დნმ ტესტირება მამობის დასადგენად – ახლა უკვე საქართველოშიც

საქართველოს პარლამენტში ახალი კანონპროექტი შევიდა. ის დაუქორწინებელი მშობლებისგან, „შვილის წარმოშობის დადგენის” სამართლებრივი პროცედურების დახვეწას ისახავს მიზნად. პროექტის დამტკიცების შემთხვევაში, სასამართლო უფლებამოსილი იქნება, მამობის დასადგენად მხარეებს დნმ ტესტირების გაკეთება დაავალდებულოს.

კანონპროექტის ავტორთა განმარტებით, ხშირად ხდება, რომ მამაკაცი ბავშვის მამობას უარყოფს, ხოლო დედა, მოქმედ კანონმდებლობაში არსებული ხარვეზების გამო, ვერ ახერხებს, კონკრეტული პირის მამობა დაამტკიცოს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვან პრობლემას სოციალურად დაუცველ დედებს უქმნის, რომელთაც პარტნიორის გარეშე უწევთ ბავშვის გაზრდა. 2010 წელს მხოლოდ დედის განაცხადის საფუძველზე, 2500-მდე ბავშვი გამოვიდა საავადმყოფოდან, რაც წინა წელს დაბადებული ბავშვების 4%-ს შეადგენს. უკანასკნელი ათი წლის მანძილზე ეს მაჩვენებელი სტაბილურია.

მაგალითად, დღეს სასამართლოსთვის მამობის დადგენის მნიშვნელოვან მტკიცებულებას წარმოადგენს ბავშვის დედისა და სავარაუდო მამის ერთად ცხოვრება ბავშვის გაჩენამდე. შესაძლოა, მათ არ ჰქონოდათ საერთო სახლი, მაგრამ სასამართლო ერთად ცხოვრების ფაქტად მიიჩნევს ისეთ შემთხვევებსაც, როცა წყვილი რეგულარულად რჩება რომელიმე მათგანის საცხოვრებელში. საერთო მეურნეობის წარმოებად სასამართლო წყვილის საერთო ქონების არსებობას ადგენს. სასამართლოსთვის, შესაძლოა, მამტკიცებელ გარემოებად იქცეს – თუ მათ ჰქონდათ საერთო შენაძენი ან ერთმანეთს სხვადასხვა საჩუქარს უკეთებდნენ. მამობის დასადგენად სასამართლო ბავშვის ერთად რჩენის ან აღზრდის ფაქტებსაც იყენებს. დამადასტურებლად რომელიმე ერთის არსებობაც საკმარისია. შესაძლოა, პირი უშუალოდ არ ზრდიდა ბავშვს, მაგრამ სათანადო ხარჯებს იღებდა, ან პირიქით, შეიძლება, ის ხარჯებს არ იღებდა, მაგრამ ბავშვის აღზრდაში უშუალოდ მონაწილეობდა.

კანონი ტოვებს საშუალებას, მომჩივანმა სხვა დამამტკიცებელი საბუთი წარადგინოს, რაც მოპასუხის მამობას დაადასტურებს. თუმცა, რა უნდა ვიგულისხმოთ ამ საბუთში, განსაზღვრული არ არის და მას სასამართლო დაადგენს. შესაძლოა, ეს იყოს წერილი ან მოპასუხის განცხადებები, სადაც გაცხადდება, რომ მამაკაცი დროის გარკვეულ მონაკვეთში აღიარებდა ბავშვის მამობას.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ პრაქტიკულმა გამოცდილებამ კანონის სრულყოფის აუცილებლობის წინაშე დაგვაყენა. გარდა იმისა, რომ სასამართლო ხშირად ვერ ახერხებს ხსენებული გარემოებების დადგენას, საჭირო ფაქტების მოპოვების შემთხვევაშიც კი, მოპასუხის მამობის ასი პროცენტით დამტკიცება შეუძლებელია. ხშირად ბავშვი ერთჯერადი სექსუალური კონტაქტის შედეგად ჩნდება, რაც სასამართლოს ხელს უშლის მტკიცებულებების მოპოვებაში.

გარდა ამისა, ადვილად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ შემთხვევა, როცა კანონით გათვალისწინებული ყველა ნორმით, მოპასუხე ბავშვის მამად უნდა ჩაითვალოს, მაგრამ სინამდვილე უკანა კარიდან გვეპარება. სამართლის პრინციპი ამ შემთხვევაში ზნეობრივი ნორმებით არის შეზღუდული და შესაძლებლობების მრავალფეროვნებას არ უშვებს. მაგალითად, შესაძლოა, დედა მხოლოდ იმ მამაკაცთან არ ამყარებდა სექსუალურ კავშირს, რომელიც მასთან ერთად ცხოვრობდა, საერთო მეურნეობას ეწეოდა ან გარკვეული მიზეზებით (თუნდაც საქველმოქმედო), ბავშვის ხარჯებს ფარავდა და მის აღზრდაში მონაწილეობდა.

