სოციალური ქსელები

99 Like

დაახლოებით წელიწად-ნახევრის წინ, ვისხედით ხოლმე ბლოგერები და მათთან ასოცირებული პირები და ვოცნებობდით, როდის დადგებოდა დრო, როცა ქართული ბიზნესი მიხვდებოდა – სოციალური მედია ძალიან დიდი ძალაა, აქ შესაძლებელია იაფად გაიკეთო რეკლამა და მიიღო უკუკავშირი მომხმარებლისგან – საერთოდაც, ინტერნეტის და ციფრული კომუნიკაციების ეპოქაში რატომღა იხდიან ამდენ ფულს სატელევიზიო რეკლამაში? ან რატომ უნდა ჩადო რეკლამა მცირეტირაჟიან ჟურნალში, როდესაც შეიძლება იმავე თანხით მთელი თვის მანძილზე ბანერი გეკიდოს რომელიმე საიტზე, რომელსაც იმ გამოცემის ტირაჟზე სამჯერ მეტი ვიზიტორი ჰყავს დღეში?

გულწრფელად რომ ვთქვათ, იმ მომენტში ქართული ბიზნესის კეთილდღეობა ნაკლებად გვაღელვებდა. მოდი, პირველ პირში ვიტყვი, ვინმეს რამე რომ არ დავაბრალო: იმ მომენტში ქართული ბიზნესის კეთილდღეობა დიდად არ მაღელვებდა. მთავარი სურვილი მაინც ის იყო, რომ ამ სფეროში ფული ჩადებულიყო, რომლისგანაც ლუკმა მეც შემხვდებოდა. ცუდი სურვილია? თუ ისედაც მთელ დღეებს სოციალურ ქსელებში, ბლოგებზე და სხვადასხვა საიტების ქექვაში ატარებ, ამაში კიდევ ფულსაც თუ გიხდიან – ხომ არის გადასარევი? თან მუდმივად გაქვს გასამართლებელი საბუთი, თუ ღამის 4-მდე ნოტიფიკაციიდან ნოტიფიკაციაზე ხტუნვაში შემორჩი Facebook-ს: ვმუშაობდი. ვერავინ შეგედავება.

საერთოდ, ჩემი სურვილები ხშირად სრულდება – ოღონდ სულ დამახინჯებულად. ჯინს, რომელიც ჩემს ოცნებებზეა პასუხისმგებელი, როგორც ჩანს, საინტერესო იუმორის გრძნობა აქვს. აი, ჩამიფიქრებია: “მინდა ამ ბიჭს შევუყვარდე”. და იმ ბიჭს მართლა ვუყვარდებოდი, ოღონდ რამდენიმე წლის შემდეგ, როდესაც უკვე ცოლი ჰყავდა – ორი შვილით და მესამეზე ფეხმძიმედ.

ამჯერადაც ასე დამახინჯებულად ამიხდა სურვილი – ქართული ბიზნესი ინტერნეტით, კონკრეტულად – სოციალური მედიით, უფრო კონკრეტულად კი – Facebook-ით დაინტერესდა და ფულმაც დაიწყო დინება. ოღონდ იცით როგორ დაინტერესდა? ზედმეტად, ავადმყოფურად, ჩაციკლულად, ორი შვილით და ფეხმძიმე ცოლით.

ბოლო წლის მანძილზე სხვადასხვა კომპანიებისგან, რომლებიც კონსულტაციაზე ჩემთან ან ჩემს რომელიმე კოლეგასთან მიდიან, სულ ერთი და იგივე ტექსტი მესმის: “ლაიქერები გვინდა”, “როგორ გავზარდოთ ლაიქების რაოდენობა?” “50 ათას ლაიქს რამდენ ხანში მოგვიმატებ?” “რატომ აქვს იმ [კონკურენტ] კომპანიას ჩვენზე მეტი ლაიქი?” “აიფედი რომ გავათამაშოთ, ხომ შემოვა ხალხი ჩვენს გვერდზე?” “ოო, კონკურენტი კომპანია ორ აიფედს ათამაშებს. მოდი, ჩვენ მანქანა გავათამაშოთ!” “რაიმე გზა არ არსებობს, ლაიქები ხელოვნურად რომ მოვიმატოთ?”.

კითხვაზე – “რაში გჭირდებათ ლაიქები?” 10-დან 9 პასუხს ვერ სცემს.

