რატომ სძულთ ამერიკა?


ფოტო: REUTERS
ამერიკა! – დაიყვირებდა ხოლმე მამაჩემი, საკუთარი ან სხვისი საქმიანობის შედეგით თუ აღფრთოვანდებოდა, რაც მის ჟარგონზე „მაგარია!”-ს ნიშნავდა. მათ შორის, ვინც საბჭოთა კავშირს ციხედ მიიჩნევდა, ამერიკის “მაგრობა” ღრმად ფესვგადგმული კლიშე იყო. მიუხედავად იმისა, რომ კარს უკეტავდნენ, ფანჯრიდან შემოდიოდა მუსიკა, კინო, ლიტერატურა, ლეგენდები კოკა-კოლასა და ცათამბჯენების შესახებ, ჯინსი, მიკიმაუსი. ამერიკული ოცნება – თავისუფლება, კეთილდღეობა, წარმატება – პროპაგანდით დასახიჩრებულ საბჭოთა ადამიანსაც არ ტოვებდა გულგრილს.

ევროპა შეერთებული შტატებით მანამდე აღფრთოვანდა, ვიდრე ის, როგორც სახელმწიფო, გაჩნდებოდა – ბრიტანული თავისუფლების ტრადიციებსა და განმანათლებელთა იდეებზე დაფუძნებული ქვეყანა, ლიბერალურ წრეებში სამაგალითოდ მიაჩნდათ. თუმცა, ეს დამოკიდებულება ცალსახა არ იყო – იყვნენ ისეთებიც, ვისაც ამერიკის გაძლიერება აღელვებდა, რადგან მასში საშიში ინფექციის წყაროს ხედავდა. 1817 წელს შეერთებული შტატების მომავალი პრეზიდენტი, ჯონ ქუინსი ადამსი წერდა: “ევროპა აკვირდება ჩვენი (ამერიკის) მოსახლეობისა და ძლევამოსილების გიგანტურ ზრდას და შფოთავს, რომ თუ ერთიანი ვიქენით, საერთაშორისო საზოგადოების სახიფათო წევრად ვიქცევით. ამიტომ იმედოვნებენ, რომ ჩვენი ერთობა დიდხანს არ გასტანს”.

შეერთებული შტატების პოპულარობა პირველი მსოფლიო ომის შემდეგ გამყარდა, როდესაც ვუდრო უილსონმა 14-პუნქტიანი დოკუმენტით ევროპას ახალი საერთაშორისო წესრიგი შესთავაზა და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის დაპყრობილი ხალხები ეროვნული თვითგამორკვევის უფლებით უზრუნველყო. ხოლო პიკს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მიაღწია, როცა ამერიკამ დასავლეთ ევროპა ნაცისტებისგან იხსნა. 

დეკოლონიზაციის პროცესმა ამერიკას მეგობრები შესძინა, მაგრამ ანტიამერიკულ განწყობებსაც მისცა გარკვეული ბიძგი – ძველ ევროპაში მომრავლდნენ ისეთები, ვისაც მათი კოლონიებისა და გავლენის დაკარგვის პროცესში შეერთებული შტატების მიერ შეტანილი წვლილი აღიზიანებდა. ანტიამერიკული განწყობის გენერატორები ძირითადად ნაციონალისტები, ფუნდამენტალისტები და ულტრამემარცხენეები იყვნენ, როგორც ევროპის, ისე მესამე სამყაროს ქვეყნებში. ბუნებრივია, გულხელდაკრეფილი არც საბჭოთა კავშირი მჯდარა. თუმცა საგულისხმოა, რომ სწორედ ამ უკანასკნელის გამო, პროტესტი კულტურულ-საზოგადოებრივ წრეებს არ გასცდენია – ტოტალიტარული კომუნიზმის ექსპანსიის საფრთხე ევროპისა და ამერიკის პოლიტიკურ და სამხედრო ერთობას სავალდებულოს ხდიდა. 

 1989 წელს ბერლინის კედელი დაინგრა. შეერთებულმა შტატებმა თავისი მთავარი მოწინააღმდეგე – საბჭოთა კავშირი მოიშორა. მაგრამ, ფრენსის ფუკუიამას პროგნოზი არ გამართლდა – ისტორიის დასასრულის ანუ ლიბერალური დემოკრატიის ამერიკული იდეის ტრიუმფის ნაცვლად, ჰანტინგტონის წინასწარმეტყველება ახდა – ზუსტად ათი წლის წინ, 11 სექტემბერს, ბევრმა ჩვენგანმა პირდაპირ ეთერში ცივილიზაციათა შეჯახება იხილა. 

