ცაში გაფანტული ვარსკვლავები

0 კომენტარი

სექტემბერს რუსეთის ქალაქ იაროსლავლში მომხდარ ავიაკატასტროფას ჰოკეის კონტინენტური ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბი, იაროსლავლის ლოკომოტივი შეეწირა: შემთხვევას ბორტზე მყოფი 45 ადამიანიდან მხოლოდ ორნი, მექანიკოსი ალექსანდრ სიზოვი და 26 წლის მოთამაშე ალექსანდრ გალიმოვი გადაურჩნენ, თუმცა ეს უკანასკნელი სხეულის თითქმის 90% დამწვრობის შედეგად 12 სექტემბერს, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

10 სექტემბერს კლუბის სარბიელზე, არენა 2000-ზე სამგლოვიარო ცერემონიალი შედგა, მოგვიანებით კი ლოკომოტივის მესვეურებმა განაცხადეს, რომ წლევანდელ სეზონში აღარ იასპარეზებენ.

კლუბის დაღუპვას არაერთ ქვეყანაში გამოეხმაურნენ – მის ღირსებას ხომ სახელგანთქმული ჰოკეისტები იცავდნენ: 2006 წლის მსოფლიოს და ოლიმპიური ჩემპიონი შვედი შტეფან ლივი, მსოფლიოს 2005 წლის პირველობის ოქროსმედალოსანი და სტენლის თასის 2006 წლის მფლობელი ჩეხი იან მარეკი, მსოფლიოს შარშანდელი ჩემპიონი ჩეხი კარელ რაჩუნეკი...

შვედეთში, კინარპს არენაზე ათასობით გულშემატკივარმა მიაგო პატივი შტეფან ლივის ხსოვნას. ასეულობით ქომაგი შეიკრიბა მინსკში, პრაღაში, რიგასა და ტრენჩინში, ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა რენე ფაზელმა კი 7 სექტემბერს სპორტის ამ სახეობის ისტორიაში ყველაზე საშინელი დღე უწოდა.

ავიაკატასტროფის გამომწვევი მიზეზები ჯერ არ დაუდგენიათ. რუსეთის ტრანსპორტის მინისტრის იგორ ლევიტინის თქმით, შავი ყუთები 8 სექტემბერს იპოვეს და მოსკოვში გასაშიფრად გადააგზავნეს.

დღესდღეობით ცნობილი მხოლოდ ისაა, რომ თვითმფრინავი იაკ 42 აფრენისას რადიოლოკატორის ერთ-ერთ ანტენას ფრთით დაეჯახა, წამებში სიმაღლე დაკარგა და თითქმის 600 მეტრიდან მდინარე ტუნოშნას ნაპირზე ჩამოვარდა, მდინარე ვოლგის შესართავთან 200 მეტრში. სპეციალისტთა თქმით, ავიალაინერმა აფრენაც დააგვიანა – ასაფრენ ზოლს განსაზღვრულზე გვიან მოწყდა.

იაროსლავლში მომხდარი ტრაგედია მეორეა, რომელსაც ჰოკეის გუნდი შეეწირა – 1950 წლის 5 იანვარს სვერდლოვსკთან (ახლანდელი ეკატერინბურგი) ავიალაინერი ლი (ლისუნოვ) 2 ჩამოვარდა და მოსკოვის ვვს-ის მთელი შემადგენლობა შეიწირა...

ისე კი, თუ მსოფლიო სპორტის ისტორიას მიმოვიხილავთ, კიდევ 18 ავიაკატასტროფას დავითვლით.

შავი სიის სათავეში იტალიის საფეხბურთო კლუბი ტორინოა: იმდროინდელი აპენინური ფეხბურთის ლიდერი 1949 წლის 4 მაისს ტურინთან ახლოს, სუპერგას მთაზე დაიღუპა – სერია ა-ს ზედიზედ ოთხჯერ მომგები ილ გრანდე ტორინო ლისაბონიდან ბრუნდებოდა, სადაც ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა ბენფიკასთან. ღრუბლებიდან გამოსული ლაინერი სუპერგას პირისპირ აღმოჩნდა, პირველმა პილოტმა, კაპიტანმა პიერლუიჯი მერონიმ რეაგირება ვეღარ მოასწრო და თვითმფრინავიც მთაზე აღმართული ბაზილიკის კედელს შეეჯახა, წამებში კი იქვე დაიფერფლა. ბორტზე მყოფი 31 ადამიანიდან არავინ გადარჩენილა, მათ შორის არც ტორინოს 18 მოთამაშე.

