ინტერნეტის კონტროლი

ლონდონის კონფერენცია კიბერსივრცის შესახებ

კიბერსივრცის გაჩენა და განვითარება ჩვენს სამყაროს და ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას სრულიად ცვლის. ეს უკვე გლობალური პრობლემა გახდა და მოითხოვს გლობალურ და კოორდინირებულ საპასუხო ზომებს. თუმცა დებატები იმის თაობაზე, თუ რა სახის ზომებია მისაღები, დღემდე ფრაგმენტული და არამიზანმიმართული იყო. გაერთიანებული სამეფოს აზრით ეს დამოკიდებულება უნდა შეიცვალოს. სასწრაფოდ უნდა შემუშავდეს საერთაშორისო კონსენსუსი. ამისთვის საჭიროა კოლექტიური ძალისხმევა, რომელშიც ჩართული იქნებიან კიბერსივრცის სფეროში მოღვაწე ადამიანები.

სწორედ ამ მიზნით 1 და 2 ნოემბერს ლონდონის კონფერენციაზე კიბერსივრცის შესახებ მოვიწვიე არა მხოლოდ მთავრობების, არამედ სამოქალაქო საზოგადოების და ბიზნესის წარმომადგენლები. არცერთ მთავრობას ან ქვეყანას პასუხი არ აქვს. ჩვენ ერთად უნდა განვიხილოთ, როგორ შევინარჩუნოთ ინტერნეტის ეკონომიკური და სოციალური სარგებელი და ვიბრძოლოთ კრიმინალისა და კიბერ საშიშროებების წინააღმდეგ ისე, რომ არ ჩავახშოთ მომავალი ინოვაციები.

ინტერნეტის ფრიად ხელმისაწვდომი გახდა: 1995 წელს 16 მილიონი მომხმარებლიდან დღეს 2 მილიარდ მომხმარებლამდე. ინტერნეტ-ქსელის ასეთმა სწრაფმა განვითარებამ შექმნა უზარმაზარი ეკონომიკური და სოციალური შესაძლებლობები, რასაც ვერ წარმოვიდგენდით სულ რაღაც ორი ათწლეულის წინ.

ქსელური სამყაროს გაფართოება ყველას ინტერესში შედის. ქსელის ყოველი 10% გაზრდისას, გლობალური მშპ დაახლოებით 1,3%-ით იზრდება. ეს ხელს უწყობს კონკურენციას და ეფექტურობას და ასევე ახალი ბაზრების შექმნას.

ინტერნეტ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ინდუსტრია ჩვენი ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა. გაერთიანებული სამეფოს ინდუსტრია უკვე 100 მილიარდ ფუნტს აღწევს, ჩვენი სრული მშპ-ს 8%-ის გათვალისწინებით და მოსალოდნელია, რომ მომავალი ოთხი წლის განმავლობაში 10%-მდე გაიზარდოს. მსოფლიო მასშტაბით ელექტრონული კომერცია წელიწადში 8 ტრილიონი დოლარის ბრუნვას გულისხმობს.

სულ უფრო მეტ ქვეყანაში ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, დამოკიდებული ხდება ინტერნეტზე – სამუშაო, ახალი უნარების ათვისება, მეგობრებთან ურთიერთობა და გადასახადების გადახდაც კი.

ინტერნეტ-ქსელი ასევე ხელს უწყობს ინოვაციებს და კრეატიულობას, თაობების განათლებას, თუნდაც იმით, რომ ინფორმაცია და იდეები ადვილად ხელმისაწვდომი გახდა. მხოლოდ გუგლს 1 მილიარდი მომხმარებელი იყენებს ყოველ დღე.

ინტერნეტი შლის გეოგრაფიულ საზღვრებს, ამსხვრევს ტრადიციულ კულტურულ და რელიგიურ განსხვავებებს, აახლოებს ოჯახებს და მეგობრებს და ურთიერთობის საშუალებას აძლევს საერთო ინტერესების და შეხედულებების ადამიანებს. ინტერნეტმა ჩვენი ურთიერთობების ფორმა შეცვალა.

ინტერნეტმა ხელი შეუწყო გამჭვირვალეობას და საშუალება მისცა ადამიანებს აკონტროლონ მათი ხელისუფლება. ზოგ შემთხვევაში ეს შესაძლებლობები უფრო მასშტაბური ხასიათისაა. არაბული სამყაროს საპროტესტო აქციებმა დაგვანახა, რაოდენ დიდი ცვლილებები მოიტანა იდეების გაზიარების შესაძლებლობამ და როგორ დაეხმარა ეს მოქალაქეებს დესპოტური რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში და შესაძლებელი გახადა ეს სისასტიკე მთელს მსოფლიოში გაშუქებულიყო.

საზოგადოებრივი სამსახურის უზრუნველყოფა, საგანგებო მდგომარეობის და სტიქიური უბედურების დროს ზომების მიღება ისევე, როგორც დანაშაულის გახსნა ასევე დიდად გაუმჯობესდა კომპიუტერული ტექნოლოგიის გამოყენებით.

