ტელევიზია

მაესტროს კრიზისი

ტელეკომპანია მაესტროს დამფუძნებლებსა და მის მმართველს შორის ატეხილი აურზაური გრძელდება. არხი საგანგებო რეჟიმში მუშაობს. ჯერჯერობით გაურკვეველია, თუ რამ გამოიწვია დამფუძნებლების და მმართველის დაპირისპირება. 

ეროსი კიწმარიშვილის თქმით, რამდენიმე დღის წინ მაესტროს ღობეზე იმიტომ გადაძვრა, რომ დამფუძნებლებმა მისი გვერდის ავლით „მეტი ფულის შოვნა” მოინდომეს. თავის მხრივ, დამფუძნებლები ამტკიცებენ, რომ არხის მმართველმა, ბოლო დროს, ტელევიზიის შიდა სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევა სცადა. ამის გამო მასთან 2 წლის წინ გაფორმებული კონტრაქტის გაწყვეტა განიზრახეს. 

მხარეები იმაზე დავობენ, ჰქონდა თუ არა კიწმარიშვილს არხის ხელმძღვანელების და, ამავდროულად, დამფუძნებლების: მამუკა ღლონტის, ლევან ჩიკვაიძის და სხვა პირების სამსახურიდან გათავისუფლების უფლება, იყო თუ არა უკანონო მაესტროს მმართველის  ტელეკომპანიის შენობაში შესვლა; რამდენად შეესაბამებოდა კანონს დამფუძნებლების მიერ მმართველ კომპანიასთან კონტრაქტის გაწყვეტა. თუმცა რამ მიიყვანა ამ სტადიამდე საქმე – ბუნდოვანია.   

მამუკა ღლონტმა მაესტროს გულშემატკივრებს უთხრა, რომ ოპოზიციურ არხს და სიტყვის თავისუფლებას, ეროსი კიწმარიშვილის ხელით, სააკაშვილი და მისი ხელისუფლება ებრძვის. ამის დასტური, მისი აზრით, ისაა, რომ პატრული კიწმარიშვილს შენობიდან არ აგდებდა. ეროსი კიწმარიშვილის განცხადებით, მასსა და მაესტროს დამფუძნებლებს შორის კონფლიქტი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურმა გააქტიურებამ განაპირობა – კერძოდ, ბიზნესმენის მზადყოფნამ, რომელიმე ტელეკომპანია სამმაგ საბაზრო ფასად შეიძინოს. 

კიწმარიშვილმა საკუთარი ვერსიის გასამყარებლად განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი მამუკა ღლონტს შეხვდა კიდეც. მანამდე, მილიარდერის სახელით მაესტროს საკითხზე დამფუძნებლებთან მოლაპარაკებებს გია ხუხაშვილი აწარმოებდა. ამ უკანასკნელმა ნათქვამს გამონაგონი უწოდა. 

თავის დროზე ივანიშვილის შეთავაზებას კიწმარიშვილიც და ღლონტიც გამოეხმაურნენ. პირველმა მას მმართველი კომპანიის ერთ ლარად მიყიდვა შესთავაზა, მეორემ კი მოლაპარაკებები – ოღონდ იმ პირობით, თუ ივანიშვილი მაესტროს ჟურნალისტებს მოუბოდიშებდა, მათი მისამართით გამოთქმული ბრალდებების გამო. 

მაესტროში მიმდინარე მოვლენების ახსნა ვერც იმ მედიატორებმა შეძლეს, რომლებიც დაპირისპირებული მხარეების სურვილით მოლაპარაკების პროცესში ჩაერთვნენ. ვითარება გამოუვალია, შენობა ბლოკირებულია, აუცილებელია ჟურნალისტებს მიეცეთ მუშაობის საშუალება, – განაცხადეს მათ. გამოსავალი ღლონტმა მოძებნა: დატოვა მაესტროს შენობის მის მიერ ბლოკირებული ნაწილი, თან გაიყოლა ჟურნალისტები და ოპერატორები, წაიღო ვიდეოტექნიკა და მაესტროს მაუწყებლობა რადიო მაესტროს სტუდიიდან განაახლა.   

კიწმარიშვილმა, როგორც მმართველმა, კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას მოსთხოვა, გაეწყვიტა ტელეკომპანია მაესტროს სიგნალის გადაცემა. პასუხად უარი მიიღო. კომისიამ განმარტა, რომ ტელეკომპანიას მაუწყებლობა მოძრავი სადგურის საშუალებითაც შეუძლია. რაც შეეხება ლიცენზიას, მაესტროს დამფუძნებლებს და მმართველ კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, მაუწყებლობის ლიცენზია მმართველი კომპანიის ხელში ვერ აღმოჩნდება.

ღლონტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ შენობის დატოვების გადაწყვეტილება “სამოქალაქო დაპირისპირების” თავიდან აცილების მიზნით მიიღო და კიწმარიშვილს ხელისუფლების დაკვეთის შესრულებაში დასდო ბრალი. კიწმარიშვილმა მაესტროს კრიზისში ღლონტი დაადანაშაულა და თქვა, რომ ხელისუფლების წისქვილზე წყალი სწორედ ამ უკანასკნელმა დაასხა.  

ურთიერთბრალდებები არ წყდება. დამფუძნებლებმა გენერალურ პროკურატურას კიწმარიშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა მოსთხოვეს. კიწმარიშვილი იმუქრება, რომ სასამართლოში იჩივლებს და მაესტროს 100%-იანი წილის დაყადაღებას მოითხოვს.  

კომენტარები