ტრაგედიას შეეწირა 40-იანი წლების საუკეთესო იტალიელი ფეხბურთელი ვალენტინო მაცოლაც, რომლის ვაჟი სანდრო 60-იან წლებში სკუადრა აძურას კაპიტანი გახდა და მილანის ინტერთან ერთად უდიდეს წარმატებებს მიაღწია. გარდაცვლილთა შორის იყო პოპულარული გაზეთის, ტუტოსპორტის დამაარსებელი რენატო კასალბორეც.

სუპერგას ავიაკატასტროფას სასწაულით გადაურჩა ლეგენდარული უნგრელი ფეხბურთელი ლასლო კუბალა, რომელმაც ლისაბონში სტუმრის სტატუსით ითამაშა, იტალიაში კი იმ უბრალო მიზეზით ვერ დაბრუნდა, რომ პატარა ვაჟი ავად გაუხდა და ოჯახმა რამდენიმე დღით პორტუგალიაში დარჩენა გადაწყვიტა...

ილ გრანდე ტორინოს ტრაგიკული დაღუპვიდან შვიდი წლის შემდეგ, 1956 წლის 9 დეკემბერს, კანადის ქალაქ ჩილივაკში კანადური ფეხბურთის კლუბ ვინიპეგ ბლუ ბომბერსის 5 წევრი იღუპება, თითქმის წელიწად-ნახევარში კი კიდევ ერთი საფეხბურთო გუნდის ისტორიაში იწერება შავი ფურცელი:

1958 წლის 6 თებერვალს, მიუნხენში მომხდარ ავიაკატასტროფას ინგლისის მანჩესტერ იუნაიტედის 8 ფეხბურთელი და 3 თანამშრომელი შეეწირა!

კლუბი ბელგრადიდან ბრუნდებოდა, მიუნხენში კი საწვავის დასამატებლად შეჩერდა. აფრენის პირველი მცდელობა უშედეგოდ დასრულდა, კაპიტანმა კენეტ რეიმენტმა მეორე აფრენაც შეწყვიტა და მგზავრებს აეროპორტის შენობაში დაბრუნება სთხოვა. ქარბუქი გაძლიერდა, ყველა რეისი გაუქმდა და იუნაიტედის საუკეთესო ფეხბურთელმა დანკან ედვარდსმაც სწორედ მაშინ უდეპეშა დედას – „ყველა რეისი გადაიდო, ხვალ მოვფრინავთ. დანკანი” – მაგრამ ზუსტად 15 წუთში პილოტებმა მგზავრებს უხმეს.

მესამე ცდა ტრაგედიით დასრულდა – ლაინერმა სათანადო სიჩქარე ვერ განავითარა, ასაფრენ ბილიკს გასცდა, ჯერ ჯებირი გაანგრია, ბოლოს კი საცხოვრებელ სახლს შეეჯახა, რომელიც წამებში დაიწვა.

აალდა 2300 ლიტრი საწვავით სავსე თვითმფრინავიც, ტრაგედიის ადგილზე მისულმა მაშველებმა კი 23 ადამიანის გვამი იპოვეს, მათ შორის 7 ფეხბურთელის. მერვე, დანკან ედვარდსი, უამრავი ტრავმით ორი კვირის შემდეგ გარდაიცვალა საავადმყოფოში.

ბასბის ჩვილები – ასე უწოდებდნენ მანჩესტერელთა იმ გუნდს ჟურნალისტები. ოლდტრაფორდული კლუბის ლეგენდარული მენეჯერი მატ ბასბი, რომელიც სასწაულით გადაურჩა ავიაკატასტროფას, წლების მანძილზე ზრდიდა ფეხბურთელებს, ნელ-ნელა წარმატებებსაც მიაღწია და სწორედ მაშინ, როცა კლუბს ევროპული მწვერვალები უნდა დაეპყრო, უბედურებაც დატრიალდა. 1968 წელს, შემზარავი ტრაგედიიდან 10 წლისთავზე, მანჩესტერ იუნაიტედმა პირველად მოიგო ევროპის ჩემპიონთა თასი. გუნდის კაპიტანი ბობი ჩარლტონი გახლდათ, იმ ტრაგიკული რეისის კიდევ ერთი იღბლიანი მგზავრი...

