ძალიან სევდიანია, როცა შენს ქალაქში წიგნების მაღაზიების ჩამოსათვლელად ერთი ხელის თითებიც კი საკმარისია. ძალიან სევდიანია, როდესაც ერთ წიგნის მაღაზიაში წიგნებზე მეტი კრემიანი ნამცხვრის ნაჭერია, მეორეში 2 წიგნის ფასი ამ მაღაზიის წიგნების რაოდენობას აღემატება, მესამეში კი უმცირესობაში მყოფი წიგნები, „საკანცელარიო მასკულტურის” აბსოლუტური დიქტატის ქვეშ იმყოფებიან.
ძალიან სევდიანია.
და თუ მაინც, ამ მაღაზიებში შესვლისას შეძელი და გადალახე ამდენი ნამცხვრის (ტარტალეტკისა და ჩიზქეიკის) სურნელის, ფულის დაზოგვის, ჭრელა-ჭრულა პაჭი-პუჭების ცდუნება და მაინც წიგნის ყიდვა არჩიე, არ გეგონოს, რომ უკვე “ფინალში ხარ”. თუ თითოეული მაღაზიის წიგნების საძიებო აბსოლუტურად ორიგინალური მეთოდი არ იცი, ყველაზე რთული ეტაპი კიდევ წინ გაქვს.
ხშირად წარმატებული მცდელობის მიუხედავად, დღემდე მიჭირს ბოლომდე გავშიფრო ეს საძიებო კოდების სისტემა... რა პრინციპით უნდა ვეძებოთ წიგნი?.. ყველა მაღაზიას თავისი საიდუმლო აქვს. თბილისში ყველაზე გავრცელებული ორი მეთოდია.
1. განთავსება ერთმანეთზე, ტეტრისის პრინციპით ან, თუ გნებავთ, ქართული ტრადიციული სუფრის პრინციპით როდესაც წიგნები ერთმანეთზე უსასრულობამდე უსწორმასწოროდ შემოწყობილ-შემოგვერდებულია და თუ ფიზიკური ძალა ან ხელის მოქნილობა არ გაქვს, ვერც უბრალოდ დაათვალიერებ, ვერც სასურველ წიგნს მოძებნი და ვერც უხერხულობის გრძნობას გაექცევი იმის გამო, ასეთი მოუქნელი რომ ხარ და ახორხლილი წიგნები იატაკზე გადმოგეყარა.
2. განთავსება ანბანის მიხედვით. ამ თითქოს იოლ და მისაღებ მეთოდში მოულოდნელი ფინტი მაინც იმალება ანბანურ საძიებელში პრიორიტეტი ხან მწერლის სახელის, ხან კი გვარის პირველ ასოს ენიჭება. რა შემთხვევაში რომელს, ვერ გეტყვით, ამიტომ ამ პრინციპით ჩამწკრივებული წიგნები ხშირად აბსურდულ ქრონოლოგიურ ან ჟანრულ მეზობლობას ქმნიან. თუ კონკრეტული ავტორის წიგნს ეძებ, კიდევ რა უჭირს, ორი ცდა ჯერ სახელის, მერე გვარის პირველი ასოს მიხედვით და Bingo! მაგრამ თუ შენთვის ახალი მწერლის ან ახალი
წიგნის მოძებნა გინდა, თუ მდგრადი ფსიქიკა არ გაქვს, კალეიდოსკოპური შიზოფრენია გარანტირებულია.
სამაგიეროდ, და კიდევ კარგი, თუ ამ ყველაფრის შემდეგ მიაგენი წიგნს, თავი ჯეიმს ბონდი გგონია. ფიზიკურად და მენტალურად დაღლილს, მაგრამ საკუთარი გმირობით ამაყს, ამ წიგნში გადასახდელი არაადეკვატურად დიდი თანხა უკვე არ გენანება. იხდი და გულში ჩახუტებული მიგაქვს შენი წიგნი ტიპოგრაფიული ქაოსიდან, საკონდიტრო-ჯოჯოხეთიდან, საკანცელარიო ტყვეობიდან დახსნილი, მძიმე და პრიალა ალბომების პირამიდებიდან გამოთხრილი და თავისი სიძვირის გამო „გაუყიდავის” სამარცხვინო სტატუსს არიდებული.
P.S. ყველა ზემოჩამოთვლილი პრობლემა არ შეგეხებათ, თუ ეძებთ წიგნს სათაურით „მე, ჯეიმს ბონდი და მსოფლიო ჩიზქეიკი” ის ყველა მაღაზიაში ყველაზე გამოსაჩენ ადგილზეა.