ვინც იფიქრა, რომ ისლამური ფუნდამენტალიზმის საფრთხე ისევე გააერთიანებდა ევროპასა და ამერიკას პოლიტიკური და სამხედრო თვალსაზრისით, როგორც ადრე ტოტალიტარულმა კომუნიზმმა შეძლო – შეცდა. ერაყის ომმა ტრანსატლანტიკური უთანხმოების თვალსაჩინო დემონსტრირება მოახდინა. იგივე შეიძლება ითქვას ბუქარესტის სამიტზე, სადაც მათი გზები კიდევ ერთხელ გაიყო, ამჯერად – საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკური ინტეგრაციის საკითხთან დაკავშირებით.  

ეს ტენდენცია ამერიკას სუსტად წარმოაჩენდა. შთაბეჭდილება გაღრმავდა აგვისტოს ომის შემდეგ, როდესაც შეერთებულმა შტატებმა ვერ შეძლო პარტნიორი ქვეყანა რუსული აგრესიისგან დაეცვა. ამ ყველაფერს ზედ ეკონომიკური კრიზისიც დაერთო. 

 ამერიკის შესუსტებულ პოზიციებზე კაპიტალიზაცია საქართველოშიც სცადეს – ჯორჯ სოროსის, მეთ ბრაიზას და სხვათა დემონიზაცია ქართული პოლიტიკის “მეტრებს” ყოველთვის იზიდავდათ, მაგრამ ომის შემდეგ საქმე იქამდე მივიდა, რომ ზოგიერთმა პუტინთან სიახლოვის დემონსტრირებით გადაწყვიტა ამომრჩევლის გულის მოგება. თუ როგორ განვითარდა ამის შემდეგ მათი პოლიტიკური კარიერა, აღარ მოვყვები, ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ ანტიამერიკანიზმს საქართველოში მნიშვნელოვანი სოციალური დასაყრდენი არ აღმოაჩნდა. თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მსგავსი განწყობები საერთოდ არ არსებობს. 

ამ მხრივ საინტერესოა გერმანული გამოცემა Zeit-ის ყოფილი რედაქტორის, სტენფორდის პროფესორის, იოზეფ იოფეს მოსაზრება იმის შესახებ, რომ ანტიამერიკანიზმი, ანტისემიტიზმი და სხვა ნებისმიერი ანტ-იზმი 5 კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს:

1. სტერეოტიპიზაცია – “ესენი ხომ ყველანი ესეთები არიან”

2. დამცირება – “მაგათ ღმერთი რა იციან”, “უკულტუროები არიან”

3. ყოვლისშემძლედ მიჩნევა – “ყველაფერს აკონტროლებენ, მედიას, ეკონომიკას, მსოფლიოს” 

4. შეთქმულება – “ტრადიციებს გვართმევენ, რასობრივ სიწმინდეს გვიბღალავენ”

5. აკვიატება – “ყველაფერში ამერიკელების ხელი ურევია” 

განსაკუთრებული კვლევა არ სჭირდება იმის თქმას, რომ ქართული საზოგადოების გარკვეული ნაწილის მსოფლმხედველობა ხუთივე კრიტერიუმს აკმაყოფილებს – ზოგს სჯერა, რომ ამერიკა ერი არ არის, რადგან გენეტიკურ ერთობას არ ეფუძნება. ფიქრობენ, მისი ისტორია სხვა ქვეყნებისაზე ნაკლებია – რადგან ეზოში მისი ასაკის ხეები “უდგათ”, ამტკიცებენ, რომ უკულტურო ერია. გარყვნილების პროპაგანდას ეწევა. ჩვენს ტრადიციებს და სარწმუნოებას ერჩის. აბორტების გზით გვიწყობს გენოციდს. უნდა, რომ საქართველო გასაღების ბაზრად, ხოლო გადარჩენილი ქართველები – ხელზე მოსამსახურეებად აქციოს და შემდეგ, “ცისფერები” შემოგვასიოს. ამისთვის რევოლუციებს აწყობს და ქვეყნის სათავეში თავისი მარიონეტები მოჰყავს. 