აშშ-ის მოციგურავეთა ნაკრები ბოინგ 707-თან
წლის 16 ივლისს კოპენჰაგენში დანიელ ფეხბურთელთა ოლიმპიური ნაკრების 8 წევრი იღუპება, იმავე წლის 29 ოქტომბერს კი, აშშ-ის შტატ ოჰაიოს ქალაქ ტოლედოში მომხდარ ავიაკატასტროფას ამერიკული ფეხბურთის კლუბ კალიფორნია პოლიტექნიკის 16 მოთამაშე შეეწირა.

რამდენიმე თვეში ამერიკელებს კიდევ ერთი, უფრო საზარელი ტრაგედია დაატყდათ თავს: ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში, ზავენტემის აეროპორტთან ახლოს კატასტროფას განიცდის ბოინგ 707, რომლითაც აშშ-ის მოციგურავეთა ნაკრები პრაღაში მიემგზავრებოდა მსოფლიო ჩემპიონატზე. იღუპება თვითმფრინავში მყოფი უკლებლივ ყველა, 72 ადამიანი და ერთიც მიწაზე – ფერმერი თეო დე ლაეტი ლაინერის ფრთის ნაგლეჯმა იმსხვერპლა. ტრაგედიის ადგილზე მისულ მაშველებს ბელგიის მეფე ბადუინ პირველი და დედოფალი ფაბიოლაც შეუერთდნენ – ეს იყო ბოინგ 707-ის ისტორიაში პირველი ავიაკატასტროფა...

აშშ-ის 9-გზის ჩემპიონი მერიბელ ვინსონ-ოუენი და მისი ორი ქალიშვილი – ჩემპიონები იუნიორთა შორის ლოურენსი და მერიბელი; წყვილებში ნომერ პირველი მოციგურავე დადლი რიჩარდსი; ვაჟთა პირველობის გამარჯვებული ბრედლი ლორდი – ეს და სხვა არანაკლებ ძლიერი მოციგურავეები დაკარგა ამერიკამ რამდენიმე წამში. ტრაგედიას ქვეყნის პრეზიდენტი ჯონ კენედიც გამოეხმაურა, რომელიც პირადად მეგობრობდა დადლი რიჩარდსთან, მომხდარმა კი ისე შეაძრწუნა ამ სპორტის მესვეურნი, რომ იმ წელს მსოფლიოს ჩემპიონატი აღარც ჩაატარეს.

1961 წლის 3 აპრილს ჩილეს ქალაქ ლიოკოში მომხდარ ავიაკატასტროფას საფეხბურთო კლუბი გრინ კროსი შეეწირა...

1969 წლის 26 სექტემბერს, ბოლივიის ქალაქ ვილოკოში საფეხბურთო კლუბ სტრონგესთის 16 წევრი დაიღუპა...

1970 წლის 14 ნოემბერს, აშშ-ის შტატ დასავლეთ ვირჯინიის ქალაქ ვეინ ქაუნთიში ამერიკული ფეხბურთის კლუბი მარშალი დაიფერფლა...

1972 წლის 13 ოქტომბერს ჩილეს ანდებში ავიაკატასტროფას განიცდის ურუგვაის სამხედრო საჰაერო ძალების კუთვნილი ავიალაინერი ფეირჩაილდ 227, რომლითაც ურუგვაელ მორაგბეთა კლუბი ოლდ ქრისჩიენსი მონტევიდეოდან სანტიაგოში მიემგზავრებოდა.

თვითმფრინავი 4200 მეტრ სიმაღლეზე უსახელო პიკს შეასკდა (მოგვიანებით მწვერვალს ცრემლების პიკი უწოდეს), დამსხვრეული ლაინერი კი მთის ფერდობზე დაქანდა და დაახლოებით 3600 მეტრზე თოვლში გაიჭედა. 45 მგზავრიდან 7 დაიკარგა, 5 დაიღუპა, გადარჩენილებმა კი დამსხვრეულ კაბინას შეაფარეს თავი. დილით კიდევ 5 გაიყინა, რამდენიმე დღეში კი ზვავმა 8 ადამიანი იმსხვერპლა...

