ქართული მედია

უცხოპლანეტელთა „იმედი”

ადამიანებს, რომლებიც კომპიუტერთან ისხდნენ და სატელევიზიო ინფორმაცია მათთან მხოლოდ ექოდ აღწევდა, ეს ამბავი სასაცილოდ არ ეყოთ. მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ იმედი ნაციონალური მაუწყებელია და ინტერნეტის მომხმარებლის გარდა, მას მთელი საქართველო უყურებს. მეტიც, ბევრისთვის ის ინფორმაციის მთავარი წყაროა. ამდენად, საქმე მთლად სასაცილოდ არ არის. 

თუ რატომ იწვევს ხსენებული სიუჟეტი ამგვარ ირონიას, არც ისე რთული ასახსნელია. 

25 სექტემბერს სააგენტო  weeklyworldnews.com-მა გამოაქვეყნა ინფორმაცია მყვირალა სათაურით – „ნოემბერში დედამიწას თავს უცხოპლანეტელთა ხომალდები დაესხმება”.  შესაძლოა, საკითხში გაუცნობიერებელ მკითხველს ხსენებული „ნიუსის” წყაროები, ერთი შეხედვით, სოლიდურად მოსჩვენებოდა. გავრცელებული ტექსტის ავტორები ირწმუნებიან, რომ უცხოპლანეტელთა მოსალოდნელი ინტერვენციის შესახებ ინფორმაციას SETI-ი (Search for Extraterrestrial Intelligence) ავრცელებს და ამ საშიშროებას თვით WikiLeaks-იც ადასტურებს. ცნობილი ჰაკერული ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტები გვიჩვენებს, რომ NASA და აშშ-ის უმაღლესი ხელისუფლება, დაუპატიჟებელ ხომალდებთან ბრძოლის გეგმას უკვე ამუშავებს. 

რა თქმა უნდა, ამას მხოლოდ გულუბრყვილო ადამიანები დაიჯერებდნენ. ისინი, ვისაც ინტერნეტში ძრომიალმა ჯერ კიდევ ვერ ასწავლა, რომ იქ არსებული ზღვა ინფორმაციიდან დიდი ნაწილი სიცრუე ან ხუმრობაა. ამ ინფორმაციულ ქაოსში ორიენტირებისთვის კი ნაცადი ხერხები არსებობს: მაგალითად, მრავლადაა სააგენტოები, რომელთა სანდოობა საყოველთაოდ აღიარებულია. უკიდურეს შემთხვევაში, ყოველთვის შეგვიძლია, ახალი ამბის გადასამოწმებლად პირველწყაროებს, ამ შემთხვევაში, SETI-ს და WikiLeaks-ის საიტებს მივმართოთ.

საქმე ისაა, რომ სანდოსთან ერთად, ცნობილი სადეზინფორმაციო საიტები და გამოცემებიც არსებობს. ყველაზე სახელგანთქმული The Onion-ია. ზემოთ ხსენებული weeklyworldnews.com-იც ცნობილი სადეზინფორმაციო სააგენტოა – თავის დროზე სატირული ჟურნალი, სადაც გამოგონილი ისტორიები იბეჭდებოდა. მაგალითად, ამ გამოცემის ავტორთა ფანტაზიას ეკუთვნის ბიჭი-ღამურა, გამოგონილი პერსონაჟი, რომელმაც თავისი არსებობის მანძილზე მრავალი გმირობა ჩაიდინა: აწარმოა ომი ტერორიზმის წინააღმდეგ, წაუძღვა შეიარაღებულ ძალებს სადამ ჰუსეინის ასაყვანად, უკბინა სანტა კლაუსს, იმოგზაურა კოსმოსში და ა.შ. weeklyworldnews-ი ამჟამად ვებსაიტის ფორმით არსებობს. სხვათა შორის, მასვე უკავშირდება მარტში გავრცელებული დეზინფორმაცია Facebook-ის მოსალოდნელი დახურვის შესახებ, რასაც ქსელში მასშტაბური რეზონანსი მოჰყვა.
მფრინავ თეფშებზე შეთხზული ამბავი სწრაფად აიტაცეს სხვადასხვა ინტერნეტსააგენტოებმა –  მათ შორის, რუსულმა საიტებმა, ასევე ქართულმა presa.ge-მ და itv.ge-მ. ქართულ ინტერნეტსივრცეში ვითარებას სიცხადე მალე მოეფინა: netgazeti.ge-მ გამოაქვეყნა წერილი, სადაც weeklyworldnews-ის წარმომავლობა გასაგებად ახსნა.

