ეკონომიკა

ნაკლები დასაქმება, მეტი ხელფასი

საქსტატის 2011 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ბიზნესსექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 5.2%-ით შემცირდა. საშუალო თვიური ხელფასი კი 14%-ით გაიზარდა. საქართველოს ბიზნესსექტორი გლობალური ეკონომიკური კრიზისიდან ბოლომდე ჯერ კიდევ არ არის გამოსული: აქცენტს ოპტიმიზაციაზე, კვალიფიციური კადრების წახალისებაზე და, შესაბამისად, მათთვის შრომის გაზრდაზე აკეთებს და არა ახალი თანამშრომლების დასაქმებაზე.


2011 წლის მეორე კვარტალში საწარმოებში სულ 352 ათასი ადამიანი მუშაობს. აქედან დაქირავებული 336 ათასია. მათგან 61.4% დასაქმებულია მსხვილ, 22.6% – მცირე, ხოლო 16% – საშუალო ბიზნესში. მსხვილ ბიზნესში დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 807.1 ლარია, საშუალო ბიზნესში – 508.6 ლარი, ხოლო მცირე ბიზნესში – 429.8 ლარი.

2011 წლის მეორე კვარტალში საწარმოთა მთლიანმა ბრუნვამ 6.1 მილიარდი ლარი, ხოლო პროდუქციის მთლიანმა გამოშვებამ 3.3 მილიარდი ლარი შეადგინა. 2010 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ეს მაჩვენებლები საშუალოდ 1.1-ჯერ გაზრდილია.

მთლიანი ბრუნვისა და პროდუქციის მთლიანი გამოშვების ყველაზე დიდი წილი – შესაბამისად, 84.5% ანუ 5.1 მილიარდი ლარი და 82.7% (2.5 მილიარდი ლარი) – მსხვილ ბიზნესზე მოდის. წინა წელთან შედარებით ეს მაჩვენებლები საშუალოდ 1.3%-ით მეტია.

მთლიან ბრუნვაში ყველაზე მეტ წილს – 47.1%-ს ანუ 2.8 მილიარდ ლარს – ვაჭრობის და ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმის და პირადი მოხმარების საგნების რემონტის სექტორი იკავებს. 2011 წლის მეორე კვარტალში, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ეს მაჩვენებელი 1.7%-ით ნაკლებია. ამ სექტორში დასაქმებულია მთლიანი რაოდენობის 18% ანუ 63 ათასი ადამიანი. გასულ წელთან შედარებით ამ სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 0.8%-ით გაზრდილია.

მთლიან ბრუნვაში ყველაზე ნაკლები წილი – 5.1% ანუ 306 მილიონი ლარი – მშენებლობის სექტორზე მოდის. 2011 წლის მეორე კვარტალში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ეს მაჩვენებელი 1.7%-ით ნაკლებია. ამ სექტორში დასაქმებულია მთლიანი რაოდენობის 9.5% ანუ 33 ათასი ადამიანი. წინა წელთან შედარებით ამ სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 1%-ით მეტია.

პროდუქციის მთლიან გამოშვებაში ყველაზე მეტი წილი – 31.1% ანუ 933 მილიონი ლარი – დამამუშავებელ მრეწველობას აქვს. 2010 წელთან შედარებით ეს მაჩვენებელი 3.9%-ით მეტია. ამ სექტორში დასაქმებულია მთლიანი რაოდენობის 17.3% ანუ 61 ათასი ადამიანი. 2010 წლის მეორე კვარტალთან შედარებით დასაქმებულთა რაოდენობა 0.6%-ით მეტია.

პროდუქციის მთლიან გამოშვებაში ყველაზე ნაკლები წილი – 7.3% ანუ 219 მილიონი ლარი – ელექტროენერგიის, აირის, წყლის წარმოებასა და განაწილებაზე მოდის. 2010 წელთან შედარებით ეს მაჩვენებელი 0.6%-ით მეტია. ამ სექტორში დასაქმებულია მთლიანი რაოდენობის 6% ანუ 21 ათასი ადამიანი. 2010 წლის მეორე კვარტალთან შედარებით დასაქმებულთა რაოდენობა 0.4%-ით გაზრდილია.

თბილისი, როგორც მთლიანი ბრუნვისა და პროდუქციის მთლიანი გამოშვების, ისე დასაქმების მიხედვითაც ლიდერობს. დედაქალაქში
ბიზნესსექტორში დასაქმებულია მთლიანი რაოდენობის 61.2% ანუ 215 ათასი ადამიანი. ეს მაჩვენებელი საქართველოს 10 რეგიონთან შედარებით საშუალოდ 50.3%-ით მეტია. რეგიონებიდან ყველაზე მეტი – 8.8% ანუ 31 ათასი ადამიანი – დასაქმებულია იმერეთში, ხოლო ყველაზე ნაკლები – 0.4% ანუ 1.4 ათასი ადამიანი – რაჭა-ლეჩხუმში. საწარმოების მთლიანი ბრუნვის 72.2% ანუ 4.3 მილიარდი ლარი თბილისზე მოდის. ეს საქართველოს 10 რეგიონთან შედარებით საშუალოდ 63.1%-ით მეტია. რეგიონებიდან ყველაზე მაღალი ბრუნვა – 7.8% ანუ 468 მილიონი ლარი – აქვს ქვემო ქართლს, ხოლო ყველაზე ნაკლები – 0.1% ანუ 6 მილიონი ლარი – რაჭა-ლეჩხუმს. პროდუქციის მთლიანი გამოშვების 63% ანუ 1.9 მილიარდი ლარი მოდის თბილისზე. ეს 10 რეგიონთან შედარებით 53.9%-ით მეტია. რეგიონებიდან პროდუქციის გამოშვების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – 11.8% ანუ 354 მილიონი ლარი – მოდის ქვემო ქართლზე, ხოლო ყველაზე ნაკლები – 0.1% ანუ 3 მილიონი ლარი – რაჭა-ლეჩხუმზე.

ბიზნესასოციაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტის, გიორგი ისაკაძის შეფასებით, საქართველოს მასშტაბით მესამე კვარტალში დასაქმების მკვეთრი ზრდა მოსალოდნელი არ არის, თუმცა დასავლეთ საქართველოში, ტურიზმის გათვალისწინებით, ეს მაჩვენებელი, სავარაუდოდ, მოიმატებს. 

კომენტარები