის, ეპატაჟურ ლექსს და მარტო ვიდექი სააქტო დარბაზში, მოკვეთილივით, თამაზ ჩხენკელი მოვიდა და მიხაკების თაიგული მომიტანა, თურმე ფული ისესხა და ისე უყიდია. სხვა დროს არ ყოფილა ყვავილები ასეთი ტკივილის წამალი და ქათინაური.

ბოლო დროს რომელი სტრიქონები აგეკვიატათ?


ამ ბოლო დღეებში, გულმა მიგრძნო, ჩემ მიმართ უსამართლოდ და შეუსაბამოდ მოიქცევა ადამიანთა პატარა ჯგუფი. ერთი სტრიქონი ამეკვიატა: „ყველაფერი არის ძლიერ კარგად, ყველაფერი ძლიერ ცუდად არის”.

რა კითხვას დაუსვამდით საკუთარ თავს?

მარადიულ კითხვას: „ვინ ვართ, საიდან მოვედით, საით მივდივართ?” ამ კითხვას ყველაზე კარგად ვერ პასუხობენ პოლ გოგენი ამ სათაურისვე ნახატით, გალაკტიონ ტაბიძე თავისი ნახტომით, თავჩამოხრჩობილი მარინა ცვეტაევა, დახვრეტილი ფედერიკო გარსია ლორკა და ა.შ. და, მაინც, გაუთავებლად ვუსვამთ ამ შეკითხვას საკუთარ თავს.

კომენტარები