ჟან-კრისტოფ გრანჟე
Jean Christophe GrangéLe serment des limbes
განსაწმენდელის ფიცი
Figaro-ს შეფასებით, გრანჟე თავისი ჟანრის გენიოსია. მე ამ აზრს ბოლომდე ვიზიარებ და ამიტომ, ამ ზამთარს წასაკითხად გრანჟეს უკვე მეორე რომანს გთავაზობთ. იმიტომ კი არა, რომ სხვა ვერავინ მოვიფიქრე! იმიტომ, რომ მინდა თანააღმფრთოვანებლები მყავდეს.
Le serment des limbes თანამედროვე თრილერია, დაძაბული და საშიში. სადაც საშიშროების მთავარი წყარო ადამიანია. ამ რომანის კითხვისას გრანჟე დაგანახებთ ყოველდღიური, მშვიდი ცხოვრების საპირისპირო, დაფარულ მხარეს. ამ რომანში გაიგებთ რისი ჩამდენია ადამიანი, თუ მისი ფსიქიკის მწყობრ სისტემაში ფუჭდება სამუხრუჭე მექანიზმები. გრანჟე აგიხსნით, რომ ადამიანის ნათელი და ბნელი მხარეების დისბალანსი, საქციელების და გადაწყვეტილებების მოტივაცია ეს ყველაფერი ბავშვობიდან მოდის. თუ ბავშვობაში ფსიქოლოგიური ტრავმა მიიღეთ ან სასტიკად გექცეოდნენ, შეეგუეთ აზრს, რომ თქვენ პოტენციური მკვლელი-მანიაკი ხართ.
სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში მხეცურად მოკლულ ახალგაზრდა დანიელ ტურისტ გოგოს პოულობენ. პლაჟზე განმარტოებით მდგომი ბუნგალო, სადაც მის დასახიჩრებულ გვამს აღმოაჩენენ, დაივინგის ყოფილ მსოფლიო ჩემპიონს ჟაკ რევერდის ეკუთვნის. ერთხელ, ადრე, სპორტსმენი უკვე იყო ეჭვმიტანილი მძიმე და სასტიკ დანაშაულში, მაგრამ არასაკმარისი სამხილების გამო გაანთავისუფლეს. რივერდი აბსოლუტურ პროსტრაციაშია და ხმას არ იღებს. მას ფსიქიატრიულ კლინიკაში მოათავსებენ. ყოფილი მსოფლიო ჩემპიონის, სავარაუდოდ, უსასტიკესი მკვლელის უცნაური და იდუმალი ისტორიებით ჟურნალისტი მარკ დუპეირა დაინტერესდება. სასტიკ მკვლელზე ის სასტიკ ექსპერიმენტს ატარებს იწყებს წერილების წერას კლინიკაში, ახალგაზრდა, ლამაზი, სექსუალური, მაგრამ მიამიტი გოგოს სახელით. დუპეირას თავდაპირველი მიზანი რევერდის გულახდილობაზე გამოწვევა იყო, მაგრამ ჟურნალისტის შინაგანი დემონები, თურმე, მხოლოდ სასურველ მომენტს ელოდნენ. არსებობს ზღვარი, რომლის გადალახვისას უკან დასაბრუნებელი გზა აღარ რჩება.
გრანჟესთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომანის გეოგრაფია, ზოგადად, მისი ყველა წიგნის ერთ-ერთი მთავარი „ფიშკა” თავისი დაუჯერებელი სისასტიკის გამო თითქოს ძალით მოგონილ საშინელებებს შორის უცებ ჩნდება რეალური ქალაქები, რეალისტურად დეტალიზებული და ახლო ხედით დაზუმებული, იმდენად დოკუმენტური, რომ სულ ელი ასეთ წინადადებას „ჟაკ რევერდი კუსტოს გუნდში მუშაობდა”.