შეიძლება ამ სიტყვებით არ გამოხატავენ, მაგრამ მსგავსი ზედაპირულობა ევროპაში  და მესამე სამყაროს ქვეყნებშიც გვხვდება. 
ვისაც ამერიკა უკულტურო ჰგონია, მას მაგალითად ჟან-კლოდ ვან დამის ფილმები და ლედი გაგა მოჰყავს და ავიწყდება, რომ იქ 1700-ზე მეტი სიმფონიური ორკესტრი უკრავს, 7.5 მილიონი ადამიანი დადის ოპერაში და 500 მილიონი სტუმრობს მუზეუმებს ყოველწლიურად; არ აფიქრებს არც ის, რომ სტენფორდი, ჰარვარდი, იელი, პრინსტონი და რომ აღარ გავაგრძელო, მსოფლიოს 10 საუკეთესო უნივერსიტეტიდან 8 ამერიკულია; რომ ნობელის პრემიის ლაურეატთა დაახლოებით 40% შეერთებული შტატების მოქალაქეა. 

ვისაც ამერიკა გარყვნილების ბუდე ჰგონია, მისთვის ეს ქვეყანა ნიუ იორკის და ლოს ანჟელესის ღამის ცხოვრებასთან ასოცირდება – არ იცის, რომ ამერიკის ყველაზე დიდი ნაწილი “ერთსართულიანია”, არც ის იცის, რომ ამერიკის დევიზია “ღმერთი გვწამს” (In God We Trust), არც Gallup-ის 2008 წლის კვლევა უნახავს, რომლის მიხედვითაც, ამერიკის მოსახლეობის მხოლოდ 6%-ს არ სჯერა ღმერთის და ზებუნებრივი ძალის. მაშინ, როცა ევრობარომეტრის 2005 წლის კვლევის მიხედვით, ბრიტანეთში იგივე მაჩვენებელი 20%-ია, საფრანგეთში 33%, ჩეხეთში კი – 30%. 

 მცირედი გადაცდომის გამო ამერიკის დაგმობა მოდაშია. მისი შერცხვენა, კარგ ტონად ითვლება. თუ დავაკვირდებით, აღმოვაჩენთ, რომ ომის წინააღმდეგ მიმართული ყველაზე ხალხმრავალი დემონსტრაციები, იმ სამხედრო ოპერაციებს გმობს, რასაც ამერიკა აწარმოებს; სიკვდილით დასჯას როცა აპროტესტებენ, ტექსასის შტატი აქვთ მიზანში ამოღებული, გუანტანამოს პატიმრების დაკითხვის მეთოდებმა მსოფლიო შეძრა. მაშინ როდესაც პუტინი და აჰმადინეჟადი არსებობენ და მათ მოვალეობის მოხდის მიზნით თუ უსაყვედურებენ ხოლმე. 

ამერიკის ზიზღს რამდენიმე ფაქტორი ასაზრდოებს: 

ამერიკა ძლიერია. რაც მხოლოდ სამხედრო ან ფინანსურ ძალას არ გულისხმობს, რადგანაც ამერიკას სხვებზე ზემოქმედება და სასურველი შედეგის

მიღწევა არა მხოლოდ “მათრახისა და თაფლაკვერის” პოლიტიკის შედეგად შეუძლია, არამედ თანამშრომლობითაც, ანუ “რბილი ძალის” (soft power) გამოყენებით – იმიტომ, რომ ბევრს აღაფრთოვანებს ამერიკული ფასეულობები, ბაძავენ, ცდილობენ მასავით გახსნილები იყვნენ. ეს ზოგიერთ მოთამაშეს არასრულფასოვნების კომპლექსს უჩენს. 

ამერიკა მიმზიდველია. კვლევის შედეგები ხელში არ მიჭირავს, მაგრამ თამამად ვიტყვი, რომ ბავშვების უმეტესობა ოცნებობს დისნეილენდში მოხვედრაზე, ჯინსი ყველაზე გავრცელებული ტანსაცმელია, უმეტესობა ვუსმენთ ამერიკულ მუსიკას და ვუყურებთ ამერიკულ კინოს. ეს ბევრს აღიზიანებს – ამტკიცებენ, რომ ამერიკული კომერციული კულტურა თავს მოხვეულია, ამიტომ ინფანტილური მეთოდებით ებრძვიან – აბრაზებთ სტარბაქსი, მაკდონალდსი. ამ უკანასკნელის დამრბევი – ჟოზე ბოვე, 1999 წელს, ლამის ფრანგების ეროვნულ გმირად იქცა – როდესაც დააპატიმრეს, ათი ათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩაში მაკდონალდსის “რისხვის” მხარდასაჭერად.  