სამაშველო ოპერაცია ტრაგედიიდან რამდენიმე საათში დაიწყო, მაგრამ უამინდობის გამო გადარჩენილთა ძებნა გართულდა. ძებნას ართულებდა ისიც, რომ თვითმფრინავი თეთრი იყო, მაშველებს კი თოვლიან ფერდობებზე დამსხვრეული ლაინერის გარჩევა უჭირდათ.

მერვე დღეს სამაშველო ოპერაცია საბოლოოდ შეწყდა. გადარჩენილებმა ეს ამბავი თვითმფრინავის გადამცემის საშუალებით შეიტყვეს, თუმცა მანამდე ის ნაბიჯი გადადგეს, რის გამოც მათ რამდენიმე წიგნი და მხატვრული ფილმი მიუძღვნეს: გაყინული თანაგუნდელების და მეგობრების შეჭმა გადაწყვიტეს!

ანდების ტრაგედიას გადარჩენილმა ფერნანდო პარადომ 2006 წელს გამოსულ წიგნში – „72 დღე მთებში ანუ გრძელი გზა შინ” – ეს ამბავიც გაიხსენა:

„როცა მთებში ხარ, სხეული მალე იფიტება. ჩვენ წყალიც არ გვქონდა, ცხიმიან საჭმელზე კი მხოლოდ ვოცნებობდით. ჯერ თვითმფრინავის სავარძლებს ვჭამდით, მაგრამ პლასტმასმა და ბამბამ როგორ უნდა გაგაძლიეროს? ყველანი მორწმუნე კათოლიკეები ვიყავით და ძალიან გაგვიჭირდა ამ ნაბიჯის გადადგმა, ბევრი წინააღმდეგიც იყო, მაგრამ მალე ყველა მივხვდით, რომ თუ ცოცხლად დარჩენა გვსურდა, ეს ნაბიჯი უნდა გადაგვედგა. რთული იყო, მაგრამ სხვა გამოსავალი არ გვქონდა...”

12 დეკემბერს, ტრაგედიიდან ორი თვის თავზე, გადარჩენილთაგან სამმა – ფერნანდო პარადო, რობერტო კანესა, ანტონიო ვისინტინი – მთიდან გზის გაკვლევა გადაწყვიტა. რამდენიმე დღეში, მას შემდეგ რაც საკვები ძალიან შეუმცირდათ, პარადომ და კანესამ ვისინტინი უკან, თვითმფრინავის ნარჩენებთან, სხვა გადარჩენილებთან გაუშვეს. ანდებში ერთკვირიანი ხეტიალის შემდეგ კანესამ შემთხვევით თვალი მოჰკრა ჩილელ მეჯოგეს, რომელიც მდინარის გაღმა ცხენზე იჯდა. სერხიო კატალანი იმ საღამოს დაბაში დაეშვა და მეგობრებს ნანახის შესახებ უამბო. ვერავინ დაიჯერა, რომ ის ორი მამაკაცი, რომლებმაც კატალანს დახმარება სთხოვეს, ავიაკატასტროფას გადარჩენილი მგზავრები შეიძლება ყოფილიყვნენ. მეორე დილით, 21 დეკემბერს, მეჯოგეებმა პარადო და კანესა თავიანთ დაბაში ჩაიყვანეს, იქიდან სანტიაგოში შეატყობინეს ურუგვაელთა გადარჩენის შესახებ, რაც სამაშველო ოპერაციის განახლებისთვის საკმარისი აღმოჩნდა: 22 დეკემბერს ჩილელმა სამხედროებმა ვერტმფრენით 6 გადარჩენილი ჩაიყვანეს დედაქალაქში, 23 დეკემბერს კი დარჩენილი 8. საერთო ჯამში ანდების ავიაკატასტროფას 16 ადამიანი გადაურჩა. 1993 წელს რეჟისორმა ფრენკ მარშალმა ანდების ტრაგედიის შესახებ მხატვრული ფილმი – Alive – გადაიღო. ერთ-ერთ მთავარ როლს ითან ჰოუკი ასრულებს, მთხრობელი კი ჯონ მალკოვიჩია...