დნმ ტესტირება, ამ შედარებით ნაკლები გარანტიის მომცემი პროცედურებისგან განსხვავებით, მამობის დადგენის 99.99% გარანტიას იძლევა. ამერიკის მრავალ შტატში, თუ 95%-იანი ალბათობა არსებობს, რომ ბავშვის მამა კონკრეტული პირია, ეს დავის გადასაწყვეტად საკმარისია. ამერიკაში სასამართლო უფლებამოსილია, მხარეთა მოთხოვნით ან საკუთარი ინიციატივით მოიპოვოს დნმ ანალიზის ჩატარების უფლება. ბრიტანეთში სასამართლოს არ შეუძლია დააძალოს ზრდასრულ ადამიანებს ტესტირების გაკეთება მათი სურვილისგან დამოუკიდებლად, მაგრამ მას უფლება აქვს მხარეებს მიმართულება და მინიშნება მისცეს ტესტირების აუცილებლობის შესახებ. თუმცა უარის შემთხვევაში სასამართლო არ იბნევა – პირი, რომელმაც არ ისურვა დნმ ანალიზის გაკეთება, ავტომატურად ხდება მამის სტატუსის მატარებელი.

არსებული ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში, სასამართლო იმ დედების დახმარებას შეძლებს, რომელთაც აქამდე ბავშვის რჩენა მარტოს უწევდათ. რასაკვირველია, არსებობს შემთხვევები, როცა მამაკაცი მოტყუებულია – დედა შეგნებულად დაორსულდა მისი თანხმობის გარეშე, მაგრამ ამ შემთხვევაშიც კანონი ყველაფერზე მაღლა ბავშვის ინტერესებს აყენებს. „არის ისეთი შემთხვევებიც, როცა ქალები ცდილობენ, ბავშვით დააშანტაჟონ მამაკაცი, მაგრამ ეს ზნეობრივი საკითხია, კანონმდებლობა კი ზნეობას ვერ არეგულირებს; ზნეობა ან გაქვს, ან – არა, საკანონმდებლო ინიციატივით მას ვერ გააღვიძებ და ამ საფრთხისგან მამაკაცებს ჩვენ ვერანაირად ვერ დავიცავთ”, აცხადებს კანონპროექტის ინიციატორი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე რუსუდან კერვალიშვილი.

ახალი კანონპროექტის მიხედვით, შესაბამის ვადებში, მამასაც მიეცემა საშუალება, სადავო გახადოს ბავშვის მამობის დადგენა – ერთი წლის მანძილზე იმ დროიდან, როდესაც გაიგო, ან უნდა გაეგო სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში, ბავშვის მამის თაობაზე შესრულებული ჩანაწერის შესახებ. თუმცა სასამართლო, ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე გადაწყვეტს, ჩატარდეს თუ არა დნმ ანალიზი. შესაძლოა, არასრულწლოვანი უკვე ისეთ ჰარმონიულ გარემოში იზრდება, როცა სიმართლე მისთვის საზიანო აღმოჩნდება.

დნმ-ის ანალიზი საქართველოში 1500-დან 1900 ლარამდე ჯდება. რაც შეეხება ხარჯების დაფარვას, რუსუდან კერვალიშვილის განცხადებით, ამას ყველა კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლო გადაწყვეტს. დიდი ალბათობით, თანხის გადახდა იმ ადამიანს მოუწევს, ვისი მამობაც დადგინდება. თუ ანალიზის საფასურის დაფარვა დაინტერესებულ მხარეს, ანუ ბავშვის დედას სურს, მას თვითონვე შეუძლია ხარჯების დაფარვა.

ამერიკის შტატების უმრავლესობაში, თუ მხარე გადახდისუნარიანი არ არის, მაშინ სასამართლოს ტესტირების საფასურის მხარეებს შორის გადანაწილებაა ნებადართული. ზოგიერთი დებულება ანალიზის საფასურის დაფარვას შტატს აკისრებს – იმ შემთხვევაშიც, თუ არც ერთ მხარეს არ შეუძლია გადახდა.

პრობლემა საქართველოშიც დაახლოებით ამგვარად გადაიჭრება – სოციალურად დაუცველ პირებს, ტესტირებისთვის საჭირო თანხას სახელმწიფო დაუფარავს.

კომენტარები