მათ, ვინც ფიქრობს, რომ ამერიკული კულტურა ძალდატანებით მკვიდრდება, მნიშვნელოვანი რამ ავიწყდება – საზოგადოების იძულება ადვილი რომ იყოს, საბჭოთა კავშირი, მისი პროპაგანდის პირობებში, არასოდეს დაინგრეოდა. 

ამას გარდა, იზოლაციონიზმი გამოსავალი არ არის. ფრანგი ფილოსოფოსი ჟან ფრანსუა რეველი ამტკიცებს, რომ სხვა კულტურის დაბლოკვით საკუთარ კულტურას გარეშე გავლენისგან ვერ დაიცავ, უფრო პირიქით – იზოლაციას სტერილურობა მოაქვს. სწორედაც რომ კულტურული პროდუქციის თავისუფალი მიმოქცევა აძლევს საზოგადოებას შენარჩუნებისა და განახლების საშუალებას.

რეველს ამ აზრის გასამყარებლად სპარტის და ათენის მაგალითი მოჰყავს: პირველი საკუთარ “განსაკუთრებულობას” ჩაებღაუჭა, ჩაიკეტა, შედეგად არც ერთი პოეტი, ორატორი ან ფილოსოფოსი არ ჰყავს; გახსნილ ათენში კი უზარმაზარი კულტურული მემკვიდრეობა შეიქმნა. ფრანგი ფილოსოფოსი ირონიულად აღნიშნავს, რომ ის, ვინც დისნეილენდს ამერიკული კულტურის აგრესიად მიიჩნევს, ივიწყებს, რომ დისნეის მულტფილმების უმეტესობა ევროპელი ავტორების ზღაპრებზე დაყრდნობით შეიქმნა.

არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორია ამერიკის მოდერნიზაციის სწრაფი ტემპი, რაც კონკურენციის პირობებში, ტრადიციებს ჩაჭიდებულ ქვეყნებს ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევს; ბუნებრივია, ამ პროცესს შეერთებული შტატების ფინანსური შესაძლებლობები ფასდაუდებელ სამსახურს უწევს, ვინაიდან მეცნიერება ძვირადღირებული ფუფუნებაა, მაგრამ ფული საუდის არაბეთს და ლიბიასაც აქვს. ამერიკის ტექნოლოგიური წარმატებები კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ამ ქვეყანასთან კედლის აშენება დამღუპველია, რადგან პროგრესისთვის მეცნიერული მიღწევების გაზიარებაა საჭირო. 
ანტიამერიკულ განწყობებს ინგლისური ენის ჰეგემონიაც კვებავს. ბევრი ამტკიცებს, რომ “ამერიკელების ენის” Lingua Franca-დ ქცევა მშობლიურ ენას დაგვავიწყებს. 

ანტიამერიკანიზმი რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას არ გამოუწვევია. რეალური მიზეზი ისაა, რომ გლობალიზაციას ამერიკული სახე აქვს და ამა თუ იმ საზოგადოების ტრადიციულ ხედვას უქმნის საფრთხეს. მას ის ფასეულობები მოაქვს, რომელზედაც 235 წლის წინ შეერთებული შტატები დაფუძნდა. ამდენად, ანტიგლობალიზმი და ანტიამერიკანიზმი შინაარსით იდენტურია. გლობალიზაცია მტკივნეული, მაგრამ გარდაუვალი პროცესია – საზოგადოების მოდერნიზაციის აუცილებელი წინაპირობა. მის წინააღმდეგ წასვლა, დროის წინააღმდეგ მოქმედებას ნიშნავს. 

“რამდენმა მილიონმა ახალგაზრდამ გადაწყვიტა იაპონური, გერმანული, ჩინური, არაბული, რუსული და ფრანგული ესწავლა გლობალიზაციის შედეგად? – კითხულობს ნობელის პრემიის ლაურეატი მწერალი მარიო ვარგას ლიოსა, – ძალიან ბევრმა, და სწორედ ესაა ჩვენი დროის ნიშანი, ტენდენცია, რომელიც, საბედნიეროდ, კარგა ხანს გასტანს”. 
 

კომენტარები