მოკლედ, Le serment des limbes შესანიშნავი დეტექტივია, არაჩვეულებრივი თრილერი. დიახ ისევ მანიაკი, დიახ მათზე ულევი დაწერილა, კი ბატონო ზედმეტად შოკისმომგვრელი დეტალები და სისხლიც ზომაზე მეტი. მაგრამ აბსოლუტურად არატრივიალური სიუჟეტი, არავითარი მომაბეზრებლად მდორე პოლიციური გამოძიება, ნამდვილი, ხორციანი ტექსტი და პროფესიონალური ენა. მთლიანობაში წიგნი მძიმე ნალექს ტოვებს ძალიან ბევრი ჭუჭყი და სისასტიკეა, შეუხედავი, ბინძური და საშიში გულახდილობაა. გრანჟეს აღარ აკმაყოფილებს უბრალოდ კარგი, დაძაბული დეტექტივი. ეს რომანი ამაზრზენად გადამდები, ფიზიოლოგიური საზიზღარი დეტალებით თავბრუსდამხვევი თხრობაა. დამნაშავე თავიდანვე ცნობილია ფსიქიატრიულ კლინიკაში ჩაკეტილი მანიაკი სასიკვდილო განაჩენს ელოდება, თითქოს რა უნდა ემუქრებოდეს ცნობისმოყვარე ჟურნალისტს?.. მაგრამ... წიგნის ფინალი ძალიან შთამბეჭდავია. დაიწყეთ ამ რომანის კითხვა და ბნელის ძიება საკუთარ თავში.
ბორის აკუნინი
Борис Акунин квест (1930, 1812)
კვესტი (1930, 1812)
ბორის აკუნინი იგივე გრიგოლ შალვას ძე ჩხარტიშვილია. ის 1956 წელს ზესტაფონში დაიბადა. მამა შალვა ჩხარტიშვილი არტილერიის ოფიცერი იყო, დედა ბერტა ისააკის ასული ბრაზინსკი რუსულის მასწავლებელი. 1958 წლიდან ოჯახი საცხოვრებლად მოსკოვში გადადის. პატარა გრიგოლი 1973 წელს მოსკოვის ინგლისურ სკოლას ამთავრებს და სწავლას აზიისა და აფრიკის ქვეყნების ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე განაგრძობს. აქვს ისტორიკოს იაპონიისმცოდნის დიპლომი. სწორედ ამიტომ, გრიგოლ ჩხარტიშვილი იაპონური (მისიმა იუკიო, კობო აბე) და ინგლისური (კორგესან ბოილი, მალკოლმ ბრედბერი და სხვა) ლიტერატურის საკმაოდ კარგი და ცნობილი მთარგმნელია.
1994-2000 წლებში ჟურნალ Иностранная литература-ს მთავარი რედაქტორის მოადგილეა, არის იაპონური ლიტერატურის ანთოლოგიის ოცტომეულის მთავარი რედაქტორი და სოროსის ფონდის მეგაპროექტის პუშკინის ბიბლიოთეკის გამგეობის თავმჯდომარე. გრიგოლ ჩხარტიშვილი ცნობილია რუსეთის ხელისუფლების მიმართ მძაფრი კრიტიკით და მკვეთრი გამონათქვამებით. ასე მაგალითად, გაზეთ Libération-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, მან პუტინი კალიგულას შეადარა. ცნობილ ЮКОС-ის საქმეს ჩხარტიშვილმა „პოსტსაბჭოთა სასამართლოს მრავალთა შორის, ყველაზე სამარცხვინო ფურცელი” უწოდა. 2010 წელს, ხოდორკოვსკისა და ლებედევისათვის მეორე განაჩენის გამოტანის შემდეგ, საჯაროდ განაცხადა რუსეთის „ამპუტინაციის” გეგმის აუცილებლობაზე.
ეს რაც შეეხება გრიგოლ ჩხარტიშვილს. 1998 წლიდან ის იწყებს მხატვრული ლიტერატურის წერას და ამიერიდან ბორის აკუნინია. ბორისი საყვარელი დედის, ბერტას სახელის პატივსაცემად, იაპონური სიტყვა „აკუნინ” (იეროგლიფი 悪人) კი ქართულად დაახლოებით ასე ითარგმნება: „ყაჩაღი, რომელიც ძლიერი და ურყევი ნებისყოფის ადამიანია”.
2000-იანების დასაწყისში მე და ჩემ ირგვლივ ყველა, ბორის აკუნინს კითხულობდა. წასაკითხი კი მართლაც ძალიან ბევრი აქვს. მარტო ყველაზე პოპულარული რომანების სერია „ახალი დეტექტივი (ერასტ ფანდორინის თავგადასავლები)” 11 რომანისგან შედგება. მარტო ფანდორინის პერსონაჟის შექმნისათვის აკუნინი იმსახურებს, რომ, ჩემი უხეში დათვლებით, მისი 40-მდე რომანიდან რამდენიმე მაინც წაიკითხო. ერასტ ფანდორინი ჭკვიანი, ირონიული, დახვეწილი გამომძიებელი, ძალიან სიმპათიური ახალგაზრდული სახით, ასაკისთვის შეუფერებელი და ამიტომ დამაინტრიგებელი ჭაღარა ბაკებით, დრამატული წარსულით და მშფოთვარე აწმყოთი. ის უფრო ანალიტიკოსია, ვიდრე გამომძიებელი, თითქმის რუსი შერლოკ ჰოლმსი, ისეთივე ქარიზმატული და, რაც მთავარია, დამაჯერებელი პერსონაჟი. ბორის აკუნინი კი კარგი მწერალი, მაგრამ მანამდე, ვიდრე არ გადაწყვეტს საკუთარი ლიტერატურული იმპერია შექმნას, ghost writer-ებითა და ექსპერიმენტული ლაბორატორიებით. აკუნინი ბოროტი მეცნიერ-კონსტრუქტორია მან ლიტერატურა შემადგენელ ნაწილებად დაანაწევრა და ამ ელემენტების შეუთავსებელი გადანაცვლებებით ერთობა. მაგრამ ჩვენც რომ გვართობს?!