განვითარებად ქვეყნებში ინტერნეტს უკვე შეაქვს ცვლილებები, ბევრ ადამიანს უკეთესი მომავლის საშუალება ეძლევა, ადგილობრივი სოფლის მოსახლეობის განათლებით დაწყებული, შიდსით დაავადებული პაციენტების მანძილზე კონტროლის და დაავადების გაჩენის პროგნოზირების შესაძლებლობით დამთავრებული.

მაგრამ ინტერნეტ სამყაროს განვითარებამ ასევე წარმოშვა სერიოზული პრობლემები, რომლებიც ამ უპირატესობების მნიშვნელობას ამცირებს და საფრთხეს უქმნის კიბერსამყაროს შესაძლებლობების სრულ გამოყენებას.

ბოლო წლებში დიდი მიღწევები გაკეთდა გლობალური კავშირების გასაუმჯობესებლად. თუმცა განაწილება არათანაბარია: ისლანდიაში 95%-ს აქვს ინტერნეტის გამოყენების საშუალება, ხოლო ლიბერიაში მხოლოდ 0,1%-ს. დედამიწის მოსახლეობის ორი მესამედი კვლავ ინტერნეტის გარეშე ცხოვრობს.

კომპუტერული ტექნოლოგია ასევე დიდ შესაძლებლობებს აძლევს კრიმინალებს, რომლებიც ინტერნეტს იყენებენ იდეების მოსაპარად, ატყუებენ მთავრობებს და კომპანიებს და ბოროტად იყენებენ საზოგადოების დაუცველ წევრებს. კიბერდანაშაულის ფინანსური ხარჯი საკმაოდ სერიოზულია, მსოფლიო მასშტაბით წელიწადში 1 ტრილიონ დოლარს აღწევს. ადამიანური მსხვერპლი კიდევ უფრო დიდია. ინტერნეტს ტერორისტებიც იყენებენ შეტევებისთვის და “ჩათის” საშუალებით ავრცელებენ უმსგავს იდეოლოგიას, რათა მიიზიდონ მომავალი თაობის წარმომადგენლები.

რეპრესიული მთავრობები იყენებენ ამ ტექნოლოგიას, რათა დაარღვიონ თავისი მოქალაქეების უფლებები. კრძალავენ გამოხატვის თავისუფლებას და ხელს უშლიან იმ ინფორმაციის მიღებას, რაც ბევრი ჩვენთაგანისთვის ადვილად ხელმისაწვდომია. ასევე გაჩნდა ახალი შესაძლებლობები სახელმწიფოებისთვის ერთმანეთზე შეტევისთვის. მათ ინფრასტრუქტურის განადგურების და საიდუმლოების მოპარვის საშუალება მიეცათ. ამან შექმნა “კიბერ ომის” საფრთხე. ეს საფრთხე რეალურია: ბრიტანეთის მთავრობის ქსელში ყოველ თვე 20,000 არაკეთილმოსურნე წერილი მოდის. აქედან 1,000 განზრახ გამოგზავნილია ქსელზე შეტევისთვის.

ჩვენ კარგად გვესმის რა სიძნელეები გველის წინ. ზოგიერთი ქვეყანა ჩვენს შეხედულებებს არ იზიარებს ინტერნეტის პოზიტიური გავლენის შესახებ. ფართო საერთაშორისო კონსენსუსის მიღწევა ადვილი არ იქნება. ამას დრო დასჭირდება.

ეს ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა. ინტერნეტს არავინ აკონტროლებს. მის მომავალს ბედს ვერ მივანდობთ. ჩვენ გვაქვს ინოვაციური მომავლის შესაძლებელობა, მაგრამ ამავე დროს ვდგავართ საფრთხის წინაშე, რომ ინტერნეტი გამოყენებული იქნება ზიანის მისაყენებლად. მოქმედება ახლავე უნდა დავიწყოთ, თუ გვინდა, რომ შევინარჩუნოთ უზარმაზარი შესაძლებლობები, რომლებსაც კიბერსივრცის განვითარება გვთავაზობს.

ლონდონში გვინდა შევადგინოთ პროგრამა, რომელიც საშუალებას მისცემს მსოფლიოს, რომ მომავალმა თაობებმა სრულად ისარგებლონ უსაფრთხო კიბერსივრცით.

გამოხატეთ თქვენი აზრი: თქვენც შეგიძლიათ მონაწილეობის მიღება. წარადგინეთ თქვენი კითხვები და შეხედულებები კიბერსივრცის მომავლის შესახებ ტაბულას Facebook-ის გვერდზე http://www.facebook.com/tabula.ge  ზოგიერთი მათგანი კონფერენციის მსვლელობისას მიეწოდებათ დელეგატებს. იმედი მაქვს გამოიყენებთ ამ შესაძლებლობას, რადგან ამ პრობლემების გადაწყვეტა მხოლოდ მთავრობების ხელში არ არის.

კომენტარები