ფართოდ დახუჭული თვალები

ხანდახან ცხოვრება ტკბილ სიზმარს ემსგავსება.

24 წლის ნოვაკ ჯოკოვიჩისთვის 2011 წელი სწორედ რომ ახდენილ სიზმარს ჰგავს: ომებით გაუფერულებულ ბავშვობაში პირველობაზე და დიდი ტურნირების მოგებაზე ოცნებობდა, დღეს კი ის საუკეთესო ჩოგბურთელია და თასს თასზე იგებს.

ის, რაც ბავშვობაში ესიზმრებოდა, დღეს რეალობად ექცა.

ერთი კვირის წინ მან სეზონის მერვე ტიტული – უიმბლდონი მოიგო. იმ ტურნირის ფინალში, სადაც გამარჯვებაზე ყველა ოცნებობს, ნოვაკ ჯოკოვიჩმა შარშანდელი ტრიუმფატორი რაფაელ ნადალი ოთხ სეტში – 6:4, 6:1, 1:6, 6:3 – დაამარცხა. ეს წლეულს სერბის და ესპანელის მეხუთე საფინალო პაექრობა იყო და ყველა შემთხვევაში ჯოკოვიჩმა იმარჯვა.

ნადალთან ხუთი სატიტულო გამარჯვების გარდა უიმბლდონის ჩემპიონმა კიდევ სამი შეჯიბრება მოიგო. რვა ტიტული სეზონის პირველ ნახევარში ბრწყინვალე შედეგია და რეიტინგის სათავეში მომხდარი ცვლილებაც არავის გაჰკვირვებია – ნოვაკ ჯოკოვიჩი მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი გახდა! რეიტინგის შემოღების შემდეგ, ანუ 1973 წლიდან დაწყებული, ის მხოლოდ და მხოლოდ 25-ე ჩოგბურთელი და, ამავდროულად, პირველი სერბია, ვინც ეს შეძლო.

და ის ასევე პირველი სერბია, უიმბლდონის მთავარი პრიზი რომ აღმართა.

„ნოვაკი პირველობას იმსახურებდა. ბევრს იცნობთ, რომელმაც სეზონის სტარტზე ზედიზედ მოიგო 41 მატჩი ან ავსტრალიის ღია პირველობა და უიმბლდონი? ჯოკოვიჩი წლეულს შეუდარებელია, უიმბლდონზე კი დაამტკიცა, რომ წინსვლაც შეუძლია. შესანიშნავად თამაშობს, საკუთარ ძალებში ბოლომდე დარწმუნებულია და ამიტომაც ვფიქრობ, რომ მხოლოდ მასზეა დამოკიდებული, რამდენ ხანს დარჩება რეიტინგის სათავეში”, – განაცხადა უიმბლდონის ექვსგზის ტრიუმფატორმა, შვეიცარიელმა მაესტრომ როჯერ ფედერერმა.

ნოვაკ ჯოკოვიჩმა წლეულს სწორედ ფედერერთან წააგო ერთადერთი დაპირისპირება: როლან გაროს ნახევარფინალში სერბმა უჩვეულოდ სუსტად ითამაშა და დამარცხდა კიდეც. შვეიცარიელთან რომ მოეგო, ჯერ კიდევ ივნისის დასაწყისში გახდებოდა მსოფლიოს პირველი ჩოგანი...

„ახლა ვხვდები, რომ დევისის თასზე საფრანგეთთან გამარჯვებამ ის მთლიანად შეცვალა. დარწმუნებული ვარ, იმ ორმა ძალიან მნიშვნელოვანმა მოგებამ ნოვაკი საბოლოოდ დაარწმუნა შესაძლებლობებში”, – საუკეთესო ჩოგბურთელის დედა დიანა დეკემბერში, დევისის თასის ფინალში მოგებულ ორ შეხვედრას გულისხმობს. სერბებმა ფრანგებს აჯობეს და პირველად მოიგეს ეს ჯილდო, ჯოკოვიჩმა კი სწორედ მაშინ დაიწყო ის წაუგებელი სერია, ზედიზედ 43 გამარჯვება და 7 ტიტული რომ დაიტია და მხოლოდ საფრანგეთის ღია ჩემპიონატის ნახევარფინალში შეწყდა.
სერბეთის ოლიმპიურმა კომიტეტმა ნოვაკი 2010 წლის საუკეთესო სპორტსმენად დაასახელა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ივლისია და წლის ბოლომდე დიდი დროა, ყველა დარწმუნებულია – ნოვაკი ტიტულს შეინარჩუნებს.

ჯოკოვიჩმა ქვეყნის მართლმადიდებლური ეკლესიის უმაღლესი ჯილდო – წმინდა საბას პირველი ხარისხის ორდენი დაიმსახურა. პატრიარქმა ირინეოსმა ნოვაკი 28 აპრილს დააჯილდოვა სერბი ხალხის თანადგომისა და ქველმოქმედებისთვის.

თუმცა, ერთია საეკლესიო ორდენი, ეროვნულ გმირად გადაქცევა და მეორე – სპორტული ტიტულები. ახლა ნოვაკი რეიტინგის ლიდერი და ჩემპიონია, მაგრამ ისიც კარგად იცის, რომ მწვერვალზე გაჩერება ძალიან რთულია:

„ჯერ კიდევ ეიფორიაში ვარ, ყოველ წამს უიმბლდონზე გამარჯვებაზე ვფიქრობ და ვერ ვმშვიდდები. ვიცი, მალე ყველაფერი თავიდან დაიწყება: ვარჯიში, ტურნირები, მატჩები... თუმცა მანამდე ორი კვირით დავისვენებ, ჩოგანს შინ დავტოვებ, პლაჟზე ჩავალ, თვალებს დავხუჭავ და დავფიქრდები: ეს ყველაფერი სიზმარია თუ ცხადი”.

