ახალი ნადირი ისრაელ-თურქეთის ურთიერთობაში

გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ, 2010 წლის მაისის ფლოტილიის ინციდენტთან დაკავშირებით, მორიგი გამოძიება ჩაატარა. გაერომ გაამართლა ისრაელის სამხედრო მოქმედებები თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი ეკიპაჟის წინააღმდეგ. თურქეთის მთავრობა ორგანიზაციის მოხსენებას თელ-ავივიდან საკუთარი ელჩის გამოწვევითა და ანკარიდან ისრაელის ელჩის გაძევებით გამოეხმაურა.

საგამოძიებო ჯგუფს ახალი ზელანდიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ჯეფრი პალმერი ხელმძღვანელობდა. მის ანგარიშში დეტალურადაა განხილული გასული წლის ინციდენტი, როდესაც ექვსი გემისგან შემდგარმა ფლოტილიამ, თურქეთიდან ღაზის სექტორისკენ აიღო გეზი – ვითომდა ჰუმანიტარული მისიის შესასრულებლად. ისრაელის კომანდოსებმა, ღაზის სექტორის საზღვაო ბლოკადის ფარგლებში, აღნიშნული გემები შეაჩერეს და ცეცხლიც გახსნეს. ცხრა მგზავრი ადგილზე დაიღუპა (სამხედრო ოპერაციის დროს ისრაელის რამდენიმე ჯარისკაციც სერიოზულად დაშავდა).
ისრაელის ქმედებებთან დაკავშირებით გაეროს ადრინდელი შეფასებებიდან გამომდინარე, ექსპერტთა უმრავლესობა ელოდა, რომ პალმერის საგამოძიებო ჯგუფის დასკვნა ძირითადად რიჩარდ გოლდსტოუნის 2009 წლის მოხსენების პათოსს გაიმეორებდა. მაშინ, ებრაულ სახელმწიფოს ღაზაში სამხედრო მოქმედებების წარმოებისას ომის დანაშაულებებში დაედო ბრალი (მოგვიანებით გოლდსტოუნმა ეს ბრალდებები უარყო). სანაცვლოდ, პალმერის ანგარიშმა უარყო ყველა ბრალდება, რომელსაც ისრაელს თურქეთი და მრავალი უფლებადამცველი ორგანიზაცია უყენებდა.

თურქეთი ამტკიცებდა, რომ ისრაელს არ ჰქონდა ღაზის სექტორის საზღვაო ბლოკადის კანონიერი უფლება, ვინაიდან ამგვარი ბლოკადა მხოლოდ სხვა სახელმწიფოს წინააღმდეგ შეიძლება განხორციელდეს, ხოლო ისრაელს არასდროს უღიარებია პალესტინის დამოუკიდებლობა. საგამოძიებო ჯგუფის დასკვნამ იურიდიულ კაზუისტიკას თავი აარიდა. გაერომ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ „ღაზის სექტორის დე ფაქტო პოლიტიკური და ადმინისტრაციული ხელმძღვანელი ჰამასია”, რომელიც საბრძოლო ჭურვებით თავს ესხმის ისრაელს. „სამართალი პოლიტიკურ ვაკუუმში არ მოქმედებს” და ამდენად, „ისრაელი უფლებამოსილი იყო გონივრული ნაბიჯები გადაედგა, რათა თავიდან აეცილებინა ღაზის სექტორში იარაღის შედინება”, – ნათქვამია მოხსენებაში.

პალმერის ანგარიშმა გააქარწყლა მითი იმის შესახებ, რომ ფლოტილიას ჰუმანიტარული მისია ჰქონდა. ეს რომ ასე ყოფილიყო, მისი ორგანიზატორები არ უარყოფდნენ ისრაელის წინადადებას ჩამოეტვირთათ ჰუმანიტარული ტვირთი ღაზის სექტორთან ახლომდებარე პორტში. საგამოძიებო კომისიამ არაორაზროვნად აღნიშნა, რომ ფლოტილიის უმსხვილეს გემზე („მავი მარმარა”), ჰუმანიტარული ტვირთის მსგავსი „საკვები და სათამაშოები, მხოლოდ მგზავრთა პირად ბარგში აღმოჩნდა”.

მოხსენებაში გემ „მავიმარმარას” ეკიპაჟის შემადგენლობაზეცაა საუბარი: დაახლოებით 40-მდე აქტივისტს, რომელებიც „ხომალდის ეფექტურ კონტროლს” ახორციელებდნენ, უსაფრთხოების შემოწმება არ ჰქონდათ გავლილი. ისინი ისლამისტური საქველმოქმედო ორგანიზაციის წევრები იყვნენ. ე.წ. ჰუმანიტარული დახმარების ფონდი (IHH) რადიკალურ ისლამისტურ მოძრაობებს უჭერს მხარს. „საგამოძიებო ჯგუფისთვის ნათელია, რომ „მავი მარმარას” ზოგიერთი მგზავრი წინასწარ იყო მომზადებული, ძალის გამოყენებით გაეწია წინააღმდეგობა ხომალდის შეჩერების ნებისმიერი მცდელობისთვის”. მარტივად რომ ვთქვათ, ფლოტილიის ორგანიზატორები იერიშისთვის ემზადებოდნენ, რომელსაც მოგვიანებით ისრაელის ჩადენილ კრიმინალად მონათლავდნენ.

გაეროს საგამოძიებო კომისიის დასკვნის შემდეგ, წესით, თურქეთის პრემიერ-მინისტრის მკვეთრი რიტორიკა უნდა შერბილებულიყო. სანაცვლოდ, რეჯეპ ტაიპ ერდოღანი კვლავაც დაჟინებით ითხოვს, რომ იერუსალიმმა ბოდიში მოუხადოს თურქეთს, კომპენსაცია გადაუხადოს ფლოტილიის ინციდენტის მსხვერპლთა ოჯახებს და მოხსნას ბლოკადა ღაზის სექტორზე. მეტიც, 12 სექტემბერს ერდოღანი ოფიციალური ვიზიტით ეგვიპტეს ეწვევა. საერთაშორისო მედია იუწყება, რომ პრემიერ-მინისტრი ეგვიპტიდან ღაზის სექტორში აპირებს გადასვლას. რა ფასი დაუჯდება ერდოღანს ჰამასთან მეგობრობა, ახლო მომავალში შევიტყობთ.

კომენტარები