რომანი „კვესტი (1930, 1812)” ამავდროულად რომანი-კომპიუტერული თამაშია. ეს არის წიგნი, რომელიც იკითხება კიდეც და ითამაშება კიდეც. მძაფრსიუჟეტიანი რომანი აგებულია კომპიუტერული თამაშების კანონებითა და ლოგიკით. ავტორი მკითხველს სთავაზობს ფანტასტიკურ შესაძლებლობას, წიგნის მთავარ გმირთან ერთად ამოხსნას კაცობრიობის ერთ-ერთი მთავარი საიდუმლო, რისთვისაც მოუწევს იმოგზაუროს 30-იანი წლების საბჭოთა კავშირში და იქიდან, კიდევ უფრო ადრეულ ეპოქაში. პირდაპირ გაგაფრთხილებთ, რომ ამ წიგნის წაკითხვა ორიგინალშია სასურველი, ანუ ელექტრონული ვერსიით ინტერნეტში ან ელექტრონულ დივაისებში, მთელი თავისი მულტიმედიური ფინტებით. მხოლოდ ასე ისიამოვნებთ სრულყოფილად ავტორის ჩანაფიქრით.
“კვესტი” ორმაგძირიანი რომანია, უფრო სწორად ორი დამოუკიდებელი რომანი, რომელიც ერთმანეთს მინიშნება-კოდების მეშვეობით უკავშირდება. წიგნის მთავარი ხაზი ე.წ. გენიალობის ექსტრაქტის ძიებას შეეხება. აქ დროდადრო დეტექტივი science fiction-ში გადადის და „ტვინის ჭყლეტის” მოყვარულებს სასიამოვნო შეგრძნებებს ჰპირდება.
1930 წელი. ამერიკელი მილიონერი როტველერი მეცნიერ-დივერსანტთა ჯგუფს, სპეციალური საიდუმლო დავალებით საბჭოთა რუსეთში აგზავნის. მოსკოვის სამთავრობო ლაბორატორიებში “გენიალობის შრატზე” მუშაობა საბოლოო სტადიაში შედის. ამერიკელებმა უნდა იპოვონ და გაანადგურონ ეს პროექტი, ვიდრე მას ბოროტი კომუნისტები ბოროტად გამოიყენებენ. შესაძლებელია, ეს აკუნინის ყველაზე ფანტასტიკური ჟანრის ნაწარმოებია ყოველ ლეველზე ტექნიკის და ადამიანური გამომგონებლობის ახალ-ახალი ფოკუსებია, ფინალი კი მთლად ამერიკული “მთიელის” საკადრისია. საბოლოოდ, მშვენიერი გასართობი საკითხავია, უამრავი click-ებით და back-ებით. საუკეთესო კომერციული წიგნი, მაგრამ მაინც „ერთჯერადი” ერთი ამოსუნთქვით იკითხება, მაგრამ დასრულებისას მისკენ გახედვაც კი არ გინდა, არ გახსენდება.
და მაინც, ბოლომდე ვერ გაიგეთ რაში მდგომარეობს ამერიკელი მეცნიერის მისია საბჭოთა კავშირში? გინდათ იცოდეთ მეტი, ვიდრე გალტონ ნორდმა? მაშინ წაიკითხეთ „კოდები” ეს რომანის კიდევ ერთი, ფარული ლეველია.
და კიდევ, თუ გიყვართ კომპიუტერული შუთერები და კვესტები, ან თუ კითხულობთ ყველაფერს, რასაც აკუნინი წერს, წაიკითხეთ „კვესტი”. თუკი აკუნინის ჯერ არაფერი წაგიკითხავთ, დაიწყეთ მისი გენიალური „აზაზელით”.