1979 წლის 11 აგვისტოს საშინელი ტრაგედია დატრიალდა საბჭოთა კავშირში: უკრაინის ქალაქ დნიპროძერჟინსკის თავზე ერთმანეთს ორი ტუ 134 შეასკდა. დისპეტჩერმა შენიშნა, რომ ორივე თვითმფრინავს ერთი სიმაღლე – 8400მ – ეჭირა და ამიტომ ერთს, უკრაინის ტუ 134-ს, რომელიც დონეცკიდან მინსკში მიფრინავდა, 9000 მეტრზე ასვლა ურჩია. საკონტროლო პუნქტს მეორე რეისი, მოლდოვის ტუ 134-იც გამოეხმაურა, დისპეტჩერმა კი შეცდომით ჩათვალა, რომ პრობლემა მოაგვარა. თვითმფრინავებმა ერთდროულად შეიცვალეს სიმაღლე და 9000 მეტრზე... არავინ გადარჩენილა. 178 დაღუპულიდან 17 ტაშკენტის ფახთაქორის წევრი გახლდათ – 14 ფეხბურთელი, 2 მწვრთნელი და ადმინისტრატორი.

1980 წლის 14 მარტს პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ილ 62 დაიფერფლა. 87 დაღუპულიდან 14 ამერიკელი მოკრივე იყო.

1987 წლის 8 დეკემბრის ღამეს პერუს საჰაერო ძალების კუთვნილი ფოკერ ფ27, რომლითაც ლიმას საფეხბურთო კლუბი ალიანსა მგზავრობდა, წყნარ ოკეანეში ჩავარდა. ხორხე ჩავესის სახელობის საერთაშორისო აეროპორტამდე 11 კილომეტრი იყო დარჩენილი. ბორტზე მყოფი 44 ადამიანიდან გადარჩა მხოლოდ ერთი – პილოტი ლეიტენანტი ედილბერტო ვილიარი.

პილოტმა ვილიარმა, აპარატურის გაუმართაობის გამო, პირველ ჯერზე სადისპეტჩერო კოშკს მაქსიმალურად ახლოს ჩაუფრინა – სურდა მათგან მიეღო დასტური საბურავების შასის გახსნის შესახებ. დასტურის შემდეგ ლაინერი მეორე წრეზე ძალიან დაეშვა, ერთ მომენტში ფრთით ზღვის ზედაპირს შეეხო, ეს კი კატასტროფისთვის საკმარისი გამოდგა – თვითმფრინავი ტალღებზე დაიმსხვრა.

სამაშველო ოპერაცია მალევე დაიწყო, მეორე დღეს კი 38 გვამი იპოვეს. მაშველებმა მხოლოდ ლუის ანტონიო ესკობარის, ფრანსისკო პანჩო ბუსტამანტეს, ალფრედო ტომასინის, ხინო პენიას და ვილიამ ლეონს ვერ მიაკვლიეს. ესკობარი 18 წლის იყო და პერუს ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავად ითვლებოდა – 14 წლისამ პირველად ითამაშა ალიანსას მაისურით...

ბასბის ჩვილები – მიუნხენში დაღუპული მანჩესტერ იუნაიტედი
ტრაგედიამდე ალიანსა პირველობას ლიდერობდა. ამ უბედურების შემდეგ კლუბმა ასპარეზობა მიწვეული მოთამაშეებით განაგრძო, მაგრამ ჩემპიონობა ლიმას უნივერსიტარიოს დაუთმო. იმ ფეხბურთელთა შორის, რომლებმაც ალიანსას მაისური დროებით მოირგეს, ლეგენდარული პერუელი თავდამსხმელი ტეოფილო კუბილიასიც იყო, რომელმაც რამდენიმე თვით ადრე დაასრულა მოთამაშის კარიერა...

რამ გამოიწვია კატასტროფა?

ეს კითხვა ძალიან დიდხანს აწუხებდათ პერუელებს. ქვეყნის საჰაერო ძალების უმაღლესმა შტაბმა კომენტარი იუარა, მთავრობამ კი განაცხადა, რომ საფეხბურთო კლუბი, სავარაუდოდ, ტერორისტული ჯგუფის – სენდერო ლუმინოსოს – მსხვერპლი შეიქნა. პრესა სხვა ვერსიას განიხილავდა: ტრაგედია გაუმართავი ავიალაინერის გამოისობით დატრიალდა.