სამაგიეროდ, დეზინფორმაციამ ტელესივრცეში გადაინაცვლა და “ქრონიკის” სიუჟეტში მთელი თავისი „მომხიბვლელობით” წარმოჩინდა. რაც მთავარია, ისეთი სერიოზულობით, როგორიც არხის მთავარ საინფორმაციო გამოშვებას ეკადრება. იმედმა, ხსენებული სააგენტოს მსგავსად, წყაროებად უშუალოდ SETI-ი და WikiLeaks-ი დაასახელა. 

თუ ძალიან მოვინდომებთ, შეგვიძლია, მაყურებლის შეცდომაში შეყვანა სიუჟეტის ავტორთა უყურადღებობას მივაწეროთ – ვის არ შეშლია. ანაც სიზარმაცეს დავაბრალოთ – პირველწყაროების გადამოწმება დაეზარათ. მაგრამ, სიუჟეტის განვითარება ცხადყოფს, რომ სიზარმაცე არაფერ შუაშია: „იმედმა”, მეტი დამაჯერებლობისათვის კიდევ ერთი  წყარო, Guardian-ი მოიხმო, რომლისთვისაც სკანდალური ინფორმაცია   „ინსპირატორად იქცა”:
„Guardian-ი აქვეყნებს სტატიას, სადაც ნათქვამია, რომ უცხოპლანეტელებმა, შესაძლოა, კაცობრიობა გაანადგურონ... იმისათვის, რომ უცხოპლანეტელთა აგრესია არ გამოვიწვიოთ, კაცობრიობა მათ სრულიად მშვიდად უნდა შეეგებოს”, – გვამცნობს სიუჟეტი და ილუსტრაციად გამოცემის საიტიდან აღებულ სტატიას გვთავაზობს. „ქრონიკას” თუ დავუჯერებთ,  Guardian-ი იმასაც ამტკიცებს, რომ მტრულად განწყობილი ობიექტების მოახლოებას WikiLeaks-იც ადასტურებს.  

თუ დაინტერესდებით და Guardian-ის საიტზე მფრინავი ობიექტების მოახლოების შესახებ ინფორმაციის მოპოვებას ეცდებით, უსარგებლოდ დაშვრებით. სამაგიეროდ, შეგიძლიათ მოძებნოთ სიუჟეტში ილუსტრაციად გამოყენებული სტატია, რომელიღაც ფანტასტიკური ჟანრის ფილმიდან აღებული უცხოპლანეტელის სურათით გაფორმებული. პირველ რიგში აღმოაჩენთ, რომ ის დაახლოებით ორი თვით უფრო ძველია, ვიდრე მეცნიერთა შოკისმომგვრელი „აღმოჩენა” მოახლოებული მფრინავი ობიექტების შესახებ.

თუ უფრო შორსაც წახვალთ და კითხვას განაგრძობთ, ნახავთ,  რომ ტექსტი, თავისი აბსურდულობით, იმედის სიუჟეტს დიდად არ ჩამოუვარდება. თუმცა, იქ დედამიწასთან მოახლოებულ მფრინავ თეფშებზე და WikiLeaks-ზე არაფერია ნათქვამი: სტატია პენსილვანიის უნივერსიტეტის მეცნიერთა ერთი ჯგუფის წერილზეა. ეს უკანასკნელნი უცხოპლანეტელებთან დედამიწელთა შესაძლო შეხვედრის  სხვადასხვა სცენარს განიხილავენ – რაღა თქმა უნდა, თეორიულად და ყოველგვარ ემპირიულ მონაცემზე დაყრდნობის გარეშე. იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მსგავსი მონაცემები უბრალოდ არ არსებობს. საბოლოოდ, ვიგებთ, რომ  თუ გადარჩენა გვსურს, სითბური გაზის გამოყოფა და ეკოსისტემაზე ზემოქმედება უნდა შევამციროთ. ასე, თეორიული უცხოპლანეტელები არც „მავნე” ადამიანებისგან დედამიწის გადარჩენას შეეცდებიან, არც პლანეტის ეკოსისტემის ცვლილებას მიიჩნევენ ადამიანური ცივილიზაციის ზრდის მაჩვენებლად – შესაბამისად, საფრთხეს აღარ შეგვიქმნიან.