ჯოკოვიჩის პორტრეტი მისივე ფრაზებით

...ემოციური ვარ. ამბებს, რომლებიც ჩემზე დიდ ზეგავლენას ახდენს, ადვილად ვერ ვივიწყებ. შარშან უამრავი პრობლემა დავძლიე, წელს კი კორტსმიღმა ცხოვრებაში ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. მგონი, ამას ყველაზე უკეთ ჩემი შედეგები ადასტურებს.

...ვხვდები, რომ ადრე ენერგიის და დროის დიდ ნაწილს უმნიშვნელო ამბებზე ვხარჯავდი და შესაბამისად, შედეგებიც არცთუ სახარბიელო მქონდა. მიხარია, რომ შეცდომებიდან სათანადო დასკვნები გამოვიტანე.

...ავსტრალიის ღია პირველობა რომ მოვიგე, გასახდელიდან მხოლოდ შუაღამით გამოვედი. მახსოვს, რომ მეჭირა ჩანთა, თასი და... მორჩა: იმ ამბებიდან მეტი აღარაფერი მახსენდება! ასე იცის ემოციურმა ფინალმა. თუმცა გატყუებთ: მახსოვს, გავიფიქრე – რა ბედნიერება იქნებოდა იგივე საფრანგეთში, ინგლისსა და ამერიკაში რომ განმეორებულიყო.

...ყოველთვის მინდოდა გავმხდარიყავი მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელი და მომეგო რაც შეიძლება მეტი დიდი ტურნირი. სანამ სპორტში ვიქნები, ჩემი ორი უმთავრესი მიზანი სწორედ ეს იქნება: პირველობა რეიტინგში და ტრიუმფი დიდი სლემის შეჯიბრებებზე.

...ტიპსარევიჩი, ტროიცკი, ლუბიჩიჩი, ჩილიჩი, ანჩიჩი – ამ ბიჭებთან კარგ დროს ვატარებ, ტურნირებისას ხშირად ვერთობით ერთად. ჩინებული ურთიერთობა მაქვს ბაღდატისთან, ნადალთან, დავიდენკოსთან – დროგამოშვებით გოლფსაც ვთამაშობთ, მაგრამ ყველა დამეთანხმება და პირველ რიგში ისინიც, რომ ჩვენ ახლო მეგობრები ვერასდროს გავხდებით. გვინდა თუ არა, ვიცით, რომ ჩვენი მთავარი მიზანი ერთმანეთის დამარცხებაა, ასეთ დროს კი მეგობრობაზე საუბარი უადგილოა.

...წლების წინ ბრიტანეთის მოქალაქეობა და ლონდონში გადასვლა შემომთავაზეს. იმედისმომცემი ჩოგბურთელი ვიყავი, ეს ნაბიჯი რომ გადამედგა, არაფერს დავკარგავდი, მაგრამ მივხვდი, რომ თუ სერბეთის სახელით ასპარეზობას გავაგრძელებდი და წარმატებასაც მივაღწევდი, ასე თასებზე და პრემიალურებზე გაცილებით მეტს მოვიგებდი.

...სანამ თინეიჯერი ვიყავი, სერბეთმა ორი ომი გადაიტანა. დღევანდელი გადასახედიდან სულ სხვანაირად ჩანს ყველაფერი და მაშინდელ ამბებსაც განსხვავებულად აფასებ. ახლა დამნაშავის ძიების დრო აღარაა – მთავარია, თითოეული სერბი ბოლომდე დაიხარჯოს სამშობლოს სიყვარულში. მე ამას კორტზე თითოეული გასვლისას ვაკეთებ.

...ფული მოგონებებს ვერ წაშლის და არც იმ ასაკში ვარ, განვლილი გზა გადამავიწყოს. ძალიან კარგად მახსოვს ის ორი თვე, როცა ბელგრადი ყოველ ღამე იბომბებოდა, დედ-მამა და ჩვენ კი ორ დღეში ერთხელ თავშესაფარს ვიცვლიდით. მაშინ მე მხოლოდ ერთი რამისთვის ვლოცულობდი – მალე დასრულებულიყო ეს კოშმარი!

...საუკეთესო საჩუქარი, რაც კი ცხოვრებისგან მიმიღია, ჩემი ძმებია!

...სერბეთის ნაკრებმა დევისის თასი მხოლოდ და მხოლოდ მეგობრობის ხარჯზე მოიგო – ჩვენ ბოლო წამამდე ერთმანეთის გვერდით ვიდექით! ყველამ ვიცოდით, რომ ეს თასი არათუ ჩვენთვის, ზოგადად, სერბეთისთვის გაცილებით მეტი იყო, ვიდრე მხოლოდ პრიზი.

...ბოლო წლების განმავლობაში დევისის თასზე ერთი დაპირისპირებაც არ გამომიტოვებია. რატომ? იცით, როცა ქვეყნის სახელით ვთამაშობ, სწორედ მაშინ ვხვდები რას ნიშნავს სამშობლო.

...მიყვარს სიმღერა – ამას არც ვმალავ. ზამთრის შესვენებისას ერთ-ერთი პოპულარული ბრიტანული ჯგუფის აგენტს ველაპარაკე და საშობაოდ სერბეთში რამდენიმე კონცერტი დავგეგმეთ. ჯგუფს ჯერ ვერ დავასახელებ – თუ ყველაფერი გეგმით წარიმართა, ყველაფერს გაიგებთ.

კომენტარები