სიმართლე მხოლოდ 2006 წელს გაირკვა. სატელევიზიო პროგრამაში – ლა ვენტანა ინდისკრეტა – ჟურნალისტმა სესილია ვალენსუელამ წარადგინა საგამოძიებო ჯგუფის ოფიციალური დასკვნა, რომელიც მომხდარიდან მცირე ხანში დაიდო, თუმცა უსაფრთხოების მიზნით, მალევე გაიტანეს ამერიკის შეერთებულ შტატებში და ფლორიდის ერთ-ერთ ბანკში მთელი 19 წლით შეინახეს!

აღმოჩნდა, რომ სპეციალურმა კომისიამ ჯერ კიდევ 1988 წლის თებერვალში დაასკვნა ფოკერ ფ27-ის გაუმართაობა. ამავდროულად, გაირკვა, რომ პილოტები – ვილიარი და თანაშემწე სეზარ მორალესი – გამოუცდელნი იყვნენ ლაინერის ღამით მართვაში. პირველს ტრაგედიამდე 90 დღეში ღამით მხოლოდ 5.3 საათი ეფრინა, მორალესს კი მხოლოდ ერთი. დასკვნაში გათვალისწინებული იყო ავიაკომპანია ფოკერის ოფიციალური წერილებიც: რომ ლეიტენანტმა ვილიარმა ვერ ჩააბარა სპეციალური გამოცდა საგანგებო სიტუაციებში, მის თანაშემწე მორალესს კი საერთოდ არ ჰქონდა გავლილი გამოცდა ფოკერზე...

1993 წლის 27 აპრილს კიდევ ერთმა ტრაგედიამ დაამწუხრა საფეხბურთო სამყარო: ატლანტის ოკეანეში, გაბონის სახმელეთო საზღვრიდან დაახლოებით 500 მეტრში ჩამოვარდა ზამბიის კუთვნილი ავიალაინერი ბუფალო დჰს5. არავინ გადარჩენილა – 30 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ზამბიის ფეხბურთელთა ნაკრების 25 წევრი: ფეხბურთელები, მწვრთნელები, ადმინისტრაცია.

გუნდი სენეგალის დედაქალაქ დაკარში მიემგზავრებოდა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩის ჩასატარებლად. გზად სამჯერ უნდა შეევსო საწვავი – კონგოს დედაქალაქ ბრაზავილში, გაბონში, ქალაქ ლიბერვილში და კოტ-დ’ივუარში, აბიჯანში. პილოტებმა ჯერ კიდევ ბრაზავილში შენიშნეს, რომ თვითმფრინავის ძრავა გაუმართავი იყო, ლიბერვილის აეროპორტიდან აფრენის შემდეგ კი მარცხენა ძრავას ცეცხლი გაუჩნდა და მწყობრიდან გამოვიდა.

საბედისწერო შეცდომა პილოტმა ფენტონ მჰონემ სწორედ მაშინ დაუშვა – შეცდომით გამორთო გამართული ძრავა და ლაინერმაც წამებში დაკარგა სიმაღლე.

ტრაგედიას გადაურჩა საუკეთესო ზამბიელი ფეხბურთელი, წლების შემდეგ კი ნაკრების მთავარი მწვრთნელი კალუშა ბვალია – ის იმხანად ჰოლანდიის პსვ ეინდჰოვენში თამაშობდა და ცალკე აპირებდა დაკარში ჩასვლას...

ავიაკატასტროფის ყველა მსხვერპლი ლუსაკაში, დამოუკიდებლობის სტადიონის მიღმა, გმირთა ხეივანში დაკრძალეს, ერთი წლის თავზე კი მათ სამუდამო განსასვენებელთან მემორიალი დადგეს.

2004 წლის 24 ოქტომბერს აშშ-ის შტატ ვირჯინიის ქალაქ მარტინსვილში მოტომრბოლელთა გუნდი ჰენდრიქსი დაუღუპა – თვითმფრინავი დაშვებისას აფეთქდა.

იაროსლავლში მომხდარ ტრაგედიამდე ეს სპორტთან დაკავშირებული ბოლო ავიაკატასტროფა იყო...

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ პირი, რომელმაც ვარკეთილში ტექნიკის მაღაზია დანის მუქარით გაძარცვა

კომენტარები