კომპანიებს გასართობი გამოუჩნდათ – რეიტინგის ახალი სისტემა. რომელია უფრო მაგარი ბანკი? რომელსაც მეტი ლაიქერი ჰყავს Facebook-ზე. სოფო ნიჟარაძე მოერევა თუ ბერა? მოიცათ, გადავამოწმო... ბერა, რა თქმა უნდა, 12 ათასი ლაიქით სჯობნის.

იმისათვის, რომ მომხმარებლები ფეიჯზე მოიზიდონ, კომპანიები ათამაშებენ აიფონებს, აიფედებს, მაკბუკებს, ფოტოაპარატებს, ვიდეოკამერებს. საახალწლოდ ერთ-ერთმა კომპანიამ შემწვარი გოჭიც გაათამაშა, სულ ცოტა ხნის წინ კი ერთი ბანკი 5 ვაკანსიას ათამაშებდა.

გამოჩნდნენ ადამიანებიც, ვინც ამ ყველაფრით განსაკუთრებით იხეირეს. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ერთი უსაქმური ტიპი ხართ. კომპიუტერში ჩხირკედელაობა გიყვართ, თუმცა არც იმდენად ფლობთ მას, რომ IT-სფეროში ფული იშოვოთ. დრო უამრავი გაქვთ, საქმე – არაფერი. ამ დროს Facebook-ზე რომელიმე გვერდი აცხადებს კონკურსს – ფოტოს ავტორი, რომელიც ყველაზე მეტ ლაიქს დააგროვებს, მიიღებს საჩუქრად Facebook Air-ს (ფასი იწყება 999 დოლარიდან). მეორე გვერდი მესტიაში სამდღიან დასვენებას ათამაშებს, მის მიერ შექმნილ აპლიკაციაში ყველაზე მეტი მეგობრის დამატების ფასად, მესამე გვერდი – Canon-ის ფოტოაპარატს (500 დოლარი) ჰპირდება მას, ვის ვიდეოზეც ყველაზე მეტი კომენტარი დაგროვდება.

თქვენ საქმე მაინც არაფერი გაქვთ, როგორც უკვე აღვნიშნე, ჯდებით და იწყებთ ყალბი პროფილების კეთებას, შემდეგ კი ამ პროფილებით ჯერ კომპანიის გვერდის, ხოლო შემდეგ კონკურსში მონაწილე თქვენი ფოტოს/ვიდეოს/თამაშის დალაიქებას. თუ ამ საქმიანობას სრულ სამუშაო დღეს დაუთმობთ, საკმარისი ყალბი პროფილების შემთხვევაში, მოიგებთ მაკბუკსაც, ფოტოაპარატსაც და მესტიაში დასვენებასაც. ანუ თქვენი შემოსავალი იქნება 1500 დოლარი + სამდღიანი შვებულება.

რამდენ თქვენგანს გაქვთ ამხელა ხელფასი, თავისუფალი გრაფიკი და დასვენების საშუალება?

კომპანიებს უხარიათ, რომ ლაიქერების რაოდენობა იზრდება, თუნდაც ეს ლაიქერები უმოქმედონი იყვნენ. ყალბი პროფილების შემქმნელებს უხარიათ “იოლი პრიზები”. მე კი ვერაფრით დავადგინე, სინამდვილეში რამდენი მომხმარებელია Facebook-ზე საქართველოდან – ოფიციალური მონაცემებით, ეს რიცხვი 655 700-ია, თუმცა კონკურსების გამო შექმნილი ყალბი პროფილების რაოდენობის დადგენა რთული საქმეა.

არადა, სოციალური მედია მართლა დიდი ძალაა, როგორც აღვნიშნე – აქ შესაძლებელია შედარებით იაფად გაიკეთო რეკლამა და მიიღო მომხმარებლისგან ფასდაუდებელი უკუკავშირი. სამწუხაროა, რომ ქართული კომპანიებისთვის უკუკავშირი “დამილაიქე, რა”-თი შემოიფარგლება.
ახლა რომ ვთქვა, “მინდა, ქართული ბიზნესი გონს მოეგოს და ლაიქების რაოდენობაზე აღარ იციკლებოდეს”-მეთქი, ჩემი ჯინი ისევ დამახინჯებულად ამისრულებს სურვილს, Facebook-ზე გვერდებს საერთოდ გააქრობს და მერე ღამის 4 საათამდე, ნოტიფიკაციიდან ნოტიფიკაციაზე ხტომისას, ვეღარ გავიმართლებ თავს ჯადოსნური სიტყვით: “ვმუშაობ”.

კომენტარები