ბრიტანული გამოცემის მესვეურებს ალბათ არ ესიამოვნებათ, რომ ქართულმა ტელეკომპანიამ მათი პროდუქტი „ტაბლოიდად” მონათლა („ყვითელი პრესის” გაგებით). თუმცა, მთავარი პრობლემა ეს არ გახლავთ.  მით უმეტეს, რომ  ხსენებული სტატია მწვანე „მეცნიერების” ფანტასტიკური ჟანრის დასკვნებზე, ამ ეპითეტისგან არც ისე შორს დგას:  ტექსტი, რომელიც მხოლოდ UFO-თი ზედმეტად გატაცებულ ადამიანებს, ან ორთოდოქს მწვანეებს დააინტერესებთ, თავის მხრივ, Guardian-ის კომპეტენციასაც ეჭვქვეშ აყენებს. მიუხედავად ამისა, ფაქტი, რომ იმედმა მაყურებელი მოატყუა, როცა წყაროდ ნაცნობი გამოცემა დასახელა, არ იცვლება. 

რაც შეეხება Guardian-ის, WikiLeaks-ისა და UFO-ს სამკუთხედს, სინამდვილეში, ყველაფერი შემდეგნაირად მოხდა: გასულ წელს, ჟულიან ასანჟმა Guardian-ის მკითხველთან ვიდეოჩეთში UFO-ს საიდუმლო დოკუმენტების შესაძლო გამოქვეყნების შესახებ მოარულ ხმებს უპასუხა. მან განაცხადა, რომ აქვს მასალები, რომლებიც ამ თემას ეხება, თუმცა მათი გამოქვეყნება არ ღირს. ცხადია, რომ ტელევიზიის მაყურებელი უბრალოდ მოატყუეს, როდესაც ხსენებული „მტკიცებულებები” შეაჩეჩეს.

ეს ქართული ნაციონალური მედიით დეზინფორმაციის შეგნებულად გავრცელების პირველი შემთხვევა არ არის. აქამდეც გვინახავს სიუჟეტები მოსალოდნელ ბირთვულ და სითბურ კატასტროფებზე, კიბოს გამომწვევ შამპუნებზე, „სატანისტ” ბავშვებზე. შესაძლოა, ცალკე აღებულ კონკრეტულ ინფორმაციას საზოგადოებაზე დიდი გავლენის მოხდენა არ ძალუძს – არაფერი აირევა, თუ ადამიანებს იმედი უცხოპლანეტელთა მოახლოების შესახებ ამცნობს. ისინი არც საქმეს გადადებენ და არც გეგმებს შეცვლიან მოსალოდნელი „საფრთხის” გამო. მაგრამ მედიის არაკომპეტენტურობის მორიგ დასტურად ნამდვილად გამოდგება. 

სხვათა შორის, weeklyworldnews-ის ერთ-ერთი ბოლო დეზინფორმაცია გვამცნობს, რომ დედამიწის აღსასრული ამა წლის 21 ოქტომბერს დადგება. ამიტომ, მათ, ვისაც ინტერნეტთან ხელი არ მიუწვდება და ვისთვისაც ტელევიზია ინფორმაციის ერთადერთი წყაროა, ესღა შეგვიძლია ვურჩიოთ: მოუსმინეთ მხოლოდ სიუჟეტის ბოლო, ზრდილობის გულისთვის ნათქვამ წინადადებას – მეცნიერთა ნაწილი ამ ამბავს სკეპტიკურად უყურებს